Thumbnail
  • ჩავის სადებიუტო მატჩი შედეგის თვალსაზრისით წარმატებული იყო
  • სამშაბათს, ბარსას ახალ მწვრთნელს პირველი “ფინალი” ელის

მომავალში, როდესაც ფეხბურთის მოყვარულები სტატისტიკაში მოძებნიან, როგორი დებიუტი ჰქონდა ჩავი ერნანდესს ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე, აღმოაჩენენ, რომ კატალონიურმა გრანდმა ლეგენდარული ნახევარმცველის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი მოიგო და გოლიც არ გაუშვა. თუმცა, ესპანიოლთან კატალონიურ დერბიში დაფიქსირებული 1:0, როგორც შედეგი, სიმართლეს ბოლომდე არ ამბობს.

ბურთის ფლობის, მოძრაობისა და პრესინგის თვალსაზრისით ბარსას გარკვეულწილად ეტყობოდა ის ხელწერა, რის დანერგვასაც ჩავი ფანებს დაჰპირდა. თამაშის სტილი არ იყო ხოსეპ გვარდიოლას სტილისგან ძალიან შორს.

ბარსელონამ, რომლის ძირითად შემადგენლობაში ჩავიმ 17 წლის ილიას ახომაში ათამაშა, გოლი მხოლოდ ერთი გაიტანა და ისიც მეორე ტაიმში, საკამათო პენალტით (დეპაი), ბოლო წუთებში კი გადარჩა, რადგან მინიმუმ ერთი ბურთი მაინც უნდა გაეშვა: ესპანიოლის ფორვარდმა ლანდრი დიმატამ ბარსას კარს ახლო მანძილიდან ააცილა, ხოლო რაულ დე ტომასმა კი ორჯერ მოარტყა ბურთი ძელს. თუმცა, საბოლოოდ ითვლება ის, რაც ტაბლოზე წერია: 1:0, მოგება, 3 ქულა, მშრალად შენახული კარი.

თუ კატალონიურ გრანდს სამშაბათს ნაკლებად გაუმართლებს, შესაძლოა, ძალიან ცუდი რამ მოხდეს. ჩავის ხელმძღვანელობით ბარსას მეორე მატჩი ლისაბონის ბენფიკასთან უწევს - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში. ამ შეხვედრაში საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა-არგასვლას და ამით ყველაფერი ნათქვამია.

ბარსელონა 4 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა, მაგრამ 6 ქულა კიევის დინამოსთან ორი მოგებით (1:0, 1:0) აქვს მოპოვებული, მანამდე კი ბაერნთანაც (0:3) და ბენფიკასთანაც (ასევე 0:3) ძალიან უიმედოდ წააგო.

17 წლის ილიასი ბარსას ძირითად შემადგენლობაში იყო

ჩავის გუნდისთვის ბენფიკასთან წაგება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ ბარსას შეიძლება ფრეც არ ეყოს, რადგან ბოლო ტურში ბაიერნს უნდა ესტუმროს, ბენფიკა კი ბოლოს კიევის დინამოს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში გამარჯვებულს ენიჭება, ბენფიკას კი ბარსასთვის, როგორც უკვე ვთქვით, წინა თამაში 3:0 აქვს მოგებული.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა და ევროპალიგაზე გადასვლა ისედაც უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფი ბარსელონასთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩავის მეორე მატჩი უკვე გარდამტეხი და გადამწყვეტია - ფაქტობრივად ფინალი მომავლისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები