Thumbnail

კანელოს ახალი ბრძოლა - მექსიკელი კრივის ისტორიის შეცვლას აპირებს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • საულ ალვარესი ნახევრად მძიმე წონის ქამრისთვის იბრძოლებს
  • მოგების შემთხვევაში, კანელოს ჩემპიონის ტიტული 5 წონაში ექნება
  • მექსიკელი კრივის ისტორიაში პირველი გახდება, ვინც ამას შეძლებს

საულ "კანელო" ალვარესი შეეცდება მსოფლიოს ჩემპიონი მე-5 წონაში გახდეს - ამჯერად მექსიკელმა მიზანში ნახევრად მძიმე წონა (cruiserweight) და მისი ჩემპიონი ილუნგა მაკაბუ ამოიღო.

დღეს WBC-მ ყველასთვის მოულოდნელად გამოაცხადა, რომ წითური მექსიკელი მაისში ან ივნისში ახალი ქამრისთვის იბრძოლებს.

"ცოტა ხნის წინ WBC-მ ერთხმად გადაწყვიტა, რომ კანელო WBC-ის ნახევრად მძიმე წონის მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის იბრძოლებს. ეს ჩემთვისაც დიდი სიურპრიზია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახალი ისტორიის შექმნას განაგრძობს", - ციტირებს talkSPORT ორგანიზაციის პრეზიდენტ მაურისიო სულაიმანს. 

კონგოელი ილუნგა მაკაბუ ამჟამად WBC-ის ნახევრად მძიმე (91 კგ-მდე) წონითი კატეგორიის ჩემპიონია, რომელმაც ქამარი ოლეკსანდრ უსიკის მძიმე წონაში გადასვლის შემდეგ მოიგო. 

90 კგ წონისა და 34 წლის კონგოელს კარიერაში 30 ბრძოლა გაუმართავს და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. პირველად სადებიუტო ბრძოლაში წააგო, ბოლოს კი 2016 წელს, როცა ტონი ბილიუმ "გუდისონ პარკზე" ჩემპიონის ქამარი არ დაანება. ბილიუს უსიკმა მოუგო, უსიკი წავიდა, ბრიტანელი კი აღარ ჩხუბობს და ჩემპიონიც მაკაბუ გახდა. 

საულ ალვარესი კი ბოლოს სუპერსაშუალო წონის ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა და ერთმანეთის მიყოლებით ქელამ სმითს, ბილი ჯო სანდერსსა და ქალებ პლანტს მოუგო. მაგრამ მაკაბუ ალვარესისთვის ნამდვილი გამოწვევაა - მასზე 14 კილოთი მძიმე და 12 სანტიმეტრით მაღალია. თან, მექსიკელს 79 კგ-ზე უფრო მძიმესთან არასდროს უჩხუბია. 

მაკაბუმ ზედიზედ 9 ბრძოლა მოიგო, ბოლოს კი სამშობლოში ოლანდრევაჯუ დუროდოლა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კონგოელს კარიერაში სამი ქართველისთვის მოუგია, თან ყველა დაანოკაუტა...

კანელო ალვარესს სურს, კარიერის დასრულების შემდეგ "კრივის მეფის" ტიტული ჰქონდეს. თუ მოახერხებს და ჩემპიონობას მე-5 წონაშიც მოიპოვებს, ამ მიღწევით კრივის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება. 

ამის მიუხედავად, საულ ალვარესს საუკეთესობასთან კარიერაში ერთადერთი მარცხი აშორებს. ალბათ, რომ არა ფლოიდ მეივეზერთან წაგება, კანელოს ამდენი ქამარი არ დასჭირდებოდა, მაგრამ ახლა სჭირდება. 

საქმეს ცოტა ავანტიურისტულად მივუდგეთ და წარმოვიდგინოთ, თუ მექსიკელი ნახევრად მძიმე წონაში ჩემპიონი გახდა, უფრო მაღლა მხოლოდ 1 - მძიმე წონა ექნება დარჩენილი. და თუ ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონმა უსიკმა მძიმე წონის ჩემპიონი ენტონი ჯოშუა დაამარცხა, რატომ არ ეცდება იგივეს კანელო?! მიუხედავად იმისა, რომ კანელოსა და ტაისონ ფიურის ჩხუბი ზედმეტად წარმოუდგენელ სურათად ჩანს...

მოკლედ, მექსიკელი კრივში დიდი ცეცხლის დანთებას ცდილობს და ვნახოთ, რა გამოუვა.

კომენტარები

ბოლო ამბები