Thumbnail
  • კევინ დურანტისთვის ბოსტონთან მატჩი განსაკუთრებული გამოდგა
  • ბრუკლინის ლიდერი უკვე ყველა დროის TOP 25-შია

ბოსტონ სელტიკსთან საკმაოდ მარტივად მოგებულ მატჩში (123:104) კევინ დურანტმა კარიერის ახალ, განსაკუთრებულ საფეხურს მიაღწია. 33 წლის KD ახლა უკვე NBA-ს ყველა დროის 25 საუკეთესო მექულეს შორისაა! დურანტმა ბოსტონთან ჩაგდებული 21 ქულით თავის ბავშვობის საყვარელ კალათბურთელს, ალენ აივერსონს გადაასწრო. კევინმა თქვა, რომ ეს “სიურრეალისტური” და “დაუჯერებელი” ამბავია.

“ეს მიღწევა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს,” - აღნიშნა დურანტმა სელტიკსთან მოგებული თამაშის შემდეგ. მას კარიერაში ახლა უკვე 24 388 ქულა აქვს ჩაგდებული და, როგორც ვთქვით, აივერსონს (24 368) გადაასწრო. 

“კალათბურთს ბავშვობიდანვე მივუძღვენი მთელი ცხოვრება. ამ ლეგენდარულ ბიჭებს პატარაობიდან ვუყურებდი და ვაღმერთებდი. ახლა კი, ყველა დროის მექულეებში თვით აივერსონსაც გადავასწარი. ბავშვობაში სწორედ იმაზე ვოცნებობდი, რომ მათნაირი ვყოფილიყავი. მინდოდა, NBA-ში ისე მეთამაშა, როგორც ისინი თამაშობდნენ და ჩემი კვალი დამეტოვებინა ისე, როგორც მათ დატოვეს,” - დასძინა დურანტმა.

აივერსონი კევინის უსაყვარლესი კალათბურთელია. დურანტი: “ყოველდღე ვცდილობდი, რომ მისთვის მიმებაძა. სიურრეალისტური და დაუჯერებელია ის, რომ ახლა უკვე მასზე მეტი ქულა მაქვს ჩაგდებული. ბავშვობაში ცენტრის, ან მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ვთამაშობდი, მაგრამ ჩვენ ყველანი მხოლოდ ქროსოვერებს ვაკეთებდით. აივერსონს ბევრ ადამიანზე დიდი გავლენა ჰქონდა.”

მომდევნო ლეგენდა, რომლის გადასწრებასაც დურანტი შეეცდება, რეი ალენია, რომელსაც ახლა მხოლოდ 117 ქულით ჩამორჩება. ამ სეზონში კევინს შანსი აქვს, საერთოდ TOP 20-ში შევიდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები