Thumbnail

სად არის ჩინელი ჩოგბურთელი? ვიცე-პრემიერი სექსუალურ ძალადობაში ამხილა და გააქრეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • შუაი პენი უკვალოდ გაქრა, მას ვერავინ პოულობს
  • ჩინელი ჩოგბურთელის პოსტიც წაშლილია და ექაუნთიც
  • WTA ჩინეთს ტურნირების გაუქმებით ემუქრება

ეს ამბავი მხატვრულ ფილმში ნანახს ჰგავს, მაგრამ სამწუხაროდ, ნამდვილია…

მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი ჩჟან გაოლი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, ჩინელი ჩოგბურთელი, 35 წლის შუაი პენი უკვალოდ გაქრა. არავინ იცის, სად იმყოფება წყვილთა თანრიგში უიმბლდონისა და საფრანგეთის ღია პირველობების ყოფილი გამარჯვებული და უკვე ატეხეს განგაში როგორც ჩოგბურთის ვარსკვლავებმა, ისე ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA).

შუაი პენმა 2 ნოემბერს ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ 2018 წელს გაოლიმ ის გააუპატიურა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ამ რანგის ჩინოვნიკისა და პოლიტიკოსის მიმართ ასეთი მძიმე ბრალდება აქამდე არასდროს ყოფილა.

ჩოგბურთელის პოსტი სულ რაღაც 20 წუთში წაიშალა - როგორც იცით, ჩინეთში უმკაცრესი ცენზურაა. ამ დროისთვის კი შუაის ექაუნთი Weibo-ზე აღარც არსებობს.

უფრო უარესიც: როგორც ირკვევა, ჩოგბურთელი მას შემდეგ არსად აღარ ჩანს - უკვალოდ გაქრა. მასთან, ან მისი ოჯახის წევრებთან კონტაქტს ვერც WTA ამყარებს და ვერც ჩოგბურთელები, რომლებიც მისი მეგობრები არიან. სოციალურ ქსელებში ბევრი ემოციური პოსტი იწერება ჰეშტეგით #WhereIsPengShuai (ქართულად: სად არის შუაი პენი).

მომხდარს დიდი სლემის ტურნირების 4-გზის გამარჯვებული ნაომი ოსაკაც გამოეხმაურა: “ახლახან გავიგე, რომ ის დაიკარგა მას შემდეგ, რაც ყველას გააგებინა, რომ მასზე სექსუალურად ძალადობდნენ. ცენზურა არასდროსაა მისაღები. იმედი მაქვს, რომ უსაფრთხოდ და კარგადაა. ამ ამბით შოკირებული ვარ,” - წერს 24 წლის ოსაკა.

სამწუხაროდ, დიდი შანსია, რომ დაკარგული ჩოგბურთელი კარგად არ იყოს. საქმე ისაა, რომ ჩინეთში უმეტესად ძალიან ცუდად აქვთ ხოლმე საქმე ისეთ ადამიანებს, რომლებიც სისტემის გაკრიტიკებას გაბედავენ. ასეთ სპეციალურ ჯგუფს უფლება აქვს, კომუნისტური პარტიის მითითებით ადამიანი ნახევარი წლითაც კი დააპატიმროს - თანაც ისე, რომ არავის არაფერი გააგებინოს, მათ შორის, არც ოჯახის წევრებს. ასეთ დროს არავინ იცის, რა მოსდით და სად არიან დაპატიმრებულები…

წყვილთა თანრიგში მას უიმბლდონის და საფრანგეთის ღია პირველობა აქვს მოგებული

WTA-ს ბოსმა სტივ საიმონმა “ნიუ იორკ თაიმსს” უთხრა, რომ ჩინეთის ჩოგბურთის ფედერაციიდან მიიღო ცნობა, რომლის მიხედვითაც, შუაი პენი უსაფრთხოდაა. “ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ის პეკინშია, მაგრამ ამ ცნობას ვერ დავადასტურებ, რადგან მასთან პირადად არ მისაუბრია.”

ადამიანთა უფლებების ჩინელი დამცველისთვის, ბიაო ტენისთვის ყველაფერი გასაგებია: “თუკი შუაის შესახებ ერთადერთი ცნობა ჩინეთის ჩოგბურთის ფედერაციამ მოგვაწოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ჩინეთის მთავრობამ გააქრო, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოდ ნამდვილად არ არის.”

საიმონი კი ჩინეთს საჩოგბურთო ტურნირების გაუქმებით ემუქრება...

კომენტარები

ბოლო ამბები