Thumbnail
  • მაშინ, როცა გიორგი მიქაუტაძე ბელგიაში ბრწყინვალედ თამაშობს, მეცში კრიზისია
  • ბრიუგესთან მატჩის შეფასებები და მეცის ფანების გამოხმაურება

ჟუპილერ ლიგის მე-17 ტურში გიორგი მიქაუტაძის სერენი სტუმრად დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა ბელგიის ჩემპიონ ბრიუგესთან - 2:3. თავად გიორგი მოედანზე იყო და Le Soir-ის შეფასებით, "ბრიუგეს დაცვას სისხლი გაუშრო", ბელგიური გამოცემისგან გუნდში საუკეთესო შეფასებაც მიიღო, მაგრამ ვერ გააკეთა მთავარი, რაც მას კარგად გამოსდის და ევალება - გოლი ვერ გაიტანა. სხვათა შორის, ამით გიორგის 3-მატჩიანი გოლთა სერიაც შეწყდა - მანამდე მან ზედიზედ ლევან შენგელიას ლიოვენს, სენტ ტრუიდენსა და ვენსან კომპანის ანდერლეხტს გაუტანა. ამ სეზონში სერენის მაისურით გიორგი მიქაუტაძეს 14 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი, რაც თავისთავად შესანიშნავი მაჩვენებელია. 

Le Soir-ისგან განსხვავებით, გიორგის თამაში მხოლოდ 6.3 ქულით შეაფასა WhoScored-მა. მან ბრიუგეს კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (2 ზუსტი), ის ერთხელ დრიბლინგით გაცდა მცველს, ერთხელაც საჰაერო დუელი მოიგო. მისი 25 პასიდან 80% ზუსტი იყო. 

5 დარტყმა ბრიუგეს კარში, ვერ გაიტანა, მაგრამ ჩემპიონის მცველები გააწამა

გიორგის საკლუბო დონეზე ამ სეზონში ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული - ლიგა 1-ში საფრანგეთის ჩემპიონ ლილთან. მაშინ 20 წლის ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 93-ე წუთზე გავიდა. ერთ ეპიზოდში დროის გაყვანის ნაცვლად, მან ლილის კარში დაარტყა, კონტრშეტევას კი გოლი მოჰყვა - 3:3. ამ თამაშის შემდეგ მეცის ფანებმა მიქაუტაძე გააკრიტიკეს, მალე გიორგი ისევ ბელგიაში გაუშვეს იჯარით. 

ახლა, როცა მეცი ლიგა 1-ის ფსკერზეა (12 ქულა და მე-19 ადგილი), ბევრი მათგანი ნანობს კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. "ხუთი თუ ექვსი მომენტი ჰქონდა და სულ მიწაზე იწვა და ტიროდა. ეს უკვე მტკივნეულია, როცა არ ხარ მებრძოლი, ცენტრფორვარდად ვერ ივარგებ და ის საერთოდ არ იბრძვის", - ეს სიტყვები მეცის თავკაც ფრედერიკ ანტონეტის ეკუთვნის, მან 9 მილიონ ევროდ შეფასებული იბრაიმა ნიანი მწვავედ გააკრიტიკა მონაკოსთან 0:4 წაგებული მატჩის შემდეგ. 

მეცის ფანები ანტონეტის მიქაუტაძის გაშვებას ახსენებენ. "ტვიტერზე" ერთ-ერთი მათგანი (Thibaud_FCH_FCM) წერს: "კარგი, მაგრამ იქნებ, არ ღირდა მიქაუტაძის გაშვება. იქნებ, ჯობდა დაგვეტოვებინა, ასე არ არის?". "იმავეს ვიტყვი მეკარეზე, ისეთი ცუდი გვყავს, რომ მასთან შედარებით სერენში გაშვებული დიტჩი დონარუმა გვგონია. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა შეტევაშიც ნიანი-მიქაუტაძის შემთხვევაში. იქნებ, ზამთრის ტრანსფერებზე რამე ვქნათ"? - წერს jean_apeupre. PastoreSZN: "0:4 და თან გახსოვდეთ, მაზიზი, დიტჩი და მიქაუტაძე განათხოვრებული გვყავს". AntiNerveux: "ნული (!) დარტყმა კარში მონაკოსთან. უფრო უარესად ვთამაშობთ. ამ დროს, მიქაუტაძე და მაზიზი (სხვებიც) სერენს ქაჩავენ. ბრწყინვალედ ორგანიზებული თვითმკვლელობაა". Jérémy Joly: "დავაბრუნოთ მიქაუტაძე".  

შეგახსენებთ, რომ სერენი მომდევნო ტურში (11 დეკემბერს) ბელგიურ გრანდ ანდერლეხტს უმასპინძლებს, რომელთანაც სათასო მატჩში ქართველმა ფორვარდმა გოლს პლუს პასს, პენალტების სერიაში გატანილი თერთმეტმეტრიანი დაუმატა. მიქაუტაძემ ჟუპილერ ლიგის საწყისი ტურები გამოტოვა (მეცში ირიცხებოდა), მაგრამ 11 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე პასი მაინც დაუგროვდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები