Thumbnail
  • France Football იურგენ კლოპმაც გააკრიტიკა
  • გერმანელის აზრით, გამარჯვებას ლევანდოვსკი იმსახურებდა
  • ლივერპულის მწვრთნელი სალაჰის პოზიციასაც არ ეთანხმება

ისევე, როგორც ბევრი სხვა ფეხბურთელი თუ მწვრთნელი, ოქროს ბურთის შედეგით ლივერპულის დამრიგებელი იურგენ კლოპიც გაკვირვებულია.

“შეგიძლია, ‘ოქროს ბურთი’ ლიონელ მესის ყოველთვის მისცე - თავისი კარიერისთვის და უნიკალური ფეხბურთისთვის. მაგრამ, თუ ამჯერად რობერტ ლევანდოვსკის არ აძლევ, აბა, როდის უნდა მისცე?” - განაცხადა კლოპმა ევერტონთან დერბის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სამშაბათს.

კლოპმა უკმაყოფილება ვერ დამალა იმითაც, რომ ლივერპულის ლიდერი მოჰამედ სალაჰი მე-7 ადგილზე გავიდა: “მო აუცილებლად უფრო მაღალ პოზიციაზე უნდა ყოფილიყო,” - აღნიშნა 54 წლის გერმანელმა და ჟურნალისტებსაც მიმართა: “ეს ხომ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგებია? ესე იგი, ეს თქვენი ბრალია.”

იურგენ კლოპი რობერტ ლევანდოვსკის დორტმუნდის ბორუსიაში წვრთნიდა

შეგახსენებთ, რომ წელს რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის ბუნდესლიგაში ლეგენდარული გერდ მიულერის 1972 წლის რეკორდი (40 გოლი სეზონში) მოხსნა და გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ამჯერად 41 გოლით გახდა.

საერთოდაც, ზედიზედ 4 წელია, ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ხდება და ბოლო 8 სეზონში ყველაზე მეტი გოლი 6-ჯერ გაიტანა. ახლა კი, მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგის ბომბარდირთა რეიტინგს 14 გოლით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგისას კი - 9 გოლით.

მიუხედავად ამისა, ოქროს ბურთი პარი სენ-ჟერმენის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მოიპოვა, რომელმაც სპორტული ჟურნალისტებისგან შემდგარი ჟიურისგან 613 ქულა მიიღო. ლევანდოვსკი 580 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, როცა ლევანდოვსკიმ ბაიერნთან ერთად ყველა ტიტული მოიგო, ოქროს ბურთის დაჯილდოება კორონავირუსის პანდემიის გამო არ გაიმართა.

კომენტარები

ბოლო ამბები