Thumbnail
  • ვისკონსინი 124:116 ვინდი სიტი | მამუკელაშვილი: 28 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 3 დაფარება
  • ქართველმა კალათბურთელმა ბოლო მეოთხედში 19 ქულა, მათ შორის, 4 სამქულიანი ჩააგდო

22 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც მილუოკი ბაქსის სარეზერვო კლუბ ვისკონსინ ჰერდშიც თამაშობს ხოლმე, NBA-ს G ლიგაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ვისკონსინელებმა ვინდი სიტი ბულსი 124:116 დაამარცხეს, ქართველმა ლეგიონერმა კი 32 წუთში 28 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა და შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე გახდა.

აღსანიშნავია, რომ სანდრომ 7-დან 5 სამქულიანი, 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სანდრომ ბოლო მეოთხედში ერთბაშად 19 ქულა მოაგროვა (მათ შორის, 4 სამქულიანი) და ლამის პირადად შემოატრიალა თამაში, რომლის ბოლო თორმეტწუთეულის სტარტზე ვისკონსინი 12 ქულით ჩამორჩებოდა.

ცნობისთვის, ჰერდის მაისურით მილუოკის კიდევ ორმა კალათბურთელმა ითამაშა და თუკი ჯორდან ნვორამ 22 ქულა ჩააგდო, ბერძენი გეორგიოს კალაიცაკისის მონაგარი მხოლოდ 7 ქულა იყო.

ვისკონსინმა ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა და G ლიგის ცენტრალურ დივიზიონს ერთპიროვნულად ლიდერობს. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს ისევ ვინდი სიტისთან 2 დეკემბრის დილას ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები