Thumbnail
  • 'თამაშში მთელი გული ჩადო და ქომაგები არაერთი საოცარი მომენტით აღაფრთოვანა'
  • ფიბა-მ შენგელია პირველი სანაკრებო ფანჯრის საუკეთესო კალათბურთელებში დაასახელა

ფიბა-მ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველი ფანჯარა შეაჯამა და ევროპული ნაკრებების თითო გამორჩეული კალათბურთელი დაასახელა. საქართველოდან ეს პატივი თორნიკე შენგელიას ერგო, რომელმაც მხოლოდ უკრაინასთან მატჩში ითამაშა (ესპანეთთან ტრავმის გამო არ ყოფილა), თუმცა, წარმატებისთვის ყველაფერი გაიღო. ეს, იმ ფონზე, როდესაც წინა საღამოს ევროლიგაში მოსკოვის ცსკა-ს მაისურით ასევე სრულად დაიხარჯა. აი, რას წერს ფიბა შენგელიაზე:

თორნიკე შენგელია

საშუალო სტატისტიკა: 16 ქულა, 13 მოხსნა, 3 პასი

“შენგელიამ საქართველოს ნაკრებისთვის ყველაფერი გაიღო. 24 საათიც კი არ იყო გასული, რაც მან კლუბის რიგებში ითამაშა, რომ ეროვნული გუნდის მაისური მოირგო და უკრაინასთან მოგებულ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი 16 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. მან თამაშში მთელი გული ჩადო და ქომაგები არაერთი საოცარი მომენტით აღაფრთოვანა, თუმცა, ცუდი ამბავიც შეემთხვა. თოკომ ტრავმა მიიღო, რაც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ქართველებს ესპანურ ხაენში მოგების ისედაც მცირე შანსი ჰქონდათ, შენგელიას გამოკლების შემდეგ კი, სიტუაცია თითქმის უიმედო გახდა”.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა უკრაინასთან 16 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უკრაინას 88:83 სძლია, ესპანეთში კი 61:89 დამარცხდა. ფიბა-მ ესპანელთაგან საუკეთესოდ იანკუბა სიმა (12.5 ქულა, 7.5 მოხსნა) დაასახელა, უკრაინელთაგან – არტიომ პუსტოვი (11.5 ქულა, 5.5 მოხსნა), ხოლო ჯგუფში ქართველი კალათბურთელებს კიდევ ერთ მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიას ნატურალიზებულმა ამერიკელმა ფორვარდმა ჯეიკობ ვილიმ (11.0 ქულა, 7.0 მოხსნა) ულიდერა.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2023 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მომდევნო მატჩები თებერვალში ელის. ილიას ზუროსის შეგირდები მაკედონიელებს 24-ში შინ დაუხვდებიან, 27-ში კი საგარეო თამაში ელით. რაც შეეხება შენგელიას, ის ცსკა-ს დაუბრუნდა და თუკი მომჯობინება მოასწრო, დღესვე ითამაშებს ათენის პანათინაიკოსთან მატჩში. ეს თამაში ევროლიგის მე-13 ტურის ეგიდით მოსკოვშია დაგეგმილი და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები