Thumbnail

სამწუხაროდ, ცუდი მოლოდინი გამართლდა…

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მეორე მატჩში, რომელსაც ილიას ზუროსის გუნდი დღეს, ესპანეთში გამართავს, საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება. ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

შენგელიამ პირველ მატჩში, უკრაინასთან, მეორე მეოთხედში მოედანზე დახტომისას ფეხი იტკინა და როგორც აღმოჩნდა, ტრავმა ესპანეთთან თამაშის საშუალებას არ აძლევს. ნაკრების სამედიცინო შტაბში იმედი ჰქონდათ, რომ თორნიკე, რომელიც უკრაინასთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, დღეს თამაშს მოახერხებდა. შენგელია ნაკრებს ესპანეთში გაჰყვა, მაგრამ გუშინ სრული დატვირთვით ვარჯიში ვერ შეძლო და გუნდის მზადებას სათადარიგოთა სკამიდან უყურა. 

“კაპიტანი განაცხადში იქნება, მაგრამ ესპანეთთან სათამაშოდ მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს,” - ვკითხულობთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

“თორნიკე შენგელია უკრაინასთან მატჩის დროს დაშავდა, მაგრამ ჩვენთან ერთად წამოვიდა ესპანეთში და მაინც გვქონდა იმედი, რომ თამაშს მოახერხებდა. თორნიკემაც და ექიმებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღეს ეთამაშა, მაგრამ ტრავმა ისეთი აღმოჩნდა, რომ ეს შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, ვეცდებით, რომ ესპანეთთან კარგი თამაში ვაჩვენოთ და ღმერთმა ქნას, მოვიგოთ,” - აცხადებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრების მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები