Thumbnail

მილუოკი ფორმაში შევიდა და ზემოთ მიიწევს!

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მეხუთე თამაშის მოგება შეძლო მას შემდეგ, რაც წამყვანი კალათბურთელები დაუბრუნდნენ. ბაქსმა, რომლის რიგებში სანდრო მამუკელაშვილი ისევ გამოჩნდა, ამჯერად დეტროიტი დაამარცხა - 114:93.

ქართველ კალათბურთელს, როგორც იქნა, კვლავ მიეცა სათამაშო დრო. მამუმ თამაშში 2:45 წუთი გაატარა, ქულები კი არ დაუგროვებია. მან ერთხელ სცადა ჩაგდება, როცა კარგად გამოთავისუფლებულმა სამქულიანი ესროლა, მაგრამ არაზუსტად. სამაგიეროდ, მამუკელაშვილს საკმაოდ ეფექტური დაფარება ჰქონდა ლუკა გარზას წინააღმდეგ.


საინტერესოა, რომ მამუკელაშვილს ამ შეხვედრამდე, ბოლოს ასევე დეტროიტთან ჰქონდა ნათამაშები - 3 ნოემბერს, როცა 6 წუთში 5 ქულა ჩააგდო.

მილუოკის ზედიზედ მეხუთე გამარჯვება, პირველ რიგში, ისევ და ისევ იანის ანტეტოკუნმპოს დამსახურება გახლდათ, რომელმაც 31 წუთში 33 ქულა ჩააგდო (12/17). ბერძენს ძალიან კარგად ეხმარებოდნენ ბობი პორტისი (28 ქულა, 10 მოხსნა) და ჯრუ ჰოლიდეიც (22 ქულა).

აღსანიშნავია, რომ ბაქსმა თამაში 14:0 გაქცევით გახსნა. მართალია, ჩემპიონები მომდევნო წუთებში ასე დომინანტურები აღარ ყოფილან, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ თამაში რეალურად აღარც დაძაბულა. საამისოდ მილუოკი ზედმეტად კარგად თამაშობდა დაცვაში. დეტროიტელთა სროლების პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 36 პროცენტი გამოვიდა, ბაქსის კი - 48. აღსანიშნავია უპირატესობა სამქულიანებშიც: 36:15 მილუოკის სასარგებლოდ.

19 თამაშის შემდეგ 11 მოგებით და 8 მარცხით მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციაში უკვე მე-6 ადგილზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს, სტუმრად, დენვერ ნაგეთსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები