Thumbnail

'ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრობლემები შევუქმნა' - შევჩენკო მილანზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანდრეი შევჩენკო სამწვრთნელო კარიერაში მილანს პირველად დაუპირისპირდება
  • უკრაინელი ლეგენდისთვის ეს თამაში რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იქნება

ჯენოას მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო სამწვრთნელო კარიერაში პირველად მილანს დაუპირისპირდება. კლუბს, რომელშიც უკრაინელმა ისტორია დაწერა და კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.

მატჩის წინ შევამ მილანის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ეს გუნდი ყოველთვის მის გულში იქნება, მაგრამ პროფესიონალია და ამჯერად ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯენოამ "როსონერის" დამარცხება მოახერხოს.

"მილანს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, მაგრამ არა ჯენოას წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს მატჩი ჩემთვის ემოციური იქნება, თუმცა, ახლა ვცდილობ ამ ემოციების მოთოკვას. პროფესიონალი ვარ და ჯენოას ტიფოზებს დავპირდი, რომ მაქსიმუმს გავიღებდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მილანს სირთულეები შევუქმნა. ჯენოა ძალიან მოტივირებული უნდა იყოს, რადგან ძალიან რთული მატჩი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მილანმა ზედიზედ ორი მატჩი წააგო, კარგად თამაშობს და ბევრ საგოლე მომენტს ქმნის, ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა შევამ ყოფილ გუნდთან პირველი დაპირისპირების წინ.

შევჩენკოს სახელი მილანთან ასოცირდება

შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკომ სამწვრთნელო კარიერა უკრაინის ნაკრებში დაიწყო, რომელიც ევრო 2020-ზე 1/4-ფინალში გაიყვანა. რამდენიმე კვირის წინ მან ჯენოა ჩაიბარა და გენუური გუნდის თავკაცის რანგში ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია (რომასთან 0:2 და უდინეზესთან 0:0). შევჩენკო მილანში 1999-2006 და 2008-2009 წლებში თამაშობდა და 2004 წელს ‘ოქროს ბურთიც’ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები