Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 100:118 მილუოკი ბაქსი
  • გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ცოტა ხნით ათამაშეს
  • ქართველი კალათბურთელები რამდენიმე ეპიზოდში ერთად მონაწილეობდნენ

მილუოკი ბაქსი თავის თამაშს პოულობს და უახლოვდება ისეთ ფორმას, როგორშიც წინა სეზონში იყო!

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა ინდიანა პეისერსი სტუმრად 118:100 დაამარცხა - მილუოკისთვის ეს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებაა და ბაქსი აღმოსავლეთ კონფერენციაში უკვე მე-4/მე-5 ადგილებს იყოფს.

ამ გუნდების დაპირისპირება ჩვენთვის, პირველ რიგში, გოგა ბითაძის და სანდრო მამუკელაშვილის გამო იყო - NBA-ში ქართველი კალათბურთელების დუელი შედგა და გამარჯვებული ამჯერადაც მამუს გუნდია.

სამწუხაროდ, მწვრთნელებმა ქართველები ისევ ცოტა ხნით ათამაშეს. მამუკელაშვილს 3 წუთი და 24 წამი მიეცა და ამ დროში მან ერთი ორქულიანის ჩაგდება მოახერხა (მეტი სროლა არც ჰქონია). აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილისთვის ხელის შეშლას იმ მომენტში სწორედ ბითაძე ცდილობდა. ამასთან, მამუს 2 მოხსნაც ჰქონდა - 1 შეტევაში, 1 დაცვაში - და ისიც საინტერესოა, რომ დაცვაში ბურთი სწორედ ბითაძესთან ორთაბრძოლაში მოხსნა. 

გოგამ 5:27 წუთი ითამაშა. მან ერთხელ ისროლა (სამქულიანი) და არაზუსტად. ამ მომენტშიც, ბითაძისთვის ხელის შეშლას სწორედ მამუკელაშვილი ცდილობდა. გოგას ერთი მოხსნაც ჰქონდა (დაცვაში).


მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ვისკონსინელმა სტუმრებმა 39:27 მოიგეს. კარგ ფორმაში მყოფმა ჯრუ ჰოლიდეიმ ამ 12 წუთში თავისი 23 ქულიდან 11 ჩააგდო (11/21, 9 ასისტი). კვლავ სოლიდური მატჩი ჰქონდა იანის ანტეტოკუნმპოს - 26 ქულა, 10/15, 13 მოხსნა. მილუოკელები ზონაში დომინირებდნენ და დომანტას საბონისს (4 ქულა, 1/8, 10 მოხსნა) და მაილს ტერნერს (2 ქულა, 1/4) არაფერი გააბედვინეს.

მამუკელაშვილის მილუოკის 13 მოგება და 8 მარცხი აქვს - როგორც ვთქვით, ბაქსი უკვე მე-4/მე-5 ადგილებს იყოფს. ბითაძის ინდიანა 9 გამარჯვებით და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. ბაქსი ზედიზედ მე-8 გამარჯვების მოპოვებას 2 დეკემბერს, შარლოტთან შეეცდება, პეისერსი კი 30 ნოემბერს მინესოტას ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები