Thumbnail

4 დეკემბერს ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-17 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის გენტი ლევან შენგელიას ლიოვენს სტუმრობს. ამ შეხვედრაში ერთი ქართველი ლეგიონერი ნამდვილად არ ითამაშებს - გუნდის თავკაცმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა უკვე გამოაქვეყნა 19-კაციანი სია, რომლითაც მისი გუნდი ლიოვენთან შეხვედრისთვის ემზადება. მასში არ არიან არც გიორგი, არც უკრაინელი რომან ბეზუსი და არც სვენ კუმსი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვანჰაზებრუკმა არც ბელგიის თასის 1/8 ფინალის განაცხადში შეიყვანა და ქართველი ფეხბურთელი მკაცრადაც გააკრიტიკა: "გიორგის საკმარისი ნიჭი გააჩნია, რომ მუდამ იყოს შემადგენლობაში. არ ვიძახი, რომ, გინდა თუ არა, სასტარტოში, მაგრამ, როგორც ხედავთ, არ არის განაცხადში და ეს მხოლოდ მისი ბრალია. ვარჯიშებზე მისი მონაცემები რომ ნახოთ, ყოველთვის კარგი არ არის. ზოგიერთ დღეს მას უბრალოდ არაფერი გაუკეთებია. როცა გენტში ბრუნდები და ისევ არაფერს აკეთებ... დიდი ბოდიში, მაგრამ პრობლემებს თავად იქმნი. თუკი მას სურს, რომ ტალანტი არ დაკარგოს, ერთ დღესაც, ყველაფერი უნდა შეცვალოს".

როგორც ჩანს, მწვრთნელის ბოლოდროინდელი უნდობლობა გიორგის მიმართ არ ჩამცხრალა, რაც შესაძლოა, ჩაკვეტაძეს გენტში მომავალ კარიერადაც კი დაუჯდეს. ბოლოს გიორგიმ ჟუპილერ ლიგაში 7 ნოემბერს ითამაშა გიორგი მიქაუტაძის სერენის წინააღმდეგ. ამ სეზონში მას ჩემპიონატში 8 მატჩი აქვს გამართული, ჩაკვეტაძეს გოლი არ გაუტანია, 2 საგოლე პასი კი მიითვალა. ამასთან, ბელგიის თასზე გიორგიმ ერთხელ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც გააკეთა.  

გენტი 16 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა, ლიოვენი 20 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო მიქაუტაძის (7 გოლი ჟუპილერ ლიგაში) სერენი 19 ქულით მე-14 საფეხურზეა. ჟუპილერ ლიგის კორტრეიკში ირიცხება ასევე 18 წლის ცოტნე ბენდიანიშვილი, რომელიც ორჯერ მოხვდა კორტრაიკის განაცხადში. ბენდიანიშვილის გუნდი 22 ქულით მეცხრეა. ლუკა ზარანდიას ვარეგემი (ლუკა ტრავმის გამო ვერ თამაშობს) 17 ქულით მე-16 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები