Thumbnail

'კარიერის საუკეთესო მატჩი' - ზვერევმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალექსანდერ ზვერევი 6:4, 6:4 დანიილ მედვედევი
  • გერმანელმა ჩოგბურთელმა პრესტიჟული ტიტული მეორედ დაისაკუთრა

24 წლის გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდერ ზვერევი ტურინში გამართული ATP-ს წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული გახდა. საშამ ფინალში რუსი დანიილ მედვედევს 6:4, 6:4 სძლია და ამით, ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

ცნობისთვის, ზვერევმა ჯგუფში მედვედევთან 3:6, 7:6 (3:7), 6:7 (6:8) წააგო, ამჯერად კი, ასეთი ბრძოლა არ ყოფილა. გერმანელი ჩოგბურთელი აშკარად უკეთ გამოიყურებოდა, 4-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება არ დაუთმია.

შედეგად, საშამ წლის შემაჯამებელ ტურნირზე მედვედევის 9-მატჩიანი წარმატებული სერია შეწყვიტა. შარშან რუსმა ჩოგბურთელმა ტიტული დაისაკუთრა და გზად 5 გამარჯვება იზეიმა, წლევანდელ ფინალამდე კი 4 მატჩი მოიგო.

ზვერევმა წლის შემაჯამებელ შეჯიბრზე მეორედ იმარჯვა. პირველად მან წარმატებას 2018 წელს მიაღწია. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერია 6 ტიტულით, შემდეგ 5-5 მოგებით ჩეხი ივან ლენდლი, ამერიკელი პიტ სამპრასი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მოდიან, რუმინელ ილიე ნასტასეს 4 გამარჯვება გააჩნია, ჯინ მაკინროისა (აშშ) და ბორის ბეკერს (გერმანია) – 3-3, ბიორნ ბორგს (შვედეთი), ლეიტონ ჰიუიტსა (ავსტრალია) და ზვერევს კი – 2-2.

“ფინალში იმ ჩოგბურთელს მოვუგე, ვისთანაც ზედიზედ 5 მარცხი მქონდა. ცხადია, რომ წარმატებისთვის საჭირო იყო ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩამეტარებინა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დასასვენებლად გამარჯვებული მივდივარ. ამასთან, უკვე შემდეგ სეზონზე ვფიქრობ”, - განაცხადა ზვერევმა, რომელიც 1990 წლის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მსოფლიოს პირველ და მეორე ჩოგნებს აჯობა. შეგახსენებთ, რომ მან ნახევარფინალში კლასიფიკაციის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები