Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესს მილანისა და ლივერპულის შეხვედრა იწვევს. ეს თამაში იტალიელთათვის გადამწყვეტია, ხოლო ინგლისელებს სატურნირო მოტივაცია არ გააჩნიათ.

თამაშამდე "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ მისი გუნდი კარგად სათამაშოდ მზადაა:

სტეფანო პიოლი: "მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დრო გვქონდა, ყველა წვრილმანი გავითვალისწინეთ და კარგად მოვემზადეთ. ჩემპიონთა ლიგა ძალიან მაღალი დონის ტურნირია და ლივერპული მისი მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, ამიტომ მილანი ძალიან ძლიერი უნდა იყოს. შეტევაში მხოლოდ ზლატანი არ ითამაშებს. აუცილებელია ბევრი მოძრაობა და სივრცეებით სარგებლობა. პირველი მატჩიდან ბევრი რამ ვისწავლეთ და კარგად ვიცით, რა დონეზე უნდა წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. გუნდი კარგად მუშაობს, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, პოზიტიურად ვართ განწყობილი და შეგვიძლია კარგი თამაშის ჩატარება. ევროპალიგაზე გადასვლის თავიდან აცილება უმჯობესი იქნება? გასულ სეზონში ინტერმა მე-2 წრე შესანიშნავად ჩაატარა და ბევრმა ეს იმით ახსნა, რომ ისინი ევროტურნირებზე აღარ თამაშობდნენ და კვირაში 1 მატჩს ატარებდნენ. თუმცა, არ ვიცი, მიზეზი ეს არის თუ არა. ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ და მილანის მიზანია კონკურენტუნარიანი გახდეს იტალიასა და ევროპაში. თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვიქნებით უკეთესია, მაგრამ თუ ევროპალიგაზე გადავერთვებით, იქაც მაქსიმუმს გავიღებთ. ახლა, მთავარი მხოლოდ ხვალინდელი მატჩია".

მატჩის წინ კომენტარი იურგენ კლოპმაც გააკეთა. გერმანელი სპეციალისტისთვის კარიერაში პირველი თამაში იქნება, რომელშიც მისი გუნდი "სან სიროს" ლეგენდარულ სტადიონზე ითამაშებს:

იურგენ კლოპი: "რა თქმა უნდა, შემადგენლობაში ცვლილებებს განვახორციელებთ, რადგან მოედანზე ახალი ენერგია გვჭირდება კარგი მატჩის ჩასატარებლად. თუმცა, ყველა ფეხბურთელს ვერ შევცვლი, რადგან მოედანზე 11 მოთამაშე უნდა გავიდეს. ვნახოთ, საჭიროა გავიგოთ ყველა ფეხბურთელის მდგომარეობა და დავრწმუნდეთ, რომ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გავა. იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არაა. ‘სან სიროზე’ თამაშს მოუთმენლად ველოდები, ეს ჩემს კარიერაში პირველად მოხდება, თუმცა, იბრასთან დაპირისპირება პირველად არ მომიწევს. ეს დიდი ფეხბურთელების მატჩი იქნება".

შეგახსენებთ, რომ B ჯგუფში ლივერპულს 15 ქულით პირველი ადგილი გარანტირებული აქვს. პორტუს 5, მილანსა და ატლეტიკოს კი 4-4 ქულა აქვთ და მე-2 ადგილისთვის იბრძვიან. მილანი-ლივერპულის პარალელურად, პორტუ ატლეტიკოს უმასპინძლებს და ორივე მატჩის შედეგზე დამოკიდებული, თუ როგორ განლაგდებიან გუნდები ჯგუფში ბოლო ტურის შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები