Thumbnail

მიუხედავად იმისა, რომ ინდიანა პეისერსში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, გოგა ბითაძეს ყურადღება მაინც არ აკლია. ამჯერად, მასზე Forbes-მა დაწერა და ინდიანელთა მთავარი მწვრთნელის რიკ კარლაილის საინტერესო მიგნება გააანალიზა, რომელიც მოედანზე ქართველი ცენტრისა და ლიეტუველი დომანტას საბონისის ერთდროულად ყოფნას ეხება. აი, რას წერს ცნობილი გამოცემა.

“ინდიანა პეისერსის თავკაცი რიკ კარლაილი მუდმივად იმ სიახლეების ძიებაშია, რომელიც მის გუნდს კონკრეტულ მატჩებში უპირატესობას მისცემს. მიმდინარე სეზონში არაერთი შემთხვევა გვახსენდება, როდესაც პეისერსი მოედანზე ერთი შეხედვით უცნაური ხუთეულით იყო, ამასთან, კალათბურთელებს მათთვის უჩველო დავალებების განხორციელება უხდებოდათ. ეს რიკის ხელწერაა.

კარლაილის ერთ-ერთი მთავარი საინტერესო მიგნება იმ წყვილით თამაშია, რომელსაც ერთი ამპლუის კალათბურთელები შეადგენენ. საუბარია გოგა ბითაძესა და დომანტას საბონისზე, ორ ცენტრზე, რომელთაც 2021-22 წლების სეზონამდე ერთად მხოლოდ 146 წუთი ჰქონდათ ნათამაშები, მიმდინარე სეზონში კი მათ აქტივში უკვე 70 “საერთო” წუთია. რაც მთავარია, ეს სიახლე ინდიანასთვის სარგებელის მომტანია. იმ მომენტებში, როდესაც 2 გიგანტი მოედანზე იყო, გუნდი დაცვაში აშკარად უკეთ გამოიყურებოდა.

“ჩვენი ერთ-ერთი პლიუსი ისაა, რომ მაღალ გუნდად ვითვლებით. წინა ხაზში ის კალათბურთელები გვყავს, რომელთაც მრავალფეროვნების პრობლემა არ გააჩნიათ”, - აღნიშნულ ამბავს ასე ხსნის თავად კარლაილი.

მიმდინარე სეზონში ბითაძე და საბონისი ერთად მოედანზე პირველად 25 ოქტომბერს გამოჩნდნენ, როდესაც პეისერსის მეტოქე მილუოკი იყო. ინდიანელებს აუცილებლად სჭირდებოდათ, რომ ბაქსი თამაშის ჩვეული რიტმიდან ამოეგდოთ, ამდენად, რიკმა ის ხუთეული დააყენა, რომლისთვის მანამდე არასდროს მიემართა: ბითაძე, საბონისი, კრის დუარტე, ჯერემი ლემბი და მალკოლმ ბროგდონი.

მწვრთნელმა ბითაძე-საბონისის წყვილით ახალი ხუთეული შექმნა

ამან მაგრად იმუშავა. მილუოკის მეტოქის ორ მაღალთან ჭიდილი გაუჭირდა. შედეგად, იმ წუთებში, როდესაც გოგა და დომანტასი მოედანზე ერთად იყვნენ, ბაქსის 15-ქულიანი უპირატესობა ხუთამდე დავიდა. საბოლოოდ, ეს ერთადერთი მეოთხედი გამოდგა, რომელიც ინდიანამ მეტოქეს მოუგო. კარლაილის ახალი ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა.

“გოგამ დიდი სარგებელი მოგვიტანა. ის აშკარად პლიუსი იყო. მართალი გითხრათ, მის 4 ნომერზე დაყენებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა, დღეს გვაჩვენა, რომ გარკვეულ მომენტებში შეუძლია ამ პოზიციაზეც ეფექტური იყოს”, - განაცხადა აღნიშნული მატჩის მერე მწვრთნელმა.

იმ შეხვედრის მერე კარლაილმა იცოდა – მას გუნდში ჰყავდა წყვილი, რომელსაც თამაშში სიახლის შეტანა შეეძლო... მილუოკისთან მატჩიდან 5 დღე იყო გასული, როდესაც რიკმა აღნიშნულ ხერხს ისევ მიმართა – ტორონტოსთან უმძიმეს მატჩში. ბითაძე და საბონისი დაცვაში კვლავ ძალიან ყოჩაღად გამოიყურებოდნენ. შედეგად, პეისერსმა მხოლოდ 3 ქულით წააგო მეტოქესთან, რომელთანაც სამიოდ დღით ადრე გაცილებით მწარე, 18-ქულიანი მარცხი შეემთხვა.

ამ თამაშის მერე კარლაილისთვის საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ აღნიშნული წყვილის დატვირთვა ნებისმიერ დროს შეეძლო, თუმცა, არა – ყველა შეხვედრაში. ეს ხომ კონკრეტული მომენტების ამბავი იყო. ასეც ხდება. ბითაძესა და საბონისს ერთად 19 ნოემბრის მერე არ უთამაშიათ, თუმცა, კარლაილი კვლავაც დარწმუნებულია, რომ ეს მატჩის რიტმის შესაცვლელად უნიკალური ხერხია.

“ნამდვილად კარგი მიგნებაა. რაც უფრო მეტი წუთი გვექნება ერთად, ვფიქრობ, გუნდს მეტ სარგებელს მივცემთ”, - იგივე აზრზეა ლიეტუველი ლეგიონერიც.

რიკ კარლაილი და დომანტას საბონისი

კარლაილის მიერ შექმნილი წყვილი რომ დაცვაში ძალიან ეფექტურია, სტატისტიკაც გვაჩვენებს. ბითაძისა და საბონისის წინააღმდეგ მეტოქეებს ბურთის 138 ფლობაზე 144 ქულა აქვთ და ეს, ინდიანელთათვის ყველაზე კარგი მაჩვენებელია, ამასთან, ქართველისა და ლიეტუველის დაცვითი რეიტინგი 104.3-ს უტოლდება.

გოგა მისი სიმაღლის მქონე კალათბურთელისთვის უჩვეულოდ მობილურია და მისი დაცვითი უნარები პეისერსის სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებს არაერთხელ გამოურჩევიათ. როდესაც ბითაძის გვერდში საბონისიცაა, ინდიანას მეტოქეებს მეტწილად ურთულესი სროლების განხორციელება უწევთ და ცხადია, ეს მათ სიზუსტეზეც აისახება.

“ვიცი, რომ ის ყოველთვის ჩემს ზურგს უკან არის. დაფარებებში მაგარია და რიგ ეპიზოდებში დაცვაში მთავარ პერსონად გვევლინება. ამასთან, შეტევაც ეხერხება, იცის როდის უნდა ესროლოს ან კომბინაციაში ჩაერთოს”, - ამბობს საბონისი ბითაძეზე.

გოგა ყოველთვის ბლოკების მანქანა იყო, საბონისმა კი დაცვაში თამაში ამ სეზონში მოუმატა, უფრო სწრაფი გახდა და პოზიციას უკეთ არჩევს. ერთად ისინი იმ ძალად იქცნენ, რომელზე დაყრდნობაც კარლაილს არ უნდა ეშინოდეს.

“ფარის დაცვა თამაშის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ამ ამბავში გოგა აუცილებლად უნდა ჩაგვერთო, მითუმეტეს, რომ სეზონის საწყის ნაწილში მას ბევრი არ უთამაშია”, - განაგრძო მწვრთნელმა.

გოგა ბითაძის მთავარი პლიუსი დაცვაში თამაშია

შესაძლოა, ამდენი დაკვირვება და ციტატები წყვილის შესახებ, რომელსაც ერთად მხოლოდ მცირე დრო უგროვდება, გადაჭარბებულია, თუმცა, ჩვენ ასე არ ვთვლით. ბითაძისა და საბონისის წყვილში დატვირთვა ხომ კარლაილის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარეს წარმოაჩენს: როტაციის უნარსა და საჭირო მომენტში ზუსტად შერჩეული კალათბურთელების დატვირთვას.

პრინციპში, ეს მოსალოდნელი გახლდათ, რადგანაც რიკმა ჯერ კიდევ სეზონის სტარტამდე განაცხადა, რომ აქცენტის გაკეთებას რომელიმე კონკრეტულ ხუთეულზე არ აპირებდა და სიახლეებისთვის მზად იყო. ცხადია, საქმე მხოლოდ ბითაძე-საბონისის წყვილს არ ეხება. მაგალითად, მილუოკისთან ბოლო მატჩში მწვრთნელმა ისევ გაიხსენა ჯერემი ლემბი და იმ 13 წუთში, როდესაც ის მოედანზე იყო, პეისერსმა მეტოქეზე 3 ქულით მეტი ჩააგდო. მსგავსი შემთხვევები გვქონდა აიზია ჯეკსონთანა და კელან მარტინთან დაკავშირებითაც.

“გყავდეს შემადგენლობა, რომელშიც ცვლილებების შეტანა თამამად შეგიძლია, დიდი ფუფუნებაა. ბიჭებმა იციან, რომ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, სასტარტო ხუთეულის შეცვლაც არაა პრობლემა. ამაზე ბევრი გვისაუბრია” – ამბობს კარლაილი.

რიკის ხელში პეისერსს არცთუ კარგი სტარტი (9 მოგება, 14 მარცხი) აქვს, ამ ფონზე კი, წინა პლანზე სწორედ მთავარი მწვრთნელის უნარები გამოდის. ფაქტია, რომ კარლაილი ძიებაშია და შესაძლოა, ბითაძე-საბონისის წყვილით თამაში ერთ-ერთი ფაქტორი იყოს, რომელიც ინდიანას წარუმატებელ სეზონს გადაურჩენს".

შეგახსენებთ, რომ 22 წლის გოგა ბითაძე ინდიანაში უკვე მე-3 წელია ირიცხება, მიმდინარე სეზონში კი 16 მატჩში ასეთი საშუალო მაჩვენებლები აქვს: 8.6 წუთი, 2.7 ქულა, 2.3 მოხსნა. საინტერესოა, რომ ეს შედეგი გოგას მიერვე წინა ორ სეზონში დაფიქსირებულ სტატისტიკაზე უარესია, ამდენად, მისთვის კარლაილის ახალ სქემებში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 2 დეკემბერს, შინ, ატლანტა ჰოუკსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები