Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი საფრანგეთთან ტესტ-მატჩს გამოეხმაურა და ყურადღება მსაჯობაზე გაამახვილა. შეგახსენებთ, რომ ბორდოში გამართული თამაშის ავსტრალიელმა არბიტრმა დეიმონ მერფიმ მასპინძლები მხოლოდ 7-ჯერ დააჯარიმა, “ბორჯღალოსნები” კი – 18-ჯერ და თანაც 2 ქართველი მორაგბე გაასინბინა.

ლევან მაისაშვილი: “რეალობა ისაა, რომ შეიძლებოდა სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო, ამდენად, კმაყოფილი არ ვარ. თამაში ჩვენთვის ცუდი სცენარით დაიწყო. ერთ ტაიმში ორი ყვითელი ბარათი, მითუმეტეს ასეთი დონის მეტოქესთან, გუნდს ანგრევს. მსაჯების კრიტიკა არ მჩვევია, თუმცა, ჩემი აზრით, ორივე ყვითელი საკამათო სიტუაციაში მოგვცა. ამან აგვრია, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით დაბრუნება და ვთვლი, რომ ორი ძალიან კარგი ლელო დავდეთ.

მთელი რიგი ეპიზოდებით, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, კმაყოფილი ვარ. იყო მომენტები, როდესაც გეგმას მივყვებოდით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ დღესდღეობით, საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ლოგიკურია, რომ თამაში მათი გამარჯვებით დასრულდა. 

შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ ხელების ჩამოშვების საფუძველი არ ქონდათ და ბრძოლაში უნდა დარჩენილიყვნენ, რაც გააკეთეს კიდეც. სამწუხაროდ, ორი ისეთი ლელო გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. ფრანგები მოლში მოგვაწვნენ და ქულები ამ კომპონენტით აიღეს, თუმცა იყო ეპიზოდები, როდესაც მათი შეჩერება მოვახერხეთ. საფრანგეთი ძალიან გამოცდილი, მძიმე გუნდია და ლოგიკურიცაა მოლში მათი კარგი თამაში. ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ და ნელ-ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები შემოდგომის სერიის პირველ ტესტ-მატჩში საფრანგეთთან 15:41 დამარცხდნენ. ხვალ “ბორჯღალოსნებს” აღდგენის დღე აქვთ და მოთამაშეებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ. საქართველოს ნაკრები საფრანგეთში 18 ნოემბრამდე დარჩება, მერე კი ესპანეთში გაფრინდება, სადაც 20 ნოემბერს ფიჯისთან ტესტი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები