Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელი ნაკრებში მიღებულ მუხლის ტრავმას მკურნალობს
  • თორნიკე შენგელიამ კლუბში დაბრუნების შემდეგ უკვე 2 მატჩი გამოტოვა

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში უკრაინასთან მატჩში დაშავდა, ევროლიგის მომდევნო ტურშიც ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ მუხლის ტკივილის გამო უკვე გამოტოვა იმავე ევროლიგაში ათენის პანათინაიკოსთან შეხვედრა, ისევე, როგორც ყუბანის ლოკომოტოვთან მატჩი VTB-ლიგაში. ცსკა-მ ორივე აღნიშნული თამაში კი მოიგო, თუმცა, ცხადია, რომ თოკოს დახმარება რაც შეიძლება მალევე სჭირდება.

ის, რომ ქართველი ფორვარდი 10 დეკემბერს კაუნასის ჟალგირისთან მატჩსაც დააკლდება, ცნობილმა რუსმა საკალათბურთო მიმომხილველმა ვლადიმირ გომელსკიმ გაახმაურა და სავარაუდოა, რომ მოსკოვურ გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდიც მალე დაადასტურებს.

“ჟალგირის მწვრთნელის შეცვლის მერე აღმავლობის გზას ადგას, ამასთან, ცსკა-ს ნამდვილად არ ეყოლება თორნიკე შენგელია, ხოლო იოჰანეს ვოიგტმანისა და დანიელ ჰეკეტის თამაში საეჭვოა. ამდენად, კაუნასში ძალიან რთულ თამაშს უნდა ველოდეთ”, - დაწერა გომელსკიმ თავის საიტზე.

ცნობისთვის, თორნიკეს ევროლიგის ბოლო 7 მატჩიდან ექვსი მინიმუმ 10 ქულა აქვს ჩაგდებული და მინიმუმ 1 სამქულიანი აქვს გამოყენებული. შენგელია მე-6 ადგილზე საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტის (17.4) მიხედვით და მეშვიდე – საშუალო ქულებით (15.1). მას 5 საჯარიმოს ჩაგდება სჭირდება, რათა 500-იან ნიშნულს მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგის მიმდინარე სეზონში 8 მოგება და 5 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. რუსული გრანდი ლიეტუვაში სტუმრობის შემდეგ, 15 დეკემბერს, შინ ყაზანის უნიკსს უმასპინძლება და არაა გამორიცხული, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სწორედ ამ თამაშში დაბრუნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები