Thumbnail
  • მილუოკი 124:102 მაიამი | მამუკელაშვილი: 5 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი
  • 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 21 წუთი გაატარა

22 წლის ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს მოქმედი ჩემპიონის – მილუოკი ბაქსის მაისურით მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა.

მამუკელაშვილის NBA-ში დებიუტი მაიამი ჰითთან მატჩში შედგა, რომელიც მისმა გუნდმა დამაჯერებლად – 124:102 მოიგო. საინტერესოა, რომ სანდრო სასტარტო შემადგენლობაში ტრავმირებული იანის ანტეტოკუნმპოს ნაცვლად გამოჩნდა.

ბერძენმა სუპერვარსკვლავმა თამაში ტრავმის გამო გამოტოვა, ბაქსის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლცერმა კი ბევრისთვის მოულოდნელად, პირველივე წუთებიდან თამაშში ქართველი ლეგიონერი ჩართო და არა, ვთქვათ, გუნდის სახელოვანი ახალწვეული დემარკუს კაზინსი.

სანდრო მამუკელაშვილი ფარზე ბრძოლისას

საბოლოოდ, მამუკელაშვილმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და 5 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

თამაშის ბედი დასკვნითი მეოთხედის წინ გადაწყდა, როდესაც მილუოკელები უკვე 29 ქულით იგებდნენ. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ბობი პორტისი იყო ორმაგი დუბლით (19 ქულა, 16 მოხსნა), პატ კონაფტონმა 23 ქულა ჩააგდო, კრის მიდლტონმა კი – 22.

ბაქსმა 15 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 დეკემბერს კლივლენდ კავალიერსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები