Thumbnail

ერიკსენმა ვარჯიში დაიწყო - კრისტიანი ოდენსეს ბაზაზე ემზადება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ერიკსენმა ჯანმრთელობის პრობლემის შემდეგ პირველად ივარჯიშა
  • 29 წლის ნახევარმცველი მოედანზე 12 ივნისის შემდეგ აღარ გასულა

კრისტიან ერიკსენმა ვარჯიში დაიწყო! პირველად 12 ივნისის შემდეგ, როდესაც გულის შეტევა გადაიატანა. დანიური მედიის ცნობით, ინტერის ნახევარმცველი ბავშვობის კლუბის, ოდენსეს ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ფორმის აღდგენას ცდილობს.

ინფორმაცია ადგილობრივ მედიას კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიქაელ ჰემინგსენმა დაუდასტურა:

"მოხარულები ვართ, რომ კრისტიან ერიკსენი ამჟამად ფორმას ჩვენს მოედანზე ინარჩუნებს. ბედნიერები ვართ, რომ მისთვის სავარჯიშო პირობების უზრუნველყოფა შევძელით", - თქვა ჰემინგსენმა.

მოგეხსენებათ, ერიკსენმა 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე დანიისა და ფინეთის შეხვედრაში გულის შეტევა მიიღო, რის გამოც კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტანტი ჩაუდგეს. იტალიაში კი მოქმედებს სპეციალური სამედიცინო პროტოკოლი, რომლის თანახმად, პირებს, რომლებსაც კარდიოსტიმულატორი უდგათ, ეკრძალებათ სპორტის კონტაქტური სახეობებით დაკავება. ამიტომაც, ინტერის ფეხბურთელმა კარიერა რომ გააგრძელოს, იტალია უნდა დატოვოს.

კრისტიან ერიკსენი ინტერში 2020 წლის ზამთარში, ლონდონის ტოტენჰემიდან გადავიდა და 60 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა. ნახევარმცველს ასევე უთამაშია ამსტერდამის აიაქსში, სადაც 2009-2013 წლებში გამოდიოდა. კრისტიანი ოდენსეს აკადემიაში 2005-2008 წლებში ირიცხებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები