Thumbnail

მეორედ ATP Cup-ზე - საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები სიდნეიში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ATP Cup-ის მე-3 გათამაშებას ავსტრალია 1-9 იანვარს უმასპინძლებს
  • ქართველი ჩოგბურთელები ტურნირში მე-16 განთესვით ჩაებმებიან

ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციამ მომავალი წლის კალენდარი გამოაქვეყნა, სიადანაც ვგებულობთ, რომ უკვე ტრადიციულად ქცეულ ATP Cup-ს 1-9 იანვარს სიდნეი უმასპინძლებს. თუკი არაფერი შეიცვალა, მასში მონაწილეობას 24 ნაკრები, მათ შორის, საქართველოც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ATP Cup-ის მონაწილეები ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელის რეიტინგის მიხედვით ირჩევიან. ტურნირი პირველად 2020 წელს გაიმართა და საქართველო მასშიც იყო ჩართული, ცხადია, ნიკოლოზ ბასილაშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით. საქართველოს ნაკრები ავსტრალიაში მე-13 განთესვით ჩავიდა, ბასილაშვილის თანაგუნდელები კი ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, გიორგი ცივაძე და ზურაბ ტყემალაძე იყვნენ. ამ გუნდმა, რომლის კაპიტანიც დავით კვერნაძე იყო, ჯგუფში ესპანეთთანა (0:3) და იაპონიასთან (1:2) წააგო, ურუგვაის კი 2:1 სძლია და მე-3 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები ATP Cup-ის რეიტინგში მე-16 ადგილზეა

ATP-ს მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი 2 101 ქულით 22-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა, ვინაიდან მის წინ ერთი და იმავე ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელია, რეალურად, საქართველოს მე-16 განთესვა გამოსდის. ამ კლასიფიკაციით, მომავალ ტურნირში მონაწილეობას სერბეთი, რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ნორვეგია, პოლონეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრია, შვეიცარია, ჩილე, საფრანგეთი, აშშ, ხორვატია, ბულგარეთი, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ყაზახეთი, ბელგია და უნგრეთიც მიიღებენ.

წილისყრის შედეგად, 24 ნაკრები ექვს 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, პლეი ოფში კი 6 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა. რეგლამენტი ასეთია – მატჩი შედგება 3 შეხვედრისგან, 2 ერთეულთა და 1 წყვილთა თანრიგში. საერთო ჯამში, ATP Cup-ზე დაუმარცხებელმა ჩოგბურთელმა შეიძლება 750 ქულა დააგროვოს, ამასთან, მონაწილეები 10 მილიონ დოლარსაც გაინაწილებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველი გამარჯვებული სერბეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ესპანეთი დაამარცხა. 2021 წლის დასაწყისში კოვიდ-პანდემიის გამო შეჯიბრში მხოლოდ 12 საუკეთესო ნაკრები ჩაერთო და გამარჯვება რუსებმა იზეიმეს. მათ გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიას აჯობეს.

კომენტარები

ბოლო ამბები