Thumbnail

1964 წლის 18 ნოემბერია. შუადღეს მთელი საქართველო რადიომიმღებს ტაშკენტის ტალღაზე მომართავს.

3 საათისთვის ტაშკენტის ფახთაქორის სრულიად სავსე და ხმაურიანი სტადიონის აღმოსავლეთის ტრიბუნაზე იშლება თვითნაკეთი ტრანსფარანტი წარწერით "დინამო - მხოლოდ გამარჯვება!". წარწერა რუსულადაა შესრულებული და თბილისელებს საბჭოთა კავშირში მოსკოველების წინააღმდეგ პირველობისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს.

თუმცა, ამ დროისთვის, ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის უბრალო საქმე არაა. წარმოუდგენელია, სამხრეთული სპონტანური და არტისტული სტილის პირველობა იმპერიაში, რომლის წამყვან ძალად დიდი რუსეთი მიიჩნევა. საბჭოთა კავშირში, როგორც წესი, ყოველთვის ყველაფერი მართულია და კარგად შემუშავებულ მექანიკურ წვრთნასაა დაქვემდებარებული - უნაკლოდ დისციპლინირებული საბჭოთა მოქალაქის მისაღებად. საქართველო კი ამ მექანიზმში განსხვავებული, უნიკალური და პატარა ნაწილია და ის მუშაობის საერთო სტილისგან ვერ განცალკევდება. თითქოს, ვერ გაურბის იმას, რომ კრემლისთვის საბჭოთა კავშირის მწვანე მოედნებზე ლიდერობა მხოლოდ მოსკოვს შეუძლია.

საბჭოთა ფეხბურთი, როგორც პროპაგანდის იარაღი

სპორტი საბჭოთა კავშირში ფიზკულტურას, მოქალაქეების გაჯანსაღების საერთო გეგმას უკავშირდებოდა. წესრიგის, ორგანიზების და დისციპლინის გასავრცელებლად საუკეთესო საშუალება იყო ერთგვარი სპორტსაზოგადოებები, რომელთა პროფესიონალიზაცია ოფიციალურად არასდროს ხდებოდა. ისინი სხვადასხვა საბჭოთა ინსტიტუტებთან ასოცირდებოდა და მათში გაწევრიანება მოხალისეობრივად, არაპროფესიონალურ დონეზე ასპარეზობისთვის ხდებოდა.

საბჭოთა ნაციონალურ პოლიტიკაში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობდა ფეხბურთი, რადგან სპორტის ეს სახეობა თითქმის ყველა რესპუბლიკაში ყველაზე მასობრივ და სანახაობრივ ღონისძიებას წარმოადგენდა. თუმცა, ფეხბურთს საბჭოთა კავშირში, ერთგვარ "კომუნალურ ბინაში", სადაც რამდენიმე სხვადასხვა ხალხი და ეთნოსი საერთო სივრცეში "ჰარმონიულად" და შეთანხმებულად თანაცხოვრობდა, ერთი პარადოქსი ახასიათებდა: ერთი მხრივ, სხვადასხვა რესპუბლიკებს შეეძლოთ, ჰყოლოდათ საკუთარი წარმატებული გუნდები, რომლებიც საბჭოთა დონეზე ელიტის წევრები გახდებოდნენ. დროთა განმავლობაში, რამდენიმე რესპუბლიკისთვის ასეთი გუნდები ნომინალურ ეროვნულ ნაკრებებადაც კი იქცნენ. მეორე მხრივ, სტალინის ეპოქაში პერიფერიული გუნდებისთვის არსებობდა განსაზღვრული ლიმიტები, რომლის მიხედვითაც არარუსულ გუნდს კავშირში პირველობაზე პრეტენზია არასდროს უნდა ჰქონოდა, ხოლო არარუს ფეხბურთელთა საერთაშორისო წარმატებას არასდროს უნდა დაეჩრდილა რუსი ფეხბურთელების დომინაცია.

მიხეილ მესხი

ფეხბურთი, როგორც უნივერსალური საერთაშორისო ენა, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია ქვეყნის იმიჯის გლობალურად წარსადგენად. სტალინის ეპოქის საბჭოთა კავშირის მმართველობისთვის, როგორც დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებთ ხოლმე, ორმაგად მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო გამარჯვებების მოპოვება იმის დასამტკიცებლად, რომ საზოგადოების მართვის და განვითარების საბჭოთა ხედვა ყველაზე სწორი და ყველაზე წარმატებული გზაა. სტალინის პერიოდში კარგა ხანს საბჭოთა ნაკრები არ მონაწილეობდა საერთაშორისო ტურნირებში იმ მიზეზით, რომ მშრომელი საზოგადოებებისგან შექმნილი ქვეყანა დასავლურ ბურჟუაზიულ კომერციალიზებულ ფეხბურთს ბოიკოტს უცხადებდა. თუმცა, 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე საბჭოთა საფეხბურთო ნაკრები პირველად გამოჩნდა ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის "დინამოს" მანამდეც ჰქონდა ბრიტანული ტურნეს გამოცდილება, 1952 წელი იყო სტალინის მმართველობის პერიოდში პირველი და, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, უკანასკნელი საერთაშორისო შეჯიბრება ნაკრებისთვის. და მას განსაკუთრებით სურდა, ევროპულ მოედნებზე კავშირის გამოჩენა ბრწყინვალე გლობალური გამარჯვებით შემორჩენოდა ისტორიას. ნაკრები მაშინ ძირითადად ცდკა-ს (ახლანდელი ცსკა) ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. წითელი არმიის კლუბად წოდებული ცდკა ეროვნულ გუნდს ავსებდა ე.წ. "ჯარისკაცი-ფეხბურთელებით", როგორც მათ ევროპულ პრესაში უწოდებდნენ ხოლმე. სტალინის "ჯარისკაცებს" შორის ორი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობდა - ავთანდილ ჭკუასელი და ავთანდილ ღოღობერიძე.

საბჭოთა ნაკრები მერვედფინალში იუგოსლავიის ნაკრებთან დამარცხდა. ეს მოვლენა იმდენად მძაფრად აღიქვეს კრემლში, რომ მარცხს მოსკოვში ფეხბურთელების წინააღმდეგ რეპრესიები მოჰყვა, ხოლო ცდკა მალევე დაიშალა. თუმცა ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ერთი მომენტი: იუგოსლავიასთან ბოლო თამაშში მწვრთნელმა ბორის არკადიევმა შეცვლაზე თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა თავდამსხმელი, ავთანდილ ჭკუასელი შეიყვანა ("ზენიტის" ფეხბურთელის, მარიუტინის ნაცვლად). ჭკუასელისთვის 1952 წლის 22 ივლისს ჩატარებული ეს თამაში ნაკრებში პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა. როდესაც დღეს მოსკოვში ამ საბედისწერო შეჯიბრებას იხსენებენ, ზოგჯერ ახსენებენ გამოუცდელი ქართველის არადამაჯერებელ გამოსვლასაც. თუმცა, როგორც წესი, მის შესახებ დისკუსიას იქვე მოჰყვება არც თუ ისე უსაფუძვლო ახსნაც, რომელიც იმ დროის საბჭოთა კავშირში სტალინის შემდეგ ყველაზე გავლენიან ქართულ სახელს უკავშირდება.

წარმატებული საფეხბურთო საზოგადოება - ძლიერი პოლიტიკური ლიდერის სიმბოლო

ამბობენ, რომ ლავრენტი ბერია ფეხბურთს თავადაც თამაშობდა და გულშემატკივრობდა. ამიტომ, მას კარგად ესმოდა ბურთაობის ფასი და მნიშვნელობა ხალხისთვის. ბერია, როგორც საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელი, მკაცრად აკონტროლებდა საბჭოთა სპორტს. ამავე დროს, ის "დინამოს" საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მფარველი იყო. "დინამო" საბჭოთა კავშირისთვის ათლეტების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრ მიმწოდებლად მოიაზრებოდა. მას უნდა ჰყოლოდა ძლიერი პერიფერიული განშტოებები კიევში, თბილისში, მინსკში და ა.შ., თუმცა არა მოსკოვზე უფრო წარმატებული.

მოსკოვის "დინამო", როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, ყველაზე მძაფრ დაპირისპირებაში იყო მოსკოვის "სპარტაკთან" - გუნდთან, რომელიც არცერთ საბჭოთა ინსტიტუტთან არ იყო ასოცირებული. შესაბამისად, მოსკოვის "დინამოს" მფარველ ბერიასა და "სპარტაკის" სულისჩამდგმელ ძმებ სტაროსტინებს შორის პრინციპული ბრძოლა გაიმართა, რაც 1940-იან წლებში ამ უკანასკნელთა გადასახლებითაც დასრულდა.

ამ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში თავისთავად გაერეოდა ხოლმე თბილისის "დინამოც", განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქართული გუნდი ბერიას გამორჩეულად უყვარდა და ქართველ ფეხბურთელებს ის განსაკუთრებით ემეგობრებოდა.

სლავა მეტრეველი

ქართული ფეხბურთის ისტორიას მტკივნეულ ფაქტად შემორჩა 1953 წლის სეზონი, როდესაც თბილისის "დინამო" ყველაზე ახლოს იყო ჩემპიონობასთან: ქართველებმა სეზონის მიწურულს 2:1 მოუგეს მოსკოვის "ტორპედოს", რითაც მთავარ კონკურენტ "სპარტაკს" 2 ქულით გაუსწრეს და ჩემპიონობის გაოფიციალურებამდე აღარაფერი აკლდათ. თუმცა ზემდგომი ორგანოების ჩარევით, მაყურებელში დატრიალებული არეულობის საბაბით, დაინიშნა გადათამაშება, რომელიც თბილისელებმა 1:4 წააგეს. "სპარტაკმა" თავისი ბოლო მატჩი მოიგო, თბილისის "დინამო" მეორე ადგილზე მოიტოვა და ჩემპიონი გახდა.

როგორც ამბობენ, ეს იყო ერთგვარი შურისძიება ხრუშჩოვისდროინდელი ნომენკლატურისა ბერიას წინააღმდეგ, რომელსაც "სპარტაკის" წინააღმდეგ ბრუტალური მეთოდებით შეეძლო ბრძოლა. 1950-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ისტორიაში დესტალინიზაციის ერა დაიწყო. ხრუშჩოვის მმართველობის მწარე ხელი განსაკუთრებით ბერიას შეეხო, რომლის დახვრეტაც არ იკმარეს და მისი სახელის და კვალის წაშლას ყველგან ცდილობდნენ. თავისთავად, წარმოუდგენელი იყო, რომ 1953 წლის შემოდგომაზე ვინმეს ქართული გუნდისთვის საკავშირო პირველობა დაეთმო. ამგვარად, ქართველ გულშემატკივარს დიდხანს დაამახსოვრდა, როგორ მოპარა ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათ ჩემპიონობა.

ასე გრძელდებოდა 1960-იან წლებამდე, საბჭოთა ეპოქის რამდენიმე დეკადის განმავლობაში: საჭირო იყო ისეთი სფეროების პოვნა და ხელშეწყობა, სადაც თითოეული რესპუბლიკის ხალხი საკუთარ თვითმყოფადობას გამოავლენდა და ამით მათი პოლიტიკური ამბიციები მეტნაკლებად დაბალანსდებოდა, თუმცა დიდ რუს ძმებთან პირველობაში გაჯიბრება ყოველთვის წარმოუდგენლად მიიჩნეოდა.

ქართული ეგზოტიკა საბჭოთა დისციპლინაში

საბჭოთა საქართველოში ფეხბურთი არ იყო ჩრდილოური ექსპორტი. ბურთის გაგორების ხელოვნება აქ ზღვიდან შემოვიდა, ფოთში ჩამომდგარი ბრიტანული სავაჭრო გემებიდან. შესაბამისად, ქართულ იდენტობაშიც ადვილად გაიდგა ფესვები განსხვავებულმა და ეგზოტიკურმა, საკუთრივ ქართულმა სათამაშო მიდგომამ, რომელიც ხალხის ხასიათიდან გამომდინარე, ბევრად უფრო იმპროვიზებული, არტისტული და მოქნილი იყო.

საბჭოთა პერიოდში ამგვარი სტილი განსხვავებულად სანახაობრივი იყო დისციპლინაში გამოყვანილ საბჭოთა საფეხბურთო სტრატეგიებს შორის. ქომაგისთვის ქართველების ლამაზი თამაშის მთავარი სიამოვნება ის იყო, რომ მას შედეგად წარმატებებიც მოჰქონდა დანარჩენ რესპუბლიკებთან ბრძოლაში. და ეს სრულყოფილი კომბინაცია ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ნაციონალური სიამაყის საგანი იყო.

თუმცა, ეროვნულ ვნებათაღელვას კარგა ხანს სდევდა თან ჩემპიონობისკენ დაუსრულებელი და უშედეგო სვლა. 1964 წლამდე თბილისელებმა ოთხჯერ დაიკავეს მეორე ადგილი, ოთხივეჯერ მოსკოვურ გუნდებთან - ორჯერ "სპარტაკთან", თითოჯერ ცდკა-სა და "დინამოსთან" ბრძოლაში. ჩემპიონობამდე მას ყოველთვის რაღაც აკლდებოდა. ზოგჯერ (და, ალბათ, ძალიან ხშირადაც) ეს "რაღაც" კრემლი იყო.

საბჭოთა კავშირის საჩემპიონო გათამაშებაზე არსებობდა არაოფიციალური კვოტირებული სიის მსგავსი, თუ როგორ უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილი რესპუბლიკები სსრკ უმაღლეს ლიგაში. საკავშირო ჩემპიონატზე მოსკოვი წარმოდგენილი იყო ოთხი ძირითადი საფეხბურთო კლუბით: "დინამო", "ტორპედო", ცსკა და "სპარტაკი". პერიოდულად, ამ შემადგენლობაში მოსკოვის "ლოკომოტივიც" ჩნდებოდა. რუსულ მანქანას სწორედ ამ ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო ბორბლით უნდა ემოძრავა მოწინავე პოზიციებზე, სხვათა დახმარების გარეშე. თუმცა საბჭოთა კავშირის მრავალკულტურულობა და მრავალეთნიკურობა რომ თვალსაჩინო ყოფილიყო, უკრაინაც და საქართველოც, უმეტესად, ორგუნდიან არაოფიციალურ კვოტას იღებდნენ ხოლმე. ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო ცენტრი - კიევის "დინამო" და თბილისის "დინამო" და ცენტრის ბალანსისთვის პერიოდულად დონეცკის, ლვოვის და ქუთაისის საფეხბურთო გუნდები. უმაღლეს ლიგაში სხვა ადგილებს მონაცვლეობით ავსებდნენ ხოლმე დანარჩენი რესპუბლიკები.

ილია დათუნაშვილი

"ზემოდან" თბილისური ფეხბურთის დაწინაურებისთვის სხვადასხვა მეთოდით შეიძლებოდა შეეშალათ ხელი. მაგალითისთვის, შეიძლება გავიხსენოთ ზემოთ ხსენებული 1953 წლის გადამწყვეტი თამაშების წინ "დინამოს" მწვრთნელის, მიხეილ იაკუშინის მოულოდნელი მოხსნა და მოსკოვის "დინამოში" გადაყვანა, ფეხბურთელებისთვის მოუხერხებელი კალენდრის გამო არასათანადო პირობების ხელოვნურად შექმნა და ა.შ. დოკუმენტურ მასალებში არსებობს კადრები "დინამოს" მიერ დათოვლილ სტადიონზე გამართული ერთ-ერთი მატჩისა, რომელსაც ეროსი მანჯგალაძე შემდეგნაირად წარმართავს: "ჩვენი აზრით, უხერხულია ასეთ რამეს ფეხბურთის მწვანე მინდორი დაუძახო. თუმცა აქაც სიამოვნებით ითამაშებდა კაცი, ითამაშებდა ჰოკეის. ასეა თუ ისეა, ეს მოულოდნელი სიურპრიზი კარგს არაფერს უქადდა მაღალტექნიკურ ფეხბურთელებს... თოვლმა თვალსაჩინო შეღავათი მისცა ძალისმიერ მეტოქეს".

ამგვარად ვერ გახდა გასაოცარი სილამაზის და შედეგიანობის თბილისის "დინამო" ჩემპიონი მანამ, სანამ ჯერ სტალინის, შემდეგ კი დესტალინიზაციის ერა არ დასრულდა. 1964 წლამდე, როცა ქართველები პირველად გახდნენ ჩემპიონები, კიევის "დინამო" იყო ერთადერთი არარუსული კლუბი, რომელსაც თბილისელების ჩემპიონობამდე 3 წლით ადრე ეს ტიტული ჰქონდა მოპოვებული.

ვართ, ვართ ჩემპიონები!.. 

1964 წლის სეზონის ბოლო მატჩი, რომელშიც თბილისის "დინამო" მოსკოვის "ტორპედოს" უნდა შებრძოლებოდა, ქართველებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. ჩემპიონობასთან ასე ახლოს თბილისელი ფეხბურთელები 1953 წელსაც კი არ ყოფილან. ქართველი გულშემატკივარი ამას გრძნობდა. "ოქროს მატჩამდე" რამდენიმე დღით ადრე, თბილისი-ტაშკენტის რეისები ჩვეულებრივი მგზავრების და ტურისტების ნაცვლად, "ფახთაქორის" სტადიონზე მოსახვედრად და "დინამოს" საქომაგოდ მომზადებული მგზავრებით ივსებოდა. ყველა რაღაც დიდებულს ელოდა. ელოდა იმას, რაც ქართველებს მწვანე მოედანზე ჯერ არ ენახათ - საბოლოო გამარჯვებას.

1964 წლის 18 ნოემბრისთვის, როდესაც მოსკოვურ-თბილისური ფინალი უნდა გამართულიყო, ნიკიტა ხრუშჩოვი დაახლოებით ერთი თვის გადამდგარია თანამდებობიდან "ნებაყოფლობით". ხრუშჩოვის ბრეჟნევით ჩანაცვლება ტურბულენტური შიდაპოლიტიკური პროცესების შედეგად მოხდა. ამიტომ ამბობენ, რომ ამ დროისთვის ფეხბურთისთვის "ზემოთ" არავის ეცალა. ამიტომ დანიშნეს მსაჯად მიკელის რუბენისი, რომლისგანაც მიკერძოებულ მსაჯობას არავინ ელოდა. კიდევ ერთი ვერსიით, პოსტ-ხრუშჩოვის პოლიტიკური ნომენკლატურისგან ეს ჩემპიონობა მკაცრი დესტალინიზაციის პერიოდის ერთგვარი საზღაური იყო.

თუმცა, 1964 წლის თბილისის "დინამოს" თაობა იმდენად გამართულ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობდა, რომ ძნელიც იქნებოდა მათთვის პირველობის წართმევა. სეზონში ის ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც საკუთარ მოედანზე წაგება არ ჰქონდა, თანაც ისე, რომ სხვა კლუბებთან შედარებით, ყველაზე ცოტა, 18 ფეხბურთელი ჰყავდა ნათამაშები. მართალია, ფინალურ გათამაშებამდე ცხრილში "ტორპედო" ლიდერობდა ბურთების უკეთესი სხვაობით, თუმცა "დინამოს" ფეხბურთელებს ჰქონდათ ის, რაც არავის სხვას: თავდაჯერებული და უკომპრომისო ჟინი, ბოლოს და ბოლოს მოეპოვებინათ პირველობა რუსების წინააღმდეგ.


ეს აჩვენა თამაშმაც, რომელიც თბილისელებმა საშიშად მძიმედ დაიწყეს. "ტორპედოს" შემტევები საკმაოდ ხშირად ურტყამდნენ ქართველების კარისკენ და ერთ მომენტში ძელმაც გადაარჩინა ტაიმი წაგებას. თუმცა, "დინამოს" ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალება შეძლეს. ის, რაც ილია დათუნაშვილმა კუთხურის ერთ-ერთ მორიგ ჩაწოდებაზე გააკეთა, დაუვიწყარი კადრია ქართული ფეხბურთისთვის და მსოფლიო ვარსკვლავების საუკეთესო კუთხურების კოლაჟებსაც დაამშვენებდა. მოედნის კიდიდან ერთი შეხებით ჩაეშვა პირველი ბურთი მოსკოველთა კარში. ფრედ დამთავრებული ძირითადი დროის შემდეგ ქართველები მოსკოველებთან დამატებითი ტაიმების სათამაშოდ გავიდნენ. კვლავ დათუნაშვილის და მესხის გოლებით და მეტრეველის პენალტით 120-წუთიან ბრძოლაში თბილისის "დინამომ" 4:1 გაიმარჯვა და ამ შთამბეჭდავი ანგარიშით მოიპოვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება. და ასე გაისმა მთელ საქართველოში მომართული რადიომიმღებებიდან ეროსი მანჯგალაძის ხმა: "ვართ, ვართ ჩემპიონები!"

ნინო სამხარაძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი, (ქართული) ფეხბურთის გულშემატკივარი და მოყვარული, ფეხბურთის არასაფეხბურთო ამბების მკვლევარი.

კომენტარები

ბოლო ამბები