Thumbnail

პეკინი 2022 | რას ნიშნავს აშშ-ის გამოცხადებული ბოიკოტი ოლიმპიური თამაშებისთვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც პეკინში 20022 წლის თებერვალში გაიმართება, დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. რას ნიშნავს ეს ზამთრის ოლიმპიადისთვის და რატომ მოხდა...

ამ სტადიონმა პირველად 2008 წლის ოლიმპიადას უმასპინძლა

თეთრი სახლის მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, იმის გამო, რომ ჩინეთში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, აშშ პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს: "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სინცძიანში ნამდვილი გენოციდი მიმდინარეობს. ვითვალისწინებთ, სხვა დარღვევებსაც ადამიანის უფლებების კუთხით და გადაწყდა, ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთში ოფიციალურ დელეგაციას არ მიავლენს".

მაშინ, როცა ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნების პირველი პირები ჩადიან ხოლმე (ტოკიოში ბაიდენი იმყოფებოდა), თებერვალში პეკინში არ ჩავა არცერთი ოფიციალური პირი აშშ-დან. რაც შეეხება სპორტულ დელეგაციას, ეს შეზღუდვა არ შეეხება, რადგან სპორტსმენები წლების განმავლობაში ემზადებიან ოლიმპიური თამაშებისთვის და მათ არაფერი დააშავეს და არ უნდა დაისაჯონ - ასეთია აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, რომელსაც, დიდი ალბათობით, სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

ჩინეთის პასუხიც ხისტი იყო, აშშ-ს გადაწყვეტილებას პოლიტიკური ფარსი უწოდეს და თქვეს, რომ ეს თავად ამერიკას აზარალებს: "აშშ-ს სპორტის პოლიტიზირება და კონფრონტაციის პროვოცირება სურს. თამაშების წარმატება სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე ჩამოვლენ თუ არა პეკინში ჩინოვნიკები", - განაცხადა ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელმა გაეროში. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ კი ამ გადაწყვეტილებას 'ოლიმპიური სულის დამახინჯება' უწოდა.

შეგახსენებთ, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-20 თებერვალს ჩინეთის დედაქალაქში გაიმართება. სხვებთან ერთად, თამაშებში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები