Thumbnail
  • როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონთა ლიგა ბარსელონას გარეშე გრძელდება
  • თომას მიულერმა განმარტა, რა დაემართა ბარსას მისი აზრით (ფინანსური კრიზისის გარდა)
  • ჩემპიონთა ლიგაში ბარსა უკვე ბაიერნის საყვარელი მეტოქეა

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ბოლოს ზუსტად 21 წლის წინ ვერ გადალახა, ევროპალიგაზე კი (მაშინ უეფას თასი ერქვა) ბოლოს 17 წლის წინ ითამაშა. ფეხბურთში ეს ძალიან დიდი დროა, ახლა კი, კატალონიურ გრანდს ასეთი რეალობა კიდევ ერთხელ დაუდგა. 

“ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ ჯგუფში მოვლენები ასე განვითარდებოდა. ვერ ვიფიქრებდი, რომ ბარსელონა აქამდე დაეცემოდა,” - განაცხადა ბაიერნისა და ბარსას დაპირისპირების (3:0) შემდეგ DAZN-ის მიკროფონში მიუნხენელთა ლიდერმა თომას მიულერმა.

კატალონიურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის 6 თამაშში მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო და ის ორიც კიევის დინამოს გაუტანა (1:0, 1:0). ბარსას ფინანსური პრობლემების შესახებ ყველამ იცის, მაგრამ მიულერმა მატჩის შემდეგ კატალონიელთა ფიასკოს სპორტული თვალსაზრისით ახსნაც სცადა.

“თუ გუნდს შეხედავ, ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით სუპერ-ფეხბურთელები ჰყავს, - ამბობს მიულერი, რომელმაც ბარსელონას მეშვიდე დუელში მერვე გოლი გაუტანა (50-ე გოლი ჩემპიონთა ლიგაში), - მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ფეხბურთში ამჟამად არსებულ ინტერნსიურობას ფეხს ვეღარ უწყობენ. ცხადია, ეს საჩვენოდ გამოვიყენეთ.”

მიულერმა ბარსელონას მეშვიდე დუელში მერვე გოლი გაუტანა

მიულერს ხმაზე ეტყობოდა, რომ ბარსელონას ფიასკოზე ლაპარაკი არ სიამოვნებდა - თქვა კიდეც, რომ ბარსას პატივს სცემს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე, მიუნხენელებს უფლება არ ჰქონდათ, ბარსელონასთვის გადამწყვეტ მატჩში ბოლომდე არ დახარჯულიყვნენ. 

“ბარსელონასთან რაღაცნაირად მსუბუქად ვთამაშობთ ხოლმე და ყველაფერი გამოგვდის,” - ესეც მიულერის სიტყვებია. ყველას ყველაფერი ახსოვს, მაგრამ მაინც: ჩემპიონთა ლიგის დუელებში ბარსელონას ბაიერნთან ბურთების შეფარდება -15 აქვს. ამით ბაიერნი ბარსასთვის ყველაზე საშიში მეტოქეა. მეორე ადგილზე კი მადრიდის ატლეტიკო და ვალენსია არიან (-2).

იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ლიონელ მესისთან ერთად, კატალონიელები სხვა გრანდებს ხშირად უტარებდნენ საფეხბურთო გაკვეთილებს, ბაიერნთან მუდმივად პრობლემები ჰქონდათ. თავად განსაჯეთ: ბარსამ რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგის 10 დუელიდან მხოლოდ 2 მოუგო, ბურთების შეფარდება კი ასეთია: 13:28. ბოლო სამი შეხვედრა კი ბარსელონას პერსპექტივიდან ასე დასრულდა: 2:8, 0:3, 0:3.

კომენტარები

ბოლო ამბები