Thumbnail
  • მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგაში სტუმრად ბასკონია დაამარცხა
  • თორნიკემ ყოფილ კლუბთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

თორნიკე შენგელიას გუნდმა ცსკა-მ ევროლიგაში მორიგი გამარჯვება სტუმრად ბასკონიასთან იზეიმა - ქართველი ფორვარდის ყოფილ გუნდთან. თავად თორნიკემ ამ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 80:74 მოიგო, 15 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

შეგახენებთ, რომ შენგელია ბასკონიაში 2014-2020 წლებში თამაშობდა და ამ გუნდის ლიდერი იყო. ქართველმა კალათბურთელმა ვიტორიის კლუბში 2019-2020 წლებში ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა, რის შემდეგაც ცსკა-ში გადაბარგდა. 

შენგელია ბასკონიასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა

ბასკონიასთან მატჩის შემდეგ 30 წლის ქართველმა კალათბურთელმა კომენტარი გააკეთა:

"მოედანზე თამაშის დასაწყისიდანვე ბრძოლა გავაჩაღეთ და ბოლომდე არ გავჩერდით. გვქონდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ თვითკონტროლი შევინარჩუნეთ.

ბასკონიას საკადრისი უნდა მივაგო იმ თამაშისთვის, რაც აჩვენა. მეტოქე კარგი იყო. როგორც სჩვევიათ, არ დანებდნენ და ბოლომდე გააგრძელეს ბრძოლა. თამაში ძალიან საინტერესო გამოვიდა. 

ამ ქალაქში დაბრუნება ჩემთვის ყოველთვის ემოციურია. ერთბაშად ბევრი მოგონება ჩნდება. ამ ხალხის, ქალაქისა და კლუბის მიმართ დიდი სიყვარული მაკავშირებს".

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში 6 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს. შენგელიას გუნდს ტურნირში მომდევნო შეხვედრის ჩატარება 25 ნოემბერს, შინ ბაიერნთან უწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები