Thumbnail

ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშება, საქართველოს რიგით 33-ე ჩემპიონატი დასრულებულია. ისტორიაში პირველად, ქვეყნის ჩემპიონი დინამო ბათუმი გახდა, რომელმაც ტიტული ნაადრევად გაინაღდა და ბოლო ტური გია გეგუჩაძის გუნდისთვის მხოლოდ ფორმალობა იყო. ბათუმში ეს გამარჯვება ორი დღის განმავლობაში იზეიმეს. 

ნახე | ფეხბურთის დღესასწაული ბათუმში - საჩემპიონო სვლა, ფანების პერფორმანსი

ბოლო, 36-ე ტურის მხოლოდ ერთი მატჩი, დინამო ბათუმსა და გორის დილას შორის (2:2) გაიმართა 3 დეკემბერს, დანარჩენები კი დღეს ჩატარდა. დინამო თბილისმა ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულა ტურნირი, კახა ცხადაძის გუნდმა ლოკომოტივს 3:2 მოუგო. აღსანიშნავია, რომ სტუმართა კარში 15 წლის გოლკიპერი სოსო კოპალიანი იდგა. თავიანთი ბოლო მატჩები დიდი ანგარიშით მოიგეს საბურთალომ და ქუთაისის ტორპედომ, ხოლო თელავმა დაძაბულ მატჩში, რომელშიც ორი ფეხბურთელი გააძევეს, შუქურას 2:1 აჯობა. 

ლოკომოტივის 15 წლის გოლკიპერი სოსო კოპალიანი
📷 | ლოკომოტივი თბილისი

დინამო ბათუმი 75 ქულით ჩემპიონია, ვიცე-ჩემპიონი დინამო თბილისი მას 5 ქულით ჩამორჩა. საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები კი გორის დილას ფეხბურთელებმა მოიპოვეს 61 ქულით. შემდეგ ადგილებზე თბილისური კლუბებია: 4. საბურთალო - 57 ქულა და 5. ლოკომოტივი - 53. ტორპედო (მერანთან) და შუქურა (გაგრასთან) ორ-რაუნდიან პლეი აუთში შეეცდებიან ელიტაში დარჩენას, ხოლო სამტრედია ელიგა 2-ში გავარდა. სამტრედიას ელიტაში დაბრუნებული ბოლნისის სიონი შეცვლის. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე დინამო ბათუმი ითამაშებს, დინამო თბილისი და გორის დილა კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვლენ. ამ ტურნირის მესამე საგზურს სამგურალი ან საბურთალო მოიპოვებს, ეს გუნდები ერთმანეთს თასის ფინალში 8 დეკემბერს დაუპირისპირდებიან. 

16 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი დინამო თბილისის 28 წლის ფორვარდი ზორან მარუშიჩი გახდა. დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა გიორგი ფანცულაიამ და ჯაბა ჯიღაურმა 13-13 გოლი გაიტანეს, ირაკლი სიხარულიძემ (ლოკომოტივი) - 12. სხვათა შორის, საგოლე პასებითაც ყველას მარუშიჩმა აჯობა - 8.  

ეროვნული ლიგა დინამო თბილისს 33-დან 18 შემთხვევაში აქვს მოგებული, ტორპედო 4-გზის ჩემპიონია, ვიტ ჯორჯია, ზესტაფონი და რუსთავის მეტალურგი -2-2. თითოჯერ ჩემპიონატი სიონმა, დილამ, სამტრედიამ, საბურთალომ და დინამო ბათუმმა მოიგეს. სულ 10 კლუბია, რომელიც ოდესმე საქართველოს ჩემპიონი გამხდარა. 2022 წლის ჩემპიონატი თებერვლის ბოლოს ან მარტში აიღებს სტარტს

ეროვნული ლიგა. ბოლო ტური

დინამო ბათუმი 2:2 დილა

გოლები: 1:0 ტეიდი (23), 1:1 ვანდერსონი (56. პენ), 2:1 ჩაბრაძე (67), 2:2 კაპანაძე (72)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი (90. გროცურეკი) - ტეიდი (90. მანჯგალაძე), ალთუნაშვილი - მამუჩაშვილი, ჯიღაური (64. გაფრინდაშვილი), ჯოვინო (46. ზარია) - ფანცულაია (73. ზურაბიანი)

დილა (4-3-3): გუგეშაშვილი - ჩიტეიშვილი, ჭიჭინაძე, მაისაშვილი (46. მადინგა), ვანდერსონი - ნონდი, მოსიაშვილი, გაგნიძე - ღუდუშაური (90. ნემსაძე), კაპანაძე, კამარა (77. ბუღრიძე)

საბურთალო 5:1 სამტრედია

გოლები: 1:0 შ. ნონიკაშვილი (15), 1:1 არაბიძე (30), 2:1 გულიაშვილი (51), 3:1 მალი (54), 4:1 ლ. ნონიკაშვილი (67), 5:1 ო. მამაგეიშვილი (80)

თელავი 2:1 შუქურა

გოლები: 0:1 აფხაზავა (27), 1:1 შერგელაშვილი (81), 2:1 რუხაძე (87)

ტორპედო ქუთაისი 4:1 სამგურალი

გოლები: 1:0 ზიდანი (28), 2:0 ბუკასი (31), 3:0 ზიდანი (44), 3:1 მირცხულავა (62-ავტოგოლი), 4:1 ახვლედიანი (68)

დინამო თბილისი 3:2 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 ბენიო (10), 2:0 გაბედავა (18-პენალტი), 2:1 ადამა ვადი (43), 3:1 მარუშიჩი (81), 3:2 ვადი (90+5)

კომენტარები

ბოლო ამბები