Thumbnail

სამ მეტოქეს გასცდა და ცხრიანში გაიტანა - ზურიკო დავითაშვილის ეფექტური გოლი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ზურიკო დავითაშვილმა ხიმკისთან ეფექტური გოლი გაიტანა 
  • ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა
  • 20 წლის შემტევს სეზონში 6 გოლი აქვს - 4 არსენალში და 2 საქართველოს ნაკრებში

რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ტულის არსენალმა სტუმრად ხიმკი 2:1 დაამარცხა, ზურიკო დავითაშვილმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა.

ტულელებმა პირველი ტაიმი წააგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ სიტუაციის შეცვლა მოახერხეს, რაშიც ზურიკოს დიდი წვლილია. 61-ე წუთზე დავითაშვილმა სამი მეტოქის გარემოცვაში შეძლო თავისუფალ პოზიციაზე გასვლა და ანგარიში ძლიერი და ზუსტი დარტყმით გაათანაბრა. 87-ე წუთზე ევანს კანგვამ არსენალი წინ გაიყვანა და მატჩიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ზურიკო მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.


20 წლის ქართველ ფეხბურთელს რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია. აქამდე, რუბინში გატარებულ სეზონში (2 წლის წინ) თავი ორჯერ გამოიჩინა. გარდა ამისა, რუსეთის თასზეც გაიტანა 1 გოლი, ხოლო საქართველოს ნაკრების რიგებში გასულ შემოდგომაზე მეტოქეთა კარი 2-ჯერ დალაშქრა. ამგვარად, საკლუბო და სანაკრებო დონეზე ზურიკოს მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს და შეიძლება ითქვას, რომ შედეგიან სეზონს ატარებს.

ტულის არსენალმა ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურის შეხვედრას კი 11 დეკემბერს, სტუმრად მოსკოვის ცსკა-სთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები