Thumbnail

გიორგი მამარდაშვილი World Soccer-ის ნოემბრის ნომერში მოხვდა. პოპულარულმა ბრიტანულმა საფეხბურთო ჟურნალმა საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე ევროპაში მოთამაშე იმ 6 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც მიმდინარე სეზონში იჯარით გამოდიან, მაგრამ თავიანთი თამაშით უკვე მოასწრეს პუბლიკის ყურადღების მიპყრობა. 

21 წლის ქართველი გოლკიპერი ჩამონათვალში მეორეა, მასთან ერთად ექვსეულში კი მოხვდნენ: მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი), მირალემ პაიანიჩი (ბეშიქთაში), ტიმო ბაუმგარტლი (უნიონ ბერლინი) და დანილა პროხინი (სოჩი).

"როდესაც გიგანტი ქართველი მეკარე "მესტალიაზე" დინამო თბილისიდან 12-თვიანი იჯარით მივიდა, მოლოდინი მცირე იყო. ვალენსიას ხელმძღვანელებისთვის მამარდაშვილი თავდაპირველად სამომავლო გეგმა იყო იმ პოზიციაზე, სადაც ოთხიდან ერთ-ერთი მოთამაშე იყო და ჩანდა, რომ ის გამოსვლას სარეზერვო გუნდში სტაჟის მისაღებად გააგრძელებდა. შესაბამისად, მისი განვითარების გეგმა ხანგრძლივი იყო. 

მაგრამ იასპერ სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმების წყალობით, ახალგაზრდა ქართველს, რომელიც პრესეზონის დროს შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, ლა ლიგის ახალ სეზონში შანსი მიეცა. და რა შთაბეჭდილება მოახდინა მან? შეასრულა შესანიშნავი სეივი ხეტაფესთან ანგარიშით 1:0 მოგებულ შეხვედრაში და ახლა ის ჩაბმულია ხისტ კონკურენციაში, რათა გახდეს ნომერ პირველი მეკარე ვალენსიაში", - წერს World Soccer.

იასპერ სილესენი და გიორგი მამარდაშვილი კონკურენტები არიან

გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში დინამო თბილისიდან ზაფხულში, იჯარით გადავიდა და ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველ 6 მატჩში ითამაშა (გაშვებული 7 გოლი, 2 "მშრალი" მატჩი), სექტემბრის ბოლოდან კი კარში ადგილი უკვე გამოცდილ ნიდერლანდელს დაუთმო. არის მოლოდინი, რომ 21 წლის გოლკიპერი ვალენსიას კარს სათასო შეხვედრაში დაიცავს, რომელსაც ხოსე ბორდალასის გუნდი 2 დეკემბერს, სტუმრად უტრილიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები