Thumbnail
  • მაშინდელი ბარსელონა დღევანდელივით უიმედოდ არ გამოიყურებოდა
  • 'ბლაუგრანაში' რივალდო, ლუის ენრიკე და გვარდიოლა თამაშობდნენ
  • ჯგუფში ჩარჩენილი ბარსა ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე გატანილი გოლებით მე-3 იყო

გუშინ, 8 დეკემბერს, ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბაიერნთან 0:3 წააგო და პლეი-ოფში ვერ გავიდა. ასეთი რამ კატალონიელების ისტორიაში ბოლოს 2000 წელს მოხდა, 21 წლის წინ… მას შემდეგ გუნდი პლეი-ოფში სულ თამაშობდა (2004 წლის სეზონის გარდა, როცა ასპარეზობა უეფას თასზე დაიწყო). 

მიუნხენური წარუმატებლობიდან წარსულში გადავინაცვლოთ. მაშინ ასეთი უიმედო მდგომარეობა არ იყო, ბარსა ჯგუფში ლიდსთან, ბეშიქთაშსა და მილანთან კი ჩარჩა, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლებით მესამე შედეგი ჰქონდა (მეტი მხოლოდ რეალმა და პსჟ-მ გაიტანეს), თან გუნდში “ოქროს ბურთის” მფლობელი რივალდო თამაშობდა.

1997 წლიდან 2000 წლამდე ლუი ვან გაალმა ბარსა ორჯერ გააჩემპიონა, ესპანეთის თასი და უეფას სუპერთასიც მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ აღწევდა: პირველი ორი წელი ჯგუფიდან ვერ გადიოდა, ბოლოს ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. ნიდერლანდელს ურთიერთობა ფანებსა და მედიასთან გაუფუჭდა, თვითონ კი ჩვეულ თემაზე წუწუნებდა: ჩემი ფილოსოფიის დანერგვა მიჭირს, რადგან ფეხბურთელებს მასთან მორგება არ უნდათო. მაგალითად, რივალდოს ცენტრში თამაში უნდოდა, ვან გაალი და მარცხნივ დადგომას სთხოვდა… 1999/2000 წლების სეზონი ტიტულის გარეშე დაამთავრეს და ვან გაალიც წავიდა, თან ასისტენტები - ჟოზე მოურინიო და რონალდ კუმანიც თან გაიყოლა. სამწვრთნელო შტაბთან ერთად კი კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ ნუნიესიც წავიდა, რომელიც 'ბლაუგრანას' სათავეში 22 წელი ედგა. 

ლორენცო სერა ფერერი

ნუნიესის ნაცვლად ჟოან გასპარი დაინიშნა, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც 1996 წელს ოფიციანტის ფორმა მოიცვა და რივალდოსთან ისე შეიპარა, რათა ბარსაში გადასვლაზე თანხმობა მიეღო. ახალმა პრეზიდენტმა პირველივე სატრანსფერო ფანჯრისას ლუიშ ფიგუ რეალში 60 მილიონად გაყიდა, ამ ფულით კი მარკ ოვერმარსი, ემანუელ პეტი, ხერარდ ლოპესი და ალფონსო იყიდა...

გასპარი დიდხანს ეძებდა ახალ მწვრთნელს და ბოლოს ლორენცო სერა ფერერს მიაგნო, რომელსაც კარიერაში ტიტული არასდროს მოეგო და ბოლოს სამი წელი მწვრთნელის მოვალეობებს არც ასრულებდა და კლუბის დირექტორი გახლდათ.

იმ პერიოდში ესპანელი მწვრთნელები მოდაში იყვნენ. ირურეტამ დეპორტივოსთან ერთად პრიმერა მოიგო, დელ ბოსკემ რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა. თანაც, ფერერს მკაცრი მწვრთნელის სახელი ჰქონდა. ბარსელონაში გატარებულ პირველივე დღეს ფერერმა განაცხადა, რომ კრუიფის იდეების მიმდევარი იყო და ლაღი, შემტევი გუნდის შექმნა სურდა. მაგრამ პრიმერადივიზიონის საწყის 4 ტურში კატალონიელები 2-ჯერ დამარცხდნენ, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოჰყვა…

თან, ერთი საინტერესო ამბავიც უნდა გაგაცნოთ, რომელიც ემანუელ პეტიმ 2016 წელს გაიხსენა:

“დუტრუელმა (მეკარე) მწვრთნელის სიტყვები მითარგმნა და უცებ გაშეშდა. 5 წუთის შემდეგ ჩემსკენ შემოტრიალდა და დაბნეული თვალებით მკითხა: “მწვრთნელს აინტერესებს, რა პოზიციაზე თამაშობ.” ჯერ მწვრთნელს შევხედე, მერე რიშარს, ხომ არ მეხუმრება-მეთქი. ვუპასუხე: “ჰკითხე სად იყო ბოლო 2 წელი. სადმე ჩაკეტილი ან გატაცებული ხომ არ ჰყავდათ? ან იქნებ ეს პერიოდი ჯუნგლებში გაატარა, სადაც ტელევიზორი არ ჰქონდა?”

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი პეტი ბარსელონას შემადგენლობაში

ტელევიზორზე რა მოგახსენოთ, ჩემპიონთა ლიგა კი გუნდმა კარგად დაიწყო - პირველ ტურში ლიდსი 4:0 გაანადგურეს. თუმცა, სექტემბრის მეორე ნახევარი ბარსამ ტურბულენტურ ზონაში გაატარა… ჯერ პრიმერაში ბილბაოსთან წააგეს, შემდეგ გასვლაზე ბეშიქთაშთან (0:3) და 1 კვირის შემდეგ - შინ მილანთან (0:2).

ოქტომბერში გუნდმა რეაბილიტაცია მოახერხა. მილანთან, “სან სიროზე”, ჩემპიონთა ლიგის იმ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. იტალიელებს შევჩენკო, მალდინი, გატუზო და ბირჰოფი ჰყავდათ, ბარსას რივალდო, ლუის ენრიკე, ჩავი, პუიოლი… და “ჯუზეპე მეაცაზე” შეკრებილი 80 000 გულშემატკივარი, რომელიც ნამდვილი დრამის მომსწრე გახდა. რივალდომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მილანიდან დუბლით ალბერტინიმ უპასუხა, ერთი გოლი ხოსე მარიმ შეაგდო და მატჩი 3:3 დასრულდა. 


რივალდო ცალკე ისტორიაა, რომელიც იმ დროს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ბრაზილიელი ისე მიათრევდა კატალონიელებს, როგორც შეეძლო - ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს ქულები მილანსა და ლიდსთან (გასვლაზე 1:1, გოლი ბოლო წუთებზე შეაგდო).

2000/01 სეზონში ბარსელონას საუკეთესო ბომბარდირი - რივალდო

ჯგუფში ბარსელონამ ყველაზე მეტი - 13 ბურთი გაიტანა, მათგან 6 რივალდოს ანგარიშზე გახლდათ. სეზონის ბოლოს კი ყველა ტურნირზე გატანილი 36 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამან ბარსას ჩემპიონთა ლიგაზე ვერ უშველა, ბოლო ტურში ბეშიქთაშს 5:0 კი მოუგეს, მაგრამ ლიდსმა მილანთან “სან სიროზე” ფრე ითამაშა, ბარსელონას 1 ქულით აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, რომელიც, იმ დროს კიდევ ერთი ჯგუფური ეტაპი იყო. 

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ გუნდი უეფას თასის ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ლივერპულთან 2 მატჩის ჯამში დამარცხდა (0:0, 0:1), მალე ოსასუნასთან პრიმერაში წააგო (1:3) და გასპარმა ფერერი გაუშვა… სეზონის დარჩენილ 7 მატჩში გუნდს კარლეს რეშაკმა უხელმძღვანელა. მაშინ 'ბლაუგრანას' ლეგენდა კლუბის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. მისი არჩევაც უცნაურად მოხდა, იმ დროს კარლესს უფრო მნიშვნელოვანი პროექტები ჰქონდა და მინიმალური სამწვრთნელო გამოცდილება გააჩნდა.

მაგრამ, ეს გახლდათ ადამიანი, რომელმაც კლუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო: 2000 წლის 14 დეკემბერს ოსარიო გაჯოლისთან (მესის წარმომადგენელი) ერთად ჩოგბურთის თამაშის შემდეგ, კორტის მახლობლად, კაფეში ხელსახოც ქაღალდზე მოაწერა ხელი და ლეო მესისთვის კონტრაქტის გაფორმების ვალდებულება აიღო. 1 კვირის თავზე ხელსახოცი ნოტარიუსმა დაამოწმა და ბარსელონამ მესის ოფიციალური კონტრაქტიც გაუფორმა.

კარლეს რეშაკი და ლეო მესი

რეშაკმა ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე კი გაიყვანა, მაგრამ გუნდთან ერთად ვერაფერი მოიგო. 2003 წელს, როცა გუნდს პრიმერადივიზიონის გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებდა, გასპარი გადადგა და კლუბს სათავეში ჟოან ლაპორტა ჩაუდგა…

კომენტარები

ბოლო ამბები