Thumbnail
  • მინესოტა ტიმბერვულვზი 100:98 ინდიანა პეისერსი
  • მიუხედავად ტერნერის არყოფნისა, ბითაძე 5:45 წუთი ათამაშეს

რომელი გუნდებზე შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ასოციაციაში ყველაზე ეფექტურები არიან? ამ დისკუსიაში მონაწილეობის უფლება ახლა მინესოტასაც აქვს. ტიმბერვულვზმა ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-5/მე-6 ადგილებს იყოფს ლოს ანჯელეს კლიპერსთან ერთად. მინესოტამ ამჯერად გოგა ბითაძის ინდიანა დაამარცხა - 100:98.

პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა პეისერსის ქართველ ცენტრს არც ამჯერად მისცა დიდი დრო - ბითაძე 5:45 წუთი ათამაშეს და როგორც ჩანს, თამაშის თავის თავზე აღებას და ტყორცნებს უკრძალავენ. გოგამ ფარისკენ მხოლოდ ერთხელ ისროლა - ისიც სამქულიანი, რომელიც არაზუსტი იყო. სხვა მხრივ, მის აქტივში მხოლოდ 2 მოხსნა (ორივე დაცვაში) და 1 დაფარებაა.

თაუნსის და საბონისის ორთაბრძოლა

ინდიანადან ქულებით ყველაზე შედეგიანი მალკოლმ ბროგდონი გახლდათ - მან 25 ქულა დააგროვა (9/20, 2/6 სამქულიანი). სამაგიეროდ, დომანტას საბონისის ანგარიშზე სამმაგი დუბლია - ლიეტუველმა 16 ქულას 10 პასი და არც მეტი, არც ნაკლები, 25 მოხსნა დაუმატა. ჯრუ ჰოლიდეი გუნდს 15 ქულით შეეწია, ხოლო დუარტე კი - 14-ით. მაილს ტერნერს არ უთამაშია. 

მინესოტადან კარლ-ენტონი თაუნსი გამოირჩეოდა - 32 ქულით (13/22) და 8 მოხსნით, თუმცა მას 9 დაკარგვაც ჰქონდა. 21-21 ქულა ჩააგდეს ედვარდსმა და რასელმა (პლუს 11 ასისტი და 8 მოხსნა).

საფინალო სირენამდე 1:14 წუთით ადრე საბონისმა ანგარიში გაათანაბრა. მერე იყო მალიკ ბისლის სამქულიანი და მინესოტას წინ გასვლა, რასაც ჯოშ ოკოგიეს ძალიან მნიშვნელოვანი დაფარება მოჰყვა. “სწორედ მან მოგვაგებინა თამაში. ეს დაფარება იმაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. არ ვიცი, მოვიგებდით თუ არა ამ დაფარების გარეშე,” - აღნიშნა მატჩის შემდეგ თაუნსმა.

23 მატჩის შემდეგ, 9 მოგებით და 14 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში უკვე მე-13 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 2 დეკემბერს, ატლანტასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები