Thumbnail

ილია თოფურია: UFC-ის ჩემპიონი გავხდები, ყველაზე სრულყოფილი ვარ!

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა მებრძოლმა ინტერვიუ Marca-ს მისცა
  • თოფურიამ კარიერაზე, მომავალზე, UFC-სა და კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა

24 წლის ილია თოფურია (11-0) 22 იანვარს UFC-ში მესამე, კარიერაში კი მე-12 ბრძოლას, მის მსგავსად დაუმარცხებელ ინგუშ მოვსარ ევლოევლთან (13-0) გამართავს, იქამდე კი ესპანეთში მცხოვრებმა სპორტსმენმა ინტერვიუ Marca-ს რადიოს მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. 

...მომავალ გამოწვევაზე: "კემპის შუა ნაწილში ვარ, ვარჯიში ძალიან რთული და კონცენტრირებულია. მზად ვარ 23 იანვარს გამარჯვება მოვიპოვო და მთელ მსოფლიოში გავიბრწყინო. ალიკანტეს (ამ ქალაქში ცხოვრობს და ვარჯიშობს) მსგავსად, წინ მივიწევთ. ბრძოლა კალიფორნიაში იქნება, ლოს ანჯელესში. ჩემ მსგავსად, მეტოქეც დაუმარცხებელია. ის საკმაოდ რთული მოწინააღმდეგეა, მსოფლიოს 15 საუკეთესო მებრძოლში შედის, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ნაადრევად დავამარცხებ და შინ გამარჯვებული დავბრუნდები".

...მოულოდნელი აღმოჩენა: "UFC ნამდვილი მოულოდნელობა იყო, ამ სპორტის სახეობაზე არაფერი ვიცოდი. წარმოიდგინეთ, არც ახლაა დიდად პოპულარული და 8-9 წლის წინ საერთოდ არავინ იცოდა. იმ დროს საქართველოში ვცხოვრობდი და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვვარჯიშობდი, რომელიც სპორტის ოლიმპიური სახეობაა. ალიკანტეში ჩამოსვლის შემდეგ კი დარბაზი ვერ ვიპოვე, სადაც ჭიდაობას განვაგრძობდი და შერეული ორთაბრძოლებზე სიარული "კლიმენტ კლუბში" დავიწყე".

...ჩახლართული კარიერა: "ამბავი, თუ როგორ მოვხვდი ალიკანტეში, საკმაოდ რთულია. ერთ დღეს, ალბათ, ამაზეც მოვყვები. ფულს ბრძოლით ვშოულობ, პროფესიონალი ვარ და საუკეთესოთა შორის გახლავართ. როცა ამ დონეს აღწევ, უკვე კარგად ცხოვრობ, თუმცა ისე კარგადაც ვერა, როგორც ფეხბურთელები. ჩემი მენეჯერები ამერიკელები არიან, ოფისი მაიამიში აქვთ და ყველაფერს ერთად ვგეგმავთ. დიდი მიზნები გვაქვს, იმედია, UFC-ის ესპანეთში ძალიან პოპულარულს გავხდი".

..მომავალ ბრძოლაზე: "ეს ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური დაპირისპირება იქნება. ფანები ჩემით კმაყოფილი დარჩებიან. სასიამოვნოა, როცა მეტოქეს არაფრიდან უგებ. ჩხუბებს სწრაფად შემთხვევით არ ვამთავრებ. ჩემი ცხოვრება ბანაკს ჰგავს, ძალიან რთული ვარჯიშები მაქვს. ყოველ დღე ჯოჯოხეთს გავდივარ, ძალიან ვიღლები. რთული მომენტები ყოველთვის არის, მაგრამ გვერდით საუკეთესო გუნდი მყავს. რასაც აკეთებ, თუ დიდ ვნებასა და ძალისხმევას ჩადებ, შეუძლებელია წარმატებას არ მიაღწიო".

...აღტაცების მიზეზი: "UFC-ის მომავალი ჩემპიონი ვიქნები, ყველაზე სრულყოფილი მებრძოლი ვარ. მაკგრეგორი დიდი ვარსკვლავია, ის მსოფლიოში პატივისცემას ყველგან იმსახურებს. ფეხით ბრძოლაში ძალიან კარგი იყო, სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებიც ჰქონდა. კონორზე კარგის გარდა სხვა არაფრის თქმა შემიძლია".

...მომავალზე: "ალიკანტეში ვემზადები, როცა ბრძოლამდე რამდენიმე კვირა დარჩება, კალიფორნიაში წავალ. თუმცა მოსამზადებელ ბანაკს აქ გავდივარ. მინდა ჩვენს ქვეყანაში (ესპანეთში) UFC-ის ეტალონი გავხდე. ვეცდები, ისეთი ვიყო, როგორიც სინამდვილეში ვარ და იმედი მაქვს, ხალხს ეს მოეწონება. ჩვენ ხოელ ალვარესიც გვყავს, რომელსაც გამარჯვება მივულოცე. ეჭვი არ მეპარება, ეს სპორტი კიდევ გაიზრდება".

კომენტარები

ბოლო ამბები