Thumbnail
  • ჯონ ვან’ტ სხიპი პოსტიდან გადადგა და ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა
  • მისი თქმით, ბერძნებმა ვერ გადაწყვიტეს, სურდათ თუ არა კონტრაქტის გაგრძელება

ნიდერლანდელი ჯონ ვან’ტ სხიპი საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. 57 წლის სპეციალისტის თქმით, პოსტის დატოვების მიზეზი ის არის, რომ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, აპირებს თუ არა მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

“იყო მოლაპარაკებები, რომ თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილების მიღება ზედმეტად გაწელა - იმდენად, რომ დროა, სხვა რამე გავაკეთო,” - დაწერა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ინსტაგრამზე. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს გასდიოდა.

საბერძნეთის ნაკრებმა საქართველო ბათუმში 2:0 დაამარცხა

ვან’ტ სხიპმა, რომელიც 1988 წლის ევროპის ჩემპიონია, საბერძნეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. ბერძნები მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საქართველოსთან ერთად იყვნენ და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავეს - ჩამორჩნენ რა ესპანეთს და შვედეთს. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში 2:0 დაამარცხა, საბერძნეთში გამართული შეხვედრა კი ფრედ (1:1) დასრულდა. ნიდერლანდელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ბერძნებმა ჯამში 26 მატჩი გამართეს, საიდანაც 11 მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები