Thumbnail
  • 2021 წლის საუკეთესო U21 ფეხბურთელი პედრი გახდა
  • ესპანელმა მეორეადგილოსან ბელინგემს სარეკორდო უპირატესობით აჯობა

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტის” ტრადიციული გამოკითხვის შედეგი ცნობილია: Golden Boy 2021 ბარსელონას ესპანელი ფეხბურთელი პედრი გახდა!

ევროპის წლის საუკეთესო U21 ფეხუბრთელის წოდება ესპანელმა იმით დაიმსახურა, რომ ძალიან სწრაფად გახდა ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების შეუცვლელი ფიგურა. მან 318 ქულა მოიპოვა და დიდი უპირატესობით აჯობა დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს, რომელმაც 199 ქულა აიღო. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულსა და მეორეადგილოსანს შორის ასეთი დიდი სხვაობა აქამდე არასდროს ყოფილა.

ამრიგად, 18 წლის პედრიმ დორტმუნდის ბორუსიას გოლეადორი ერლინგ ჰაალანდი შეცვალა, რომელიც ტუტოსპორტის Golden Boy-ს შარშანდელი გამარჯვებულია.

ამასთან, “ტუტოსპორტმა” 21 წელზე მეტი ასაკის საუკეთესოც დაასახელა - წოდება “Golden Player” მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაიმსახურა. ეს უკანასკნელი ყოფილმა სუპერვარსკვლავებმა აირჩიეს - ისეთებმა, როგორებიც არიან ანდრეი შევჩენკო, ლოთარ მათეუსი, პაველ ნედვედი და სხვები.

პედრი წლის საუკეთესო U21 ფეხბურთელად დაასახელეს

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა ზალცბურგის გერმანელმა ტალანტმა კარიმ ადეიემიმ მიიღო და სწორედ ის გახდა “Web Golden Boy”, მთავარი ჯილდოს მფლობელი პედრი კი საუკეთესოდ 40 რჩეული ჟურნალისტისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა. ჟიურის თითოეულ წევრს 5 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა დაესახელებინა - და შეეფასებინა ქულებით 10, 7, 5, 3 და 1.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ გამოცემას თავდაპირველ სიაში 105 ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავდა, შემდეგ ჩამონათვალი ჯერ - 80, მერე კი 60 ფეხბურთელამდე დავიდა. თავიდან სიაში იყო საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც კარგი შედეგები ჰქონდა, თუმცა TOP 40-ში ვეღარ მოხვდა.

პრესტიჟული ჯილდოს შარშანდელი გამარჯვებული დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი იყო (2020). მანამდე, Golden Boy მიღებული აქვთ: პორტუგალიელ ჟოაო ფელიქსს (2019), ნიდერლანდელ მატეის დე ლიხტს (2018) და ფრანგ კილიან მბაპეს (2017). 

ტრადიციულად, ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელის გამოვლენაში მონაწილეობას გამოცემები: Corriere dello Sport, Gazzetta dello Sport, Marca, L’Equipe, Bild, The Times, Blick, De Telegraaf, A Bola, Aftonbladet და SportDay იღებენ. დაჯილდოების ცერემონიალი კი 13 დეკემბერს, ტურინში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები