Thumbnail

ლებრონი დაბრუნდა და ლეიკერსმა ინდიანაპოლისში დრამატული თამაშის მოგება შეძლო. ოვერტაიმში დაფიქსირებული საბოლოო ანგარიში 124:116 პირველ რიგში სწორედ ჯეიმსის დამსახურებაა!

ლეიკერსის სუპერვარსკვლავმა, რომელიც ნიუ იორკ ნიქსთან დისკვალიფიცირებული იყო (აიზეია სტიუარტთან ცნობილი დაპირისპირების გამო), ინდიანას 39 ქულა ჩაუგდო (13/29) პლუს 5 მოხსნა, 6 პასი და 2 დაფარებაც ჰქონდა. ამ სეზონში ეს ლებრონის საუკეთესო პერფორმანსი გახლდათ, თუმცა ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლებრონმა მთავარი ქულები მატჩის გადამწყვეტ ფაზაში ჩააგდო.

ოვერტაიმში, როდესაც ანგარიში 114:114 იყო, ოთხგზის MVP-მ ჯერ ელინგტონის პასის შემდეგ მაგარი სამქულიანი ჩააგდო, თითქმის ერთი წუთის შემდეგ კი კიდევ ერთი მშვენიერი Stepback-სამიანი შემოგვთავაზა. საფინალო სირენამდე 41 წამით ადრე კი იყო მისი მე-7 და მე-8 ქულები ოვერტაიმში, რითაც თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.

“მარტივია: ძალიან მიხაროდა, რომ ისევ ვითამაშებ. მას შემდეგ, რაც გუშინ თამაში არ შემეძლო, ვიცოდი, რომ ბიჭებს Back-to-Back-ის მეორე საღამოს ჩემი ენერგია ძალიან დასჭირდებოდათ.” - განაცხადა მატჩის შემდეგ ლებრონმა.

მისი მწვრთნელი უფრო შორსაც წავიდა: “ვიცოდი, რომ ამ თამაშის მოგება ძალიან უნდოდა, - აღნიშნა ფრანკ ვოგელმა, - ნიქსთანაც ძალიან სურდა თამაში, ყოველ წელს ასეა ხოლმე. როგორც დღეს ლებრონმა დაცვასა და შეტევაში ითამაშა, ეს, შეიძლება ითქვას, სამარადისო პერფორმანსია.”

ლებრონს ყველაზე კარგად რასელ ვესტბრუკი (20 ქულა, 5/15), სათადარიგო მონკი (17), ელინგტონი და კარმელო ენტონი (ორივე 14) ეხმარებოდნენ. ენტონი დევისს გრიპის სიმპტომების გამო არ უთამაშია, რის გამოც, ლებრონს ბოლო წუთებში ნომინალური ცენტრის პოზიციაზე მოუწია თამაში. 

პეისერსში გოგა ბითაძე განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია. ინდიანას რიგებში ყველაზე პროდუქტიული მალკოლმ ბროგდონი გახლდათ 28 ქულით და კიდევ 6-მა მოთამაშემ შეძლო 10 და მეტი ქულის ჩაგდება - დუარტემ (17), ჰოლიდეიმ (16), საბონისმა (14), ტერნერმა (12), ლევერტმა და მაკონელმა (ორივე 10). 

აღსანიშნავია, რომ ლეიკერსს ამ სეზონში უკვე მეოთხედ მოუხდა ოვერტაიმის თამაში და მეოთხედ მოიგო თამაში ექსტრა-წუთებში.

კომენტარები

ბოლო ამბები