Thumbnail
  • არგენტინისა და ბრაზილიის მატჩში გოლები არ გავიდა
  • თუმცა თამაში მაინც ემოციური იყო, რადგან პროვინციულ სან ხუანში გაიმართა

ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, მაგრამ ვერც გოლები ვნახეთ და თამაშს, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა, არც გამარჯვებული ჰყავდა - არგენტინამ და ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის გიგანტების დუელში 0:0 ითამაშეს.

მართალია, გოლები არ გასულა, მაგრამ მატჩი მაინც ემოციური გამოვიდა. მიუხედავად კუნთის პრობლემების გამო ნეიმარის არყოფნისა, "სელესაოს" საუკეთესო შანსები ჰქონდა - ვინისიუს ჟუნიორმა ემილიანო მარტინესთან ერთიერთზე ვერ გაიტანა, ფრედმა კი ბურთი ძელს მოარტყა. არგენტინას იმაშიც გაუმართლა, რომ ნიკოლას ოტამენდი რაფინიასთან ორთაბრძოლის შემდეგ წითელ ბარათს გადაურჩა.

მატჩი არგენტინის ძალიან პატარა ქალაქ სან ხუანში გაიმართა და ბუნებრივია, ლიონელ მესის თამაშმა იქ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია. ლეომ გიგანტების მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწრო (პარი სენ-ჟერმენში ისევ ნაწყენები არიან, მაგრამ ეს ცალკე თემაა), სანხუანელები კი ამ შეხვედრის ბილეთების რიგში ღამეებს ათენებდნენ.

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა

მიუხედავად 0:0-ისა, სან ხუანშიც და სრულიად არგენტინაში შეუძლიათ, რომ კმაყოფილები იყვნენ: ბრაზილიის (35 ქულა) შემდეგ, მუნდიალზე თამაში “ალბისელესტემაც” (29 ქულა) გაინაღდა. ეკვადორს 23 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, მერე კი მეოთხე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა: ბოლივიამ (ახლა 15 ქულა) ურუგვაის ნაკრები 3:0 დაამარცხა და კოლუმბიას, პერუს (ორივეს 17 ქულა აქვს), ჩილეს და ურუგვაის (16-16) უდიდეს კონკურენციას უწევს. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკაში მეოთხეადგილოსანიც პირდაპირ მუნდიალზე გადის, მეხუთეადგილოსანს კი ინტერკონტინენტალური პლეი ოფი მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები