Thumbnail

„ამათთან შედარებით, 'ენფილდი' ჩაის დასალევად შეკრებილთა წვეულებას ჰგავს." - ასე იხსენებდა გარი პალისტერი სტამბოლში გალათასარაის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩს. შეხვედრას, სადაც არამარტო ფეხბურთელებმა მიიღეს გაკვეთილი, არამედ მთლიანად კლუბმა გაიაზრა, თუ რაოდენ რთული იყო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ყველა მიხვდა, რომ ამ მძიმე თასის ასაწევად, შეუსრულებელი მისიების შესრულება იყო საჭირო.

სერ ალექს ფერგიუსონის მისია, მანჩესტერ იუნაიტედით ჩემპიონთა თასი მოეგო, იმაზე დიდხანს გაიწელა, ვიდრე ინგლისის ჩემპიონის წოდების დაბრუნების 7-წლიანი პროცესი, რომელმაც ფერგი კინაღამ შეიწირა. სერ ალექსის გუნდმა მეტ ბასბის მიღწევა 31 წლის შემდეგ, 1999 წელს გაიმეორა, მაგრამ მანამდე იყო უამრავი წარუმატებლობა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შემზარავი კი 1993 წელს იუნაიტედის სტამბოლში მოგზაურობას უკავშირდება, სადაც ფერგის ცნობილი ფრაზა „Football, Bloody Hell” - ზუსტად ასახავდა იმ ჯოჯოხეთურ გარემოს, რაშიც კანტონამ, ბრაიან რობსონმა და დუბლებიდან დაწინაურებულმა გარი ნევილმა გაიარეს.

ფერგიუსონი 28 წლის წინ თურქეთში გამგზავრებას ასე იხსენებს: „სრულიად დაუცველები ვიდექით, ყველაზე ძალადობრივი და მტრული ხალხის წინაშე, ვინც საფეხბურთო ექსპედიციების დროს მინახავს...“ გუნდის ცენტრალური მცველი გარი პალისტერი ავტობიოგრაფიაში წერს, რომ ამ მატჩს, ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა: „საზარელი სანახაობა იყო, ფეხბურთთან არანაირ კავშირში მყოფი სამარცხვინო დღეები გამოვიარეთ.“

იუნაიტედი იმ წელს ჩემპიონთა თასის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა. კლუბი პრემიერლიგას 13 ტურის შემდეგ 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა და სტამბოლს სწორედ ასეთ ფორმაში მყოფი ეწვია. გალათასარაის დაძლევის შემთხვევაში, მანჩესტერი საუკეთესო რვა გუნდში დაიკავებდა ადგილს და ტიტულისთვის ბრძოლას - მილანის, ბარსელონას და მონაკოს წინააღმდეგ განაგრძობდა.

გალათასარაის ფანები, აეროპორტში იუნაიტედის გამოჩენას ელიან

გუნდის კაპიტან ბრაიან რობსონს ვესტ ბრომვიჩის შემადგენლობაში 1978 წლის უეფას თასზე, სტამბოლში გალათასარაის წინააღმდეგ ნათამაშები და მოგებული ჰქონდა (3:1), მაგრამ იმ ეპოქის თურქული ფეხბურთი და 90-იანების საწყისი წლების თურქეთი ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რაშიც რობსონი პოლიციელის ხელკეტის თავში მოხვედრის შემდეგ ალბათ კიდევ უფრო დარწმუნდა.

გალათასარაის შემადგენლობაში ბიულენთ კორკმაზი, ქერიმოღლუ თუგაი და ჰაქან შუქური თამაშობდნენ - ის ხალხი, ვინც შემდგომ ეროვნული ნაკრების 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეძლო და თურქეთის საფეხბურთო პერიფერიად ყოფნას 42 წლის შემდგ წერტილი დაუსვა. მაგრამ მიუხედავად ამისა, „გალა“ მაშინ სამშობლოში გამოკვეთილად დომინანტი ძალა ჯერ კიდევ არ გახლდათ, ჩემპიონებიც რამდენიმე თვით ადრე მხოლოდ იმიტომ გახდნენ, რომ ბოლო ტურში ანკარაგუჯუს 8-ბურთიანი უპირატესობით მოუგეს.

ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 'ტრაფორდზე' 3:3 დასრულდა. ერიკ კანტონამ მანჩესტერი ჩემპიონთა თასზე ისტორიაში პირველ საშინაო მარცხს გადაარჩინა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, მოედანზე შეჭრილი ქურთი დემონსტრანტი, პეტერ შმაიხელს გალათასარაის ულტრასი ეგონა, რომელიც იუნაიტედის დროშის დაწვას აპირებდა და მოედნიდან ხელებშეკრული გაათრია. პოლიტიკური აქტივისტის წინააღმდეგ ძალის გამოყენება სტამბოლში რიგითი გალათასარაის გულშემატკივრის დამცირებად მიიღეს და გასვლითი მატჩის გარშემო ჯოჯოხეთის ორგანიზებაც სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო.

„აეროპორტში დაგხვდებიან“ - ამას დაპირდა გალათასარაის გერმანელი მწვრთნელი - რაინერ ჰოლმანი ინგლისელ ჟურნალისტებს ტრაფორდზე მატჩის შემდეგ და თან თვალი ჩაუკრა. ჰოლმანი არ შემცდარა, იუნაიტედს 'ათათურქის' აეროპორტში გალათასარაის ასობით ფანი დახვდა, წარწერებით - "Wellcome to the Hell!", "This is the end of the road", "You will die“ და ა.შ.

ბრიტანულმა პრესამ ფანების დახვედრა ძალიან მძაფრად აღიქვა, შემზარავი ტექსტები დაწერეს. მაგრამ ალექს ფერგიუსონმა დამფრთხალ დელეგაციას ხასიათი გამოუსწორა - მეორე დღეს ჰკითხეს, რას ფიქრობთ აეროპორტის ინციდენტზეო და ფერგიმ გაუღიმა - „თქვენ გლაზგოში ქორწილი არ გინახავთ.“

იცით ალბათ, რომ ინგლისურში თურქეთი და ინდაური ერთნაირად იწერება - 'Turkey’. ამიტომ, ინგლისში ერთ-ერთმა ტაბლოიდმა გალათასარაისთან გასვლითი მატჩი იუნაიტედისთვის ადვილ ნადავლად შეაფასა და საშობაო ინდაურთან ‘Stuffed Turkey’-სთან (ბოსტნეულით გატენილი ინდაური) გაავლო პარალელი. ეს სათაური თურქულ პრესას არ გამორჩენია და თამაშის წინ ტემპერატურამ კიდევ უფრო აიწია „გატენილი ინდაური, გატენილი ის, გატენილი ეს, ვნახოთ ხვალ ვის გატენიან!“ - წერდნენ თურქები.

პირველი, რამაც ინგლისელები განაცვიფრა, ეს მოედნზე ფანების გამაყრუებელი ხმა გახლდათ.„ყველაზე გასაოცარი ხმა იყო, რაც ოდესმე ცხოვრებაში მომისმენია“ - ამბობდა 18 წლის გარი ნევილი, რომელსაც კლუბში აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა ჩატარებული. იუნაიტედში მაშინ დიდი სახელები - შმაიხელი, პალისტერი, ინსი, კინი, ჰიუზი და კანტონა თამაშობდნენ, მაგრამ ასეთი რამ არავის ენახა. „ამათთან შედარებით, 'ენფილდი' ჩაის დასალევად შეკრებილთა წვეულებას ჰგავს.“ - ამბობდა გარი პალისტერი.

ბრაიან რობსონს იუნაიტედი მოედანზე გაჰყავს

პალისტერი მატჩის წინ დაიმტვრა და განაცხადიდან ამოვარდა, ფერგიუსონი კი უცხოელებზე წესის გამო ისეთ სიტუაციაში ჩავარდა, რომ შმაიხელი, კანტონა, გიგზი, ირვინი, კინი, ჰიუზიდან - ერთი უნდა გაეწირა. ფერგიმ ჰიუზი დაასვენა, მის ნაცვლად სასტარტოში მაიკ ფელანი ჩაჯდა და იუნაიტედმა მატჩი დიონ დაბლინის შემოსვლამდე, თითქმის უფორვარდოდ ითამაშა.

შეხვედრა 0:0 დასრულდა. ასეთი ჭორი არსებობს, რომ იუნაიტედის სამწვრთნელო შტაბი ფიქრობდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მაშინდელი ინგლისის ლიგის თასის წესები მოქმედებდა, ანუ ნებისმიერი ანგარიშით დასრულებულ ფრეს, მატჩი დამატებით დროში გადაჰყავდა. „არ არსებობს მიზეზი, რომელიც ამ საშინელ თამაშს გაამართლებს და ამ თუნდაც ერთი მიზეზის ძიებაში დროს არ დავკარგავ.“ - ამბობდა გუნდით უკმაყოფილო ფერგი მატჩის შემდეგ. კანტონა სიტუაციას უფრო მოკლედ აღწერდა - „გალათასარაი პატარა გუნდია, მაგრამ ამავე ზომის იყო დღეს მანჩესტერ იუნაიტედიც.“

კანტონამ თავი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დაკარგა, როდესაც მასპინძელთა მეორე მეკარე ნეზი ალი ბოლოღუ დროის გაყვანაში დაადანაშაულა და ჯერ ბურთი წაართვა, შემდეგ მკერდში იდაყვიც მიაყოლა. აქ არ გააგდეს, მაგრამ მატჩის ბოლოს წითელი ბარათი მაინც მიიღო. კანტონა სიტუაციას ბრაიან რობსონმა გაარიდა და როდესაც სტადიონის გვირაბისკენ მიჰყავდა, ნამდვილი 'Welcome to the Hell' მაშინ დაიწყო.

პოლიცილების კორდონში გავლისას, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა კანტონას ხელკეტი ჩაარტყა, კიბეზე დაგორებული ერიკის დასაცავად მისულ ბრაიან რობსონს ფარი მოხვდა და ისიც დაგორდა. „ერიკი წამოხტა, მაგრამ გვირაბის კიბეზე ჩვენი გუნდელები დაეშვნენ და დაგვაწყნარეს. მატჩის მერე იდაყვი გასაკერი გამიხდა...“ - იხსენებდა რობსონი.

მერე გაირკვა, რომ ამ ინციდენტის დროს პოლ პარკერიც დააგორეს, რომელიც შმაიხელს დაეჯახა და ამ უკანასკნელმა მაჯა მოიტეხა. პარკერისგან განსხვავებით, რომელმაც ინტერვიუში დაიფიცა, რომ თურქეთში აღარასოდეს დაბრუნდებოდა, შედარებით შემართებით იყო ვიცე-კაპიტანი სტივ ბრიუსი: „ჩხუბი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ პაციფისტები არც ჩვენ ვართ. გვყავს შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი ბიჭი, რომლებიც, რამე რომ მოხდეს, თავის თავს მიხედავენ.“

„ერიკმა გასახდელში გააფრინა...“  - ცოტა დააკლდათ და მიხედავდნენ, როგორც როი კინი იხსენებს ავტობიოგრაფიაში. „ყველა ჩუმად ვიჯექით, ის კი გარეთ გასვლას და პოლიციელთან ჩხუბის გაგრძელებას ითხოვდა. ერიკი დიდი და ძლიერი ბიჭი იყო, ‘მოვკლავ ნაბიჭვარსო’ ყვიროდა. ბრაიან კიდმა და კიდევ რამდენიმე კაცმა ძლივს დააწყნარეს. ზოგადად, ჩხუბზე უარს არ ვამბობ ხოლმე, მაგრამ ამ სიტუაციაში, არამგონია, რომ კარგი იდეა იყო. გარეთ ბევრი თურქი იდგა!“ - იხსენებს კინი, რომელიც იუნაიტედში პირველ სეზონს ატარებდა.

ერიკ კანტონას გასახდელისკენ მიაცილებენ

ამ ყველაფერის პარალელურად, სტამბოლს ასეულობით იუნაიტედის ფანი სტუმრობდა. რამდენიმე ინგლისელი თამაშის წინა ღამეს დააკავეს და ბაირამფაშას ციხეში „მიდნაით ექსპრესის ექსკურსია“ გაატარეს. სამშობლოში კი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გაუშვეს.

გულშემატკივრების ეს კოშმარული მოგზაურობა მაშინდელ პრესაში არ გაჟღერებულა და მთავრობის მიერ მიჩქმალულ ისტორიად დარჩა. „რაც მათ ჩვენ ფანებს დამართეს, მხოლოდ ამის გამო არიან მოსაკვეთი გათამაშებიდან“ - წერდა ამ ამბავზე კლუბის სტაჟიანი ქომაგი და იუნაიტედზე რამდენიმე წიგნის ავტორი - რიჩარდ კურტი.

მანჩესტერში დაბრუნებულმა ფერგიუსონმა თქვა, რომ თურქეთში ჩასვლა აღარ სურდა -„ოუჩ, მანდ დაბრუნება ნაღდად არ მინდა“, მაგრამ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ალი სამი იენზე ჩასვლა ისევ მოუწია, ის მატჩიც 0:0 დასრულდა, თუმცა 1994 წლის მატჩს, თან გაცილებით უწყინარი ფონი ახლდა.

1993 წლის 3 ნოემბრის სტამბოლის „ჰორორი“, მანჩესტერ იუნაიტედისთვის კარგი ევროპული გაკვეთილი აღმოჩნდა. გარი ნევილი, რომელმაც ბოლო 10 წუთი ითამაშა, ამბობდა, ამ 10 წუთში იმაზე მეტი ვისწავლე, ვიდრე განვილი 2 წლის მანძილზეო. მაგრამ მხოლოდ ფეხბურთელებმა არ მიიღეს გამოცდილება, მთლიანად კლუბმა გაიაზრა, თუ რაოდენ რთული იყო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ყველა მიხვდა, რომ ამ მძიმე თასის ასაწევად შეუსრულებელი მისიების შესრულება იყო საჭირო, მთის ქვეშ დრაკონი სეზონში რამდენჯერმე უნდა მოეკლათ, რაც ‘სტამბოლის გაკვეთილიდან’ 6 წლის შემდეგ შეძლეს კიდეც და იტალიური გრანდების წაქცევის შემდეგ, ფინალი მიუნხენის ბაიერნს ისეთი "ჰორორით" მოუგეს, როგორიც მანამდე არავის ენახა.

ინგლისური და თურქული კლუბების "რაივალი" კი იქამდე მივიდა, რომ 2000 წელს უეფას თასის ნახევარფინალის წინ, ტაქსიმზე ორი ლიდსის გულშემატკივარი - კევინ სპეითი და კრისტოფერ ლოფტუსი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. ამ ინციდენტმისადმი პროტესტმა ფინალშიც გადაინაცვლა, სადაც გალათასარაი ისევ ინგლისურ კლუბს - არსენალს დაუპირისპირდა. ფინალის წინ და ფინალის შემდეგ "კოპენჰაგენის ბრძოლას", კიდევ 4 ადამიანის დაჭრა, ჯამში 60 ფანის დაკავება და ორი ქვეყნის პირველი პირების დონეზე გაკეთებული განცხადებები მოჰყვა.

კომენტარები

ბოლო ამბები