Thumbnail

ესპანური El GOL digital-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ვილიარეალის 24 წლის შემტევი ნახევარმცველი არნო დანჟუმა ხრუნეფელდი ამ ზამთარში პრემიერლიგაში გადავა, "წყალქვეშა ნავმა" შესაძლოა, მის შემცვლელად "ესპანეთის გმირ" ხვიჩა კვარაცხელიაზე იფიქროს და ეს არჩევანი "მთავარი სიურპრიზია". 

წაიკითხე | 2018 წელს ჩაკვეტაძე, 2021-ში კვარაცხელია - ლიდერების როლი ნაკრებში

ნიგერიული წარმოშობის ნიდერლანდელი ძალიან მალე გახდა ვილიარეალში ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, მას ჟერარდ მორენოსა და დანი პარეხოზე წინაც აყენებენ. ევროპული მედია ხშირად განიხილავს, დანჟუმას პრემიერლიგაში დაბრუნების შანსებს (ის 2019-21 წლებში ბორნმუთში თამაშობდა და ვილიარეალში 25 მილიონ ევროდ გადავიდა). დანჟუმას ნიდერლანდების ნაკრებშიც იწვევენ. 

"დანჟუმას წასვლა ადრე თუ გვიან გარდაუვალია და მის შემცვლელზე ფიქრი დროულია. მას მერე, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ შვედეთი პირადად დაამარცხა, რითაც ესპანეთს მუნდიალზე წასვლა გაუადვილა, ქართველი ფეხბურთელი ლა ლიგა სანტანდერის კლუბების რადარებზე მოხვდა - ვილიარეალი კი განწირულია, მოძებნოს დანჟუმას შემცვლელი", - წერს GOL digital.

"ვილიარეალში კარგად იციან კვარაცხელიას დიდი პოტენციალის შესახებ. ასე რომ, დანჟუმას გაყიდვით მისი შეძენა შესაძლებელია, რომელიც, სხვათა შორის, კლუბს იაფი ნამდვილად არ დაუჯდება. Transfermarkt ქართველ მარცხენა გარემარბს 18 მილიონ ევროდ აფასებს და მისი ფასი არ მცირდება. ტრანსფერი შესაძლოა, 20 მილიონი ევრო დაჯდეს, რომლის შემცირება ვილიარეალს შეუძლია განსაკუთრებული პუნქტის ჩართვით, რომელიც თამაშების რაოდენობაზე იქნება დამყარებული. ყველაფერი საბოლოოდ ზამთარში დანჟუმას სავარაუდო გაყიდვაზე იქნება დამოკიდებული", - GOL digital.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინში თამაშობს. მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კატარი 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში 4 გოლი გაიტანა და ჯგუფის ბომბარდირი გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები