Thumbnail
  • საფრანგეთი 41:15 საქართველო
  • ბორჯღალოსნებმა შემოდგომის პირველი ტესტი წააგეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საშემოდგომო სერიის პირველი ტესტ-მატჩი ბორდოში ჩაატარა და აშკარა ფავორიტად მიჩნეულ საფრანგეთთან 15:41  წააგო.

შეგახსენებთ, რომ ეს აღნიშნული გუნდების მე-2 დაპირისპირება იყო, ოღონდ, პირველი - მსოფლიო თასს მიღმა. 2007 წელის “ბორჯღალოსნები” “სამფეროვნებთან” მარსელის ველოდრომზე 7:64 დამარცხდნენ. მაშინ ფრანგებმა საქართველოს 9 ლელო დაუდეს, ხოლო სტუმართა ერთადერთი ლელოს ავტორი ზვიად მაისურაძე იყო.

ამჯერად, საქართველომ მოწინააღმდეგეს უფრო დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, ნაკრებების კლასში სხვაობა ისევ აშკარა იყო. ყველაფერს კი ხელი ავსტრალიელი დეიმონ მერფის მსაჯობამაც შეუწყო, რომელიც შანსს არ უშვებდა ხელიდან “ბორჯღალოსნები” დაეჯარიმებინა (ჯამში 18 ჯარიმა მოგვცა, მეტოქეს კი მხოლოდ - 7). მან პირველ ტაიმში მოლის ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელო ხომ ჩათვალა და თამაშის საწყის 23 წუთში ორი ქართველი მორაგბე – თედო აბჟანდაძე და ბექა საღინაძეც გაასინბინა.

დავით ნინიაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

შედეგად, ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრები გარკვეული პერიოდი 13 კაცის შემადგენლობით თამაშობდა, რაც ცხადია ანგარშზეც აისახა. პირველ ტაიმში, რომელიც 24:3 მორჩა, ლელოები მატიო ჟალიბერმა და დამიონ პენომაც მიითვალეს, მელვინ ჟამინემ კი ორივე გარდასახვა გაიტანა და ერთი ჯარიმაც შეაგდო.  

ქართველ მორაგბეებს ბურთი იშვიათად ჰქონდათ და შეცდომებიც მრავლად დაუშვეს. ამის მიზეზი ის უდიდესი წნეხი იყო, რომელიც მასპინძლებისგან მოდიოდა. “ბორჯღალოსნებს” ფაქტობრივად ერთადერთი გააზრებული იერიში გამოუვიდათ და პირველი ქულებიც მას მოჰყვა. ვინაიდან აბჟანდაძეს ყვითელი ბარათი ჰქონდა. საჯარიმო დავით ნინიაშვილმა შეასრულა და იმ ეპიზოდში ანგარიში 3:3 გახდა, შემდეგ კი, პირველ ტაიმში ქულებს მხოლოდ ფრანგები იღებდნენ.

მე-2 ტაიმი ქართველი მორაგბეების უპირატესობით დაიწყო და ამას ლოგიკური შედეგი მოჰყვა. თუკი პირველ შემთხვევაში ბურთი მეტოქის ჩათვლის მოლოდინში ჩაიხურა, “ბორჯღალოსნების” მორიგ მრავალფაზიანი იერიში ვასილ ლობჟანიძის ლელოთი დასრულდა. მან ბურთის დაქნევით მეტოქე კარგად ჩამოიცილა და ეს, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 24:10 გახდა.

'ბორჯღალოსნები' აკაკი ტაბუცაძის ლელოს აღნიშნავენ

სამწუხაროდ, მსაჯმა თამაშის განახლებისთანავე კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმა, საფრანგეთმა ბურთი აუტში გადაიტანა და მოლის შემდეგ ლელო შეცვლაზე შესულმა პიტო მოვაკამ დადო, გარდასახვა კი ჟამინემ შეასრულა და “სამფეროვნები” ისევ სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ.

“ბორჯღალოსნების” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მრისხანე მეტოქესთან ტოლსწორად თამაში განაგრძეს, რასაც კიდევ ერთი ლელო მოჰყვა, თანაც ქართველებისთვის ნაკლებად ჩვეულ სტილში – ბურთის ხაზზე ჩათამაშებითა და უპირატესობის შექმნით. საბოლოოდ, ფლანგზე იერიში აკაკი ტაბუცაძემ განაგრძო და ვინაიდან აბჟანდაძეს გარდასახვა გაუცუდდა, ანგარიში 31:15 გახდა.

ცხადია, ამან ფრანგი მორაგბეებიც გააბრაზა და მძლავრად შემოგვიტიეს, რაც დარჩენილ დროში მათი 2 ლელოთი დასრულდა. ჯერ ხაზზე ჩათამაშებული ბურთის დამიწება პენომ მოახერხა, მატჩის მიწურულს კი დუბლის შესრულება მაუვაკამ შესძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 41:15. სათქმელია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა მე-2 ტაიმში ღირსეული თამაში აჩვენა და მხოლოდ 12:17 წააგო.

ლევან მაისაშვილის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები შემოდგომის სერიის ეგიდით კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ჩაატარებს. 20 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” ესპანეთის ქალაქ არანხუესში ფიჯის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

საფრანგეთი 41:15 საქართველო

საფრანგეთი: ჟამინე (დონტი, 52), პენო, ფიკუ, ნტამაკი, ლებელი, ჟალიბერი, დიუპონი (ლიუკიუ, 59), ბაი (გროზი, 46), მარშონი (მოვაკა, 40) ატონიო (ბონბა, 46), ვოკი (ფლამონ, 49), ტაოფიფენიუა (ვილემსე, 49) ჟელონში (კროზი, 52), მაკალუ, ოლდრითი.
6ლ: საჯარიმო, ჟალიბერი, პენო (2), მოვაკა (2); 3გ, ჯ: ჟამინე.

საქართველო: ნინიაშვილი, ტაბუცაძე, კვესელაძე (თაფლაძე, 59), შარიქაძე, თოდუა, აბჟანდაძე (ხმალაძე, 65), ლობჟანიძე, (ალანია, 74), გიგაშვილი (გოგიჩაშვილი, 41), მამუკაშვილი (ჭყოიძე, 52), მელიქიძე (ჯაფარიძე, 41), ქერდიყოშვილი, მიქაუტაძე (ჭეიშვილი, 65), საღინაძე, ცუცქირიძე (ჯალაღონია, 65), გორგაძე.
2ლ: ლობჟანიძე, ტაბუცაძე; გ: აბჟანდაძე; ჯ: ნინიაშვილი.

ანგარიშის მიმდინარეობა: 3:0 (9), 3:3 (21), 10:3 (24), 17:3 (33), 24:3 (37) / 24:10 (49), 31:10 (52), 31:15 (64), 36:15 (72), 41:15 (80).

კომენტარები

ბოლო ამბები