Thumbnail

'მიზნამდე დიდი გზა რჩება' - რონალდოს მორიგი ისტორიული შედეგი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრიშტიანო რონალდო კარიერაში 800-გოლიან ნიშნულს გადასცდა
  • CR7-მ მანჩესტერ იუნაიტედს არსენალთან დუბლით მოაგებინა

ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა ლონდონის არსენალი 3:2 დაამარცხა და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

"წითელი ეშმაკების" გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი კრიშტიანო რონალდომ შეიტანა, რომელმაც მე-2 ტაიმში დუბლი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის ეს მატჩი განსაკუთრებული გამოდგა, რადგან პროფესიონალურ კარიერაში მე-800 და 801-ე გოლები გაიტანა!

კრიშტიანომ 801 გოლიდან ყველაზე მეტი, 450 რეალის მაისურით შეაგდო. მან 130-ჯერ მანჩესტერში, 115-ჯერ პორტუგალიის ნაკრებში, 101-ჯერ იუვენტუსსა და 5-ჯერ სპორტინგში გამოიჩინა თავი.

კრიშტიანომ არსენალთან გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა

CR7-მ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარიც გააკეთა, თუმცა ყურადღება არა ისტორიულ მიღწევაზე, არამედ გუნდის გამარჯვებაზე გაამახვილა:

"ჩვენი გონება უკვე შემდეგი თამაშისკენაა მიმართული, საზეიმოდ დრო არ არის! დღევანდელი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორ გზაზე დასაბრუნებლად, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი დანიშნულების ადგილამდე. ვულოცავ ჩემს თანაგუნდელებს, შესანიშნავი სულისკვეთება ვაჩვენეთ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, ამას თქვენს გარეშე ვერ გავაკეთებდით", - დაწერა კრიშტიანომ სოციალურ ქსელში.

არსენალთან მატჩში მანჩესტერს ბოლოჯერ უხელმძღვანელა მაიკლ კერიკმა, მომდევნო ტურიდან კი მუშაობას რალფ რანგნიკი შეუდგება, რომელიც ლონდონელებთან შეხვედრას "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.

მანჩესტერ იუნაიტედი 14 ტურში მოპოვებული 21 ქულით მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები