Thumbnail
  • პოპულარული ფრანგული გამოცემა ბრივში მოთამაშე ქართველ მორაგბეებზე წერს
  • TOP 14-ის მონაწილე ბრივში საქართველოს ნაკრების 6 წევრი თამაშობს

ფრანგულმა გამოცემამ France Bleu ბრივში მოთამაშე ქართველ მორაგბეებზე სტატია მოამზადა სათაურით "ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე - უმნიშვნელოვანესი მეგობრობა ბრივისთვის". სტატიაში ქართველი ლეგიონერების სამაგალითო ურთიერთობაზე ვკითხულობთ.

“14 ნოემბერს, ბორდოს სტადიონის მინდვრიდან ერთმა კაცმა ეკრანები გაანგრია. უძლიერესი საფრანგეთის წინააღმდეგ თამაშის დროს ვასილ ლობჟანიძემ ლუკა ჯაფარიძის კარგი კონტაქტის შემდეგ ლელო დადო და მისი სახელი სტადიონზე რევოლუციური მარშივით გაისმა. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მას მიულოცა, ბრივში კარგად ნაცნობი მეორე ქართველი - თედო აბჟანდაძე იყო. 

თედო და ვასილი საქართველოს ნაკრების წევრები დიდი ხანია არიან. 26 წლის ლობჟანიძე იხსენებს: "თედოს 3-4 წელია ვიცნობ. ნაკრებში ერთად ვთამაშობდით, მერე კი მისი ბრივში მოსვლის შემდეგაც ერთად ვართ."

ვასილთან ერთად, 2016 წელს ბრივში სოსო ბეკოშვილიც მივიდა. მოგვიანებით, მათ თედო აბჟანდაძე შეუერთდა, რომელიც წარმოშობით ქუთაისიდანაა, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქიდან. მალე მათ კიდევ ერთი ქართველი, მორკინალი ვანო კარკაძე დაემატათ. ვასილი ქართველების უფროსი ძმაა. ვანოს პირველი ინტერვიუს დროს ბრივის ახალწვეულის სიტყვებს ლობჟანიძე თარგმნიდა, რადგან კარკაძე ფრანგულ ენას ჯერ კარგად ვერ ფლობს.

"ვანიკოს ფრანგულში დიდი პროგრესი აქვს, ვასილი კი გუნდელებს თავდაჯერებას მატებს. როცა შერკინებისა და დაცვის ხაზს მითითებებს აძლევ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კომუნიკაციის პრობლემა არც თედოს აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ლობჟანიძე თავდაჯერებას აბჟანდაძეს მატებს და პირიქით,"- ამბობს გოდერძი შველიძე, ბრივის შერკინების მწვრთნელი და აქაური ქართველების "ბიძია".

აი, ვასილი კი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ის ბრივის ქართველების უფროსი ძმაა: "არა, არა, ეგრე არაა, არ ვეთანხმები მაგ აზრს,"- ამბობს ვასილი. "რას ამბობთ, როცა გოდო (გოდერძი შველიძე) აქ არ არის, ეგაა პატარა ბოსი,"- პასუხობს თედო. 

ვანო კარკაძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე საქართველოს ნაკრების ფორმით

ბრივსა და საქართველოს ნაკრებში წელს რამდენიმე მატჩი ჩაატარეს და ერთმანეთის გასაგებად საუბარი აღარ სჭირდებათ - მათი ეფექტიანობა უსიტყვოდ გაგებითაც იზრდება.

"როცა ბურთს აიღებს, უკვე ვიცი, რასაც გააკეთებს. ერთი სიტყვის თქმაც არაა საჭირო, მისი მოძრაობითაც მესმის,"- ამბობს თედო ლობჟანიძის შესახებ. 

ერთმანეთის კარგად გაგება ურთიერთდაზღვევაშიც ეხმარებათ, როგორც ეს საფრანგეთთან გამართულ შეხვედრაში იყო. “მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. საფრანგეთი, ჩემი აზრით, მსოფლიოს უძლიერესი გუნდია,”- თქვა ვასილმა. 

თუ მათმა თამაშმა ლიონთან შედეგი ვერ მოიტანა (0:41 მარცხი), მომავალ ტურში კლერმონთან დიდ გამოცდას საბრძოლო ჟინით ელოდებიან.”

კომენტარები

ბოლო ამბები