Thumbnail
  • ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სკანდალური შედარება გააკეთა
  • კარლტონ კოულმა რადიო-გადაცემის მსმენელებს მალევე მოუბოდიშა

მანჩესტერ სიტისა და ვესტ ჰემის მატჩის (2:1) წინ, ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კარლტონ კოულმა სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელსაც ინგლისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როდესაც მისი ყოფილი გუნდის დაცვით შემადგენლობაზე ჰკითხეს, კოულმა რადიო BBC 5 Live-ს ასე უპასუხა: “მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხარ - მანჩესტერ სიტის შემტევებს სერიოზულად თუ არ მიუდგები და პატივს არ სცემ, გადაგივლიან და ნამდვილ ჰოლოკოსტს მოგიწყობენ. ცხადია, ეს არავის უნდა.”

ხოსეპ გვარდიოლას გუნდის შემტევი სტილის ჰოლოკოსტთან შედარება, ბუნებრივია, ძალიან ცუდი იდეა იყო. კარლტონ კოული ამის გამო მედიამაც მკაცრად გააკრიტიკა და გულშემატკივრებმაც სოციალურ ქსელებში. როგორც იცით, ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული მასობრივი გენოციდი ებრაელების (და არა მარტო) წინააღმდეგ.

ამის გამო კოულმა ჯერ კიდევ გადაცემისას მოიხადა ბოდიში და აღნიშნა: “მინდა, მსმენელებს ჩემი, აბსოლუტურად მიუღებელი ფრაზის გამო ბოდიში მოვუხადო. ყველას პატიებას ვთხოვ.” - განაცხადა მან.

კოულმა ბოდიში გადაცემის დროსვე მოიხადა

ოფიციალური განცხადება BBC-შიც გააკეთეს: “გადაცემაში Premier League Sunday მიუღებელი ფრაზა გაჟღერდა. რადიოში უკვე მოიხადეს ბოდიში და ჩვენც ვწუხვართ მომხდარის გამო.”

მანჩესტერ სიტიმ ვესტ ჰემი ილქაი გიუნდოგანისა და ფერნანდინიოს გოლებით 2:1 დაამარცხა და პრემიერლიგის ცხრილში 29 ქულით მეორე ადგილზეა. ვესტ ჰემისთვის, რომელიც მე-4 პოზიციაზეა, ეს ზედიზედ მეორე მარცხია ვულვზთან 0:1-ის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი შედარება ინგლისურ ფეხბურთში პირველად არ გაკეთებულა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ბრისტოლის მწვრთნელმა ჯოი ბარტონმა თავისი გუნდის თამაში ასევე ჰოლოკოსტს შეადარა და მოგვიანებით მანაც ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები