Thumbnail

ბათუმელთა ოცნება ახდენილია, ისტორია - დაწერილი!

დინამო ბათუმი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა. გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩს ორშაბათს გამართავს (წყალტუბოში, სამგურალთან), მაგრამ უკვე საქართველოს ჩემპიონია! დინამო ბათუმი ისტორიულ, პირველ ჩემპიონობას მას შემდეგ ზეიმობს, რაც დინამო თბილისმა აუტსაიდერ სამტრედიასთან ქულები დაკარგა (0:0) და ამით ბათუმელთა გადასწრების თეორიული შანსიც დაკარგა.

შესაბამისად, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი თამაშით ადრე, დინამო ბათუმმა საოცნებო ოქროს მედლები ოფიციალურად გაინაღდა და დღეიდან ბათუმში საჩემპიონო ზეიმი იწყება!

წაიკითხე | დინამო ბათუმი ზეიმობს - მთავარი ფაქტები ჩემპიონებზე

"პოპსპორტი" ბათუმელთა ტრიუმფალური სეზონის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, ჯაბა ჯიღაურს  დაუკავშირდა, რომელიც ჩემპიონი გუნდის მეორე საუკეთესო ბომბარდირი (12 გოლი) და 2 თანაგუნდელთან ერთად საუკეთესო ასისტენტია (6 საგოლე პასი). ნახევარმცველმა საჩემპიონო ემოციებზე ისაუბრა.

...დინამო ბათუმთან ერთად საქართველოს ჩემპიონობაზე: "ეს ჩემპიონობა ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის, აქ მომუშავე ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებულია, რადგან დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ ამ ყველაფერს, ალბათ მას შემდეგ, რაც თასს აღვმართავ, მივიტან ამ ყველაფერს ახლოს გულთან, გონებასთან. საქართველოს ჩემპიონი მესამედ გავხდი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საუკეთესო გრძნობა ახლა დამეუფლა და ასეთი აქამდე არ მქონია."

'როცა ასე გექცევიან, საკუთარ თავს მეტს სთხოვ და მეტი ამბიციაც გიჩნდება'

...ბათუმელი გულშემატკვირების შესახებ: "ფაქტია, დინამო ბათუმის გაჩემპიონებაში გულშემატკივარმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. ყველა თამაშში მხურვალედ გვედგნენ გვერდში და მიმაჩნია, რომ ამ ხალხმა ჩემპიონობა დაიმსახურა. სწორედ მათი წყალობით, ეს შედეგი ადრე თუ გვიან მაინც დადგებოდა. ყველამ უნდა ვიამაყოთ, რომ დინამო ბათუმს საქართველოში საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს. საოცარია ის ემოციები, რითაც ქალაქში გხვდებიან, ხალხის დამოკიდებულება ფეხბურთისა და ფეხბურთელების მიმართ. ამ ქალაქსა და ამ სტადიონზე თავს ფეხბურთელად გრძნობ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა ასე გექცევიან, საკუთარ თავს მეტს სთხოვ, მეტი ამბიციაც გიჩნდება, რომ ადამიანების გვერდში დგომა სათანადოდ დააფასო."

ჯაბა ჯიღაური დინამო ბათუმის ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია

...ჩემპიონობა მესამე ცდაზე: "გადაჭრით ვერ ჩამოვთვლი იმ კომპონენტებს, რაც წინა 2 სეზონში ჩემპიონობამდე გვაკლდებოდა და წელს ავანაზღაურეთ. თუმცა, რამდენიმე ნიუანსია: უამრავი გულშემატკივარი, ახალი სტადიონი, კარგი მინდორი. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, ახალ არენაზე ძალიან მაგარი ბალახია, ანგისაზე ასე არ იყო. ჩვენი ფილოსოფიის მქონე გუნდისთვის კარგ მინდორზე თამაში უმნიშვნელოვანესია. ახლადმოსული ფეხბურთელებიც არ უნდა გამოგვრჩეს, მათ გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს."

'ყველას ერთი მიზანი გვქონდა და ეს წლები ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით'

...საჩემპიონო კორიდორზე: "სამგურალის მხრიდან საჩემპიონო კორიდორის მოწყობას რაც შეეხება, ეს ფეხბურთში მიღებული წესია და აქედან გამომდინარე ველოდებით კიდეც. ასე ხდება ყველგან: როცა რომელიმე გუნდი ჩემპიონი ხდება, მეორე თამაშის წინ კორიდორს უკეთებენ. მაგრამ, ცხადია, იმას არ ვამბობ, რომ, სამგურალის ფეხბურთელებმა ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ. როგორ მოიქცევიან, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არავის ვუსაყვედურებთ."

...მიღწეულ მიზანზე: "ბოლოს კიდევ ერთხელ მადლობას გულშემატკივრებს გადავუხდი. ასევე, მადლობა კლუბში მომუშავე ყველა ადამიანს, პრეზიდენტს, მასაჟისტს, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს. ისტორიის დაწერა ყველამ ერთად შევძელით და მიმაჩნია, რომ ამ კლუბში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა დაიმსახურა ჩემპიონობა, რადგან ყველა ერთი ფილოსოფიით ვმოქმედებდით. პრეზიდენტი, მწვრთნელი ფეხბურთელი - ყველას ერთი მიზანი გვქონდა და ეს წლები ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით."

დინამო ბათუმმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე ტიტული მოიპოვა - 1998 წელს თასზე გამარჯვებას, 2021 წელს ჩემპიონატის ოქროს მედლები დაუმატა. ტრიუმფალურ სეზონში ბათუმელებმა ბოლო წლების მთავარ მეტოქე დინამო თბილისს 4-დან 3 მატჩი მოუგეს.

ისტორიულ ჩემპიონობაში ბათუმელ გულშემატკივრებს, "შავი ზღვის პირატებს" უდიდესი წვლილი მიუძღვით, რაც კარგად ჩანს სატურნირო ცხრილიდან: დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე დინამო თბილისზე 5 ქულით მეტი მოიპოვა და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი საჩემპიონო ბრძოლაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ჩემპიონობა აქამდე 9 გუნდს ჰქონდა მოპოვებული, დინამო ბათუმი კი საქართველოს მე-10 ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები