Thumbnail

'ასე მოვიგე ეს ურთულესი ბრძოლა' - გოგიტა არქანია მსოფლიოს ჩემპიონობაზე

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • 37 წლის კარატისტი ახლახან მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა
  • ოჩამჩირელი სპორტსმენი მიღწეულ წარმატებებზე, ოლიმპიადაზე, ომზე

კარატისტი გოგიტა არქანია დუბაიში ახლახან გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 37 წლის არქანიამ მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში მეორედ, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ იზეიმა. ოჩამჩირიდან დევნილი კარატისტი სპორტის ამ სახეობაში 17 წლის ასაკიდანაა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონობა პირველად 30 წლისამ მოიპოვა. რომელი ტიტულის მოგება უფრო ძნელი იყო, რა ახსოვს აფხაზეთის ომის შესახებ, რატომ დარჩა უმედლოდ ოლიმპიადაზე? ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხების მისაღებად პოპსპორტი გოგიტა არქანიას დაუკავშირდა.

POPSPORT: დუბაიში რომელი ბრძოლა იყო განსაკუთრებით რთული?

გოგიტა არქანია: სხვებთან შედარებით, ყველაზე მეტად მონტენეგროელ პრედრაგ სმოლოვიჩთან გამიჭირდა. ეს უკანასკნელი ნებისმიერისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა - იბრძვის დისტანციურად და მისი ტაქტიკის ამოსავალი წერტილი თავდაცვაა. მეტოქისგან ყოველთვის ძალიან შორს დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ მანძილის ჩინებული აღქმა აქვს. ასეთ ბრძოლაში პირველ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ანგარიშში დაწინაურდი, მოწინააღმდეგე იძულებული გახდება, რომ ტაქტიკა შეცვალოს. მაგრამ პირველი ქულის აღება არ უნდა იჩქარო. უნდა გახსოვდეს, რომ ოპონენტი შეცდომას აუცილებლად დაუშვებს, მიზანი კი ამ შეცდომის გამოყენება უნდა იყოს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ურთულესი ბრძოლა, თანაც ტურნირის საწყის ეტაპზე, ტაქტიკურად, გამოცდილების ხარჯზე მოვიგე. 

POPSPORT: 7 წლის შემდეგ მეორედ გახდი მსოფლიოს ჩემპიონი. რომელი ტიტული უფრო რთულად მოსაპოვებელი იყო?

არქანია: ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი. 30 წლის ვიყავი, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ველოდი ამ წარმატებას. იმ პერიოდში ჩემს წონით კატეგორიაში ძალიან ბევრი, მაღალი დონის სპორტსმენი იყო. ისინი იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ რამის პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელი გახლდათ.

გოგიტა არქანია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია

POPSPORT: როგორ აფასებ ოლიმპიადაზე შენს გამოსვლას?

არქანია: როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე რჩები, საღად მოაზროვნე ადამიანი ამას წარმატებად, რა თქმა უნდა, ვერ აღიქვამს. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ იყო სუბიექტური მიზეზებიც. არ გამიმართლა წილისყრაში, შემხვდა ძალიან ძლიერი ჯგუფი. ჩემთან ბრძოლისას გერმანელმა მეტოქემ ხელი მოიტეხა, რომელმაც ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა, შესაბამისად, სხვა მეტოქეებს მასთან ავტომატურად გამარჯვება ჩაეთვალათ. არც კალენდარი იყო ჩემთვის სასიკეთოდ შედგენილი. სადებიუტო შეხვედრა ძალიან ძლიერ იაპონელ სპორტსმენთან მქონდა. რიუტარა არაგა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მყავდა დამარცხებული, მაგრამ ოლიმპიადაზე ვეღარ ვაჯობე. მოკლედ, ჩემს მხარეს იღბლის ერთი პროცენტიც კი არ იყო. ამ ყველაფერს დაემატა ნერვიულობა და სტრესი. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ საუკეთესო თვისებები ვერ გამოვავლინე.


ზოგადად, კარატეში ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება ძალიან რთულია. ორი თვის მანძილზე მონაწილეობა თითქმის 20 ტურნირში მივიღე, შესაბამისად, უმედლოდ დარჩენა ამის გამოც ძალიან გულდასაწყვეტი იყო.

POPSPORT: აფხაზეთიდან დევნილი ხარ. 5 წლის იყავი, როდესაც ოჩამჩირიდან წამოხვედი. გახსოვს ის პერიოდი?

არქანია: აბსოლუტურად ყველაფერი მახსოვს. ოჩამჩირელი ვარ. ჩემი სოფელი დაიბომბა, რასაც ჩვენი ოჯახის წევრის გარდაცვალება მოჰყვა. ჩემმა ახალგაზრდა მშობლებმა სახლ-კარი დაკარგეს. ასე გავხდით დევნილები. ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ. ურთულესი პერიოდი იყო. ისე მოხდა, რომ ამ უდიდესმა ნეგატივმა გაგვაძლიერა. მეც გამიმართლა და სპორტის ამ სახეობაში მოვხვდი.

POPSPORT: უახლოესი მნიშვნელოვანი შეჯიბრი როდის გექნება?

არქანია: პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი გაისად, მაისში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატია, ივლისში კი ე.წ. მსოფლიო თამაშებია, რომელიც აშშ-ში ტარდება. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით ამ ტურნირის ლიცენზიანტი ვარ. შესაბამისად, მასში მონაწილეობაში ხელს ვერაფერი შემიშლის.

POPSPORT: თავის დროზე კომერციულ ტურნირებშიც გამოდიოდი. დღეს რამდენად აქტუალურია შენთვის ეს გამოწვევა?

არქანია: მქონდა პერიოდი, როდესაც თვეში ორჯერ კომერციულ ტურნირებში ვიღებდი მონაწილეობას. ეს ჩემი არსებობის ერთადერთი შესაძლებლობა იყო. ახლაც მხოლოდ კარატეთი ვცხოვრობ. ამაზე კარგად არაფერი ვიცი. მაქვს სკოლა, რომელშიც მე და ჩემი მეუღლე პატარა კარატისტებს ვავარჯიშებთ. კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა ახლაც შემიძლია, უბრალოდ, ამისთვის დრო არ მრჩება. როდესაც ჩემი კარიერის ამ ეტაპს დავასრულებ, შემდეგ, შესაძლოა, კომერციულ ტურნირებზეც ვიფიქრო.

ქართველი კარატისტისთვის 2021 წელი წარმატებული გამოვიდა

გარდა მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ოქროს მედლისა, გოგიტა არქანია 2008 წლის ტოკიოში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. მის აქტივშია მესამე ადგილი ევროპის ორ ჩემპიონატზეც.

კომენტარები

ბოლო ამბები