Thumbnail

პარიზში "ოქროს ბურთის" (Ballon d'Or) რიგით 65-ე დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს - კარიერაში მეშვიდედ ლიონელ მესიმ ტიტული მოიგო! არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევმა ბაიერნის პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის აჯობა. ლეოს პრიზი მეგობარმა და ყოფილმა გუნდელმა ლუის სუარესმა გადასცა.

მესამე ადგილზე იტალიის ნაკრების ლიდერი ჟორჟინიო გავიდა. მეოთხეზე ქარიმ ბენზემაა (რეალი და საფრანგეთის ნაკრები). მეხუთე ნგოლო კანტე (ჩელსი და საფრანგეთის ნაკრები). აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდო, რომელმაც დღეს მწვავედ გააკრიტიკა "ფრანს ფუტბოლის" რედაქტორი, ხუთეულშიც ვერ შევიდა - მან მე-6 ადგილი დაიკავა. კილიან მპაბე მე-9 ადგილზე გავიდა. 

შეგახსენებთ, რომ შარშან დაჯილდოება კორონავირუსის პანდემიის გამო არ შედგა, ხოლო შარშანწინ კი “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი დაეუფლა (სამეულში ვან დაიკი და რონალდოც იყვნენ).

ჟურნალი France Football ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთით", იგივე Ballon d'Or-ით 1956 წლიდან, ყოველწლიურად აჯილდოებს. გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ხმის მიცემით ავლენენ. 2010-იდან 2015 წლამდე France Football და ფიფა გამარჯვებულს ერთად - "ფიფას ოქროს ბურთით" აჯილდოებდნენ, თუმცა, 2016 წლიდან მხარეებმა თანამშრომლობა აღარ ისურვეს.

ქალთა Ballon d'Or 2021

წელს მესამედ გათამაშდა "ოქროს ბურთი" ქალთა შორის და ამჯერად, ჯილდო ბარსელონას ფეხბურთელს, ალექსია პუტელიასს გადაეცა.

Yachine Trophy 

წელს მეორედ იქნა დაწესებული ლეგენდარული რუსი გოლკიპერის, ლევ იაშინის სახელობის ჯილდო, რომელიც შესაბამისად წლის საუკეთესო მეკარეს გადაეცა. ნომინაციაში გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენისა და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გახდა.

Kopa Trophy

2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა (U21) ფეხბურთელის ჯილდო, რომელიც ლეგენდარული რაიმონ კოპას სახელს ატარებს, გამარჯვებული გახდა ბარსელონას ნახევარმცველი პედრი.

წლის ფორვარდის პრიზი გადაეცა რობერტ ლევანდოვსკის. საუკეთესო კლუბი გახდა ჩელსი, პრიზი თომას ტუხელმა ჩაიბარა.

ვინ რამდენჯერ მოიგო ოქროს ბურთი - TOP 10

1. ლიონელ მესი (არგენტინა) - 7 (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021)

2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - 5 (2008, 2013, 2014, 2016, 2017)

3. მიშელ პლატინი (საფრანგეთი) - 3 (1983, 1984, 1985)

4. იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები) - 3 (1971, 1973, 1974)

5. მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები) - 3 (1988, 1989, 1992)

6. ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია) - 2 (1972, 1976)

7. რონალდო (ბრაზილია) - 2 (1997, 2002)

8. ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი) - 2 (1957, 1959)

9. კევინ კიგანი (ინგლისი) - 2 (1978, 1979)

10. კარლ-ჰაინც რუმენიგე - 2 (1980, 1981)

XXI საუკუნის ყველა გამარჯვებული

2001 მაიკლ ოუენი (ინგლისი)
2002 რონალდო (ბრაზილია)
2003 პაველ ნედვედი (ჩეხეთი)
2004 ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)
2005 რონალდინიო (ბრაზილია)
2006 ფაბიო კანავარო (იტალია)
2007 კაკა (ბრაზილია)
2008 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2009 ლიონელ მესი (არგენტინა)
2010 ლიონელ მესი (არგენტინა)
2011 ლიონელ მესი (არგენტინა)
2012 ლიონელ მესი (არგენტინა)
2013 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2014 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2015 ლიონელ მესი (არგენტინა)
2016 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2017 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2018 ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
2019 ლიონელ მესი (არგენტინა)
2020 პანდემიის გამო არ ჩატარდა
2021 ლიონელ მესი (არგენტინა)

კომენტარები

ბოლო ამბები