Thumbnail

CR7 საიმედო ხელშია - როგორ იცავენ რონალდოს ავღანეთში ნაომარი ტყუპები

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • კრიშტიანო რონალდომ მანჩესტერში დაბრუნების შემდეგ ახალი მცველები აიყვანა
  • პორტუგალიელს ტყუპები იცავენ, რომლებიც 2003 წელს ავღანეთში იბრძოდნენ

ვინ არიან კრიშტიანო რონალდოს ახალი პირადი მცველები? ამის შესახებ სტატია The Sun-მა გამოაქვეყნა. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს დაცვაში ტყუპები ჰყავს, რომლებიც ავღანეთში სპეციალური შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძოდნენ.

ძმები პირველად მაშინ გამოჩნდნენ, როცა მანჩესტერ იუნაიტედი შვეიცარიაში იანგ ბოიზის წინააღმდეგ სათამაშოდ მიფრინავდა - აეროპორტში რონალდო სწორედ მათ მიიყვანეს. 

ნოემბრის დასაწყისში კი ერთერთი ძმა მადრიდში შეამჩნიეს - ის კრიშტიანოს ორსულ საცოლე ჯეორჯინას დაჰყვებოდა, როცა ის ქალიშვილი ალანა მარტინას დაბადების დღის ცერემონიის დასაორგანიზებლად ესპანეთში იყო ჩასული. 

ერთერთი ტყუპისცალი ჯეორჯინა მახლობლად მადრიდში

ამ კვირაში კი დაცვის ამ ორი თანამშრომლის სახელებიც ცნობილი გახდა - სერჟიუ და ჟორჟე რამალიერუები, ყოფილი სპეცრაზმელები, რომლებიც ავღანეთში 2003 წელს იბრძოდნენ და ამის შემდეგ პორტუგალიის პოლიციაში გადავიდნენ, სადაც პოლიტიკოსებისა და მოსამართლეების დაცვა ევალებოდათ.

პორტუგალიური ჟურნალი Flash წერს, რომ ძმებმა რონალდოსთან მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აუნაზღაურებელ შვებულებაში გასვლა ითხოვეს. გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელთან მესამე ძმა, ალეშანდრეც მუშაობს, რომელიც ჯერ ისევ პოლიციის ოფიცერია.

სერჟიოსა და ჟორჟეს ახლობელმა ადგილობრივ მედიას უთხრა: "ძმები ელეგანტურად იცვამენ და ნორმალურად გამოიყურებიან. მათ ხალხში არევა ადვილად შეუძლიათ, მაგრამ საეჭვო მოქმედების შემჩნევა და საჭირო დროს რეაგირებაც ძალიან სწრაფად შეუძლიათ."

რონალდოს დაცვამ ყურადღება სწორედ აეროპორტში მიიპყრო - მათ კრიშტიანოს ბარგი გადმოატანინეს და აეროპორტში დატოვეს.

ძმები რონალდოს გვერდით ცოტა ხნის წინ კიდევ გამოჩნდნენ, როცა უოტფორდთან 1:4 წაგების შემდეგ პორტუგალიელს აეროპორტში დახვდნენ. საერთოდაც, 36 წლის ვარსკვლავს დაცვის გაძლიერება მას შემდეგ ურჩიეს, რაც მანჩესტერში კრიმინალური ჯგუფები მოძლიერდნენ და ძარცვებმაც იმატა. 

რონალდოს წარსულშიც საინტერესო მცვლები ჰყავდა. მაგალითად, ნუნუ მარეკოსი, ყოფილი MMA მებრძოლი და ყოფილი საჰაერო-სადესანტო ჯარისკაცი, რომელიც თავისუფალ დროს ხართან ბრძოლითა და კორიდათი არის დაკავებული.

მარცხნივ, თმაშეთხელებული მამაკაცი ნუნუ მარეკოსია, მარჯვნივ მდგომი დიდი ბიჭი კი - გონსალო სალგადო

ლისაბონელი ნუნუ კრიშტიანო მადრიდში ყოფნისას იცავდა. მარეკოსი 8-კაციანი ჯგუფის, ე.წ. ფორკადუშის ლიდერი იყო. ისინი ძალასა და ჭკუას ხარების დასამორჩილებლად იყენებენ. ნუნუ პირველი კაცი იყო, ანუ, ვისკენაც ხარი პირველად მიდის და მისი მოვალეობა ცხოველის რქებში ხელის წავლება და კისერში შემოხვევაა, სანამ ჯგუფის დანარჩენი წევრები ხარს უღელს დაადებენ. 

ასევე, MMA-ის კიდევ ერთი ყოფილი მებრძოლი გონსალო სალგადო კრიშტიანოს დაცვაში ნუნუსთან ერთად იყო. 190 სმ სიმაღლის გონსალო სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვარსკვლავს იცავდა, პროფესიონალურ სპორტში კი მძიმე წონაში 7 ორთაბრძოლა გაუმართავს და 5 ნოკაუტით მოიგო. 

გონსალო სალგადო და კრიშტიანო რონალდო

ტყუპები, რომლებიც კრიშტიანოსა და მის ოჯახს თვალს ადევნებენ, ლისაბონიდან 2 საათის სავალზე მდებარე ქალაქ პომბალის პატარა სოფელში დაიბადნენ, არმიას კი სკოლის დასრულებისთანავე შეუერთდნენ. ისინი იბრძოდნენ დანაყოფში, სახელად “კომანდუშ”, რომელიც ანგოლაში 1962 წელს შეიქმნა და მათი საბრძოლო შეძახილია: “ჩვენ აქ ვართ, თავგანწირვისთვის მზად!”

ერთ-ერთმა ლეიტენანტმა, რომელმაც სამივე ძმასთან ერთად იმუშავა, ადგილობრივ გაზეთს უთხრა, რომ ძმები “მენტალურად და ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან”. 

მოკლედ, პორტუგალიელის ფანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, კრიშტიანოს და მისი ოჯახს საიმედო დაცვა ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები