Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ისტორიული ტესტ-მატჩისთვის ემზადება, რომელსაც საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს. ''ბორჯღალოსნები'' ფრანგებთან ისტორიაში მეორედ ითამაშებენ, მაგრამ ქართველები ''ლე ბლეს'' მსოფლიოს თასს მიღმა პირველად შეხვდებიან.

მატჩი 14 ნოემბერს, ბორდოში, ''სტად მატმუტიზე'' გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00-საათზე დაიწყება და რეპორტაჟის ხილვა ორ არხზე შეგეძლებათ - იმედი TV და რაგბი TV.

ფრანგებთან მატჩამდე ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...კაპიტნის ვარჯიშზე: "კვირა კარგად გვქონდა გაწერილი დატვირთვებითა და დასვენებით, რაც გავთვალეთ, ამას მივაღწიეთ. გუნდმა ძალები მაქსიმალურად აღიდგინა და მზად არიან მატჩისთვის".

...მეტოქესა და ორი ათი ნომრით თამაშზე: "ფრანგებისთვის ორი ათი ნომრით თამაში სიახლე არაა. ამას გუნდები უკვე დიდი ხანია იყენებენ. ფრანგებმა არგენტინასთან თამაშში კარგი შედეგი დააფიქსირეს და ვფიქრობ, რომ მთავარი სწორედ შედეგი იყო".

...შავი ლომის მორაგბეებზე: "შავი ლომის უპირველესი დანიშნულება სიღრმეების გაზრდაა კონკრეტულ პოზიციებზე. ხშირად პირველი და მეორე ნომრები გვაკლდებიან, რის გამოც პრობლემები იქმნება. გვინდა, რომ როტაციის საშუალებაც გვქონდეს და შავი ლომის ფაქტორი მალე დიდ შედეგს მოიტანს".

მერაბ შარიქაძე (საქართელოს ნაკრები კაპიტანი)

...საფრანგეთის შემადგენლობაზე: "სხვას არაფერს ველოდით. ვიცოდით, რომ ძლიერ შემადგენლობას დააყენებდნენ. რა შემადგენლობაც უნდა იყოს, ყველა ვარიანტში ძლიერი მორაგბეები იქნებიან. გვიხარია, რომ მაგარი მორაგბეების წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს".

...ქართველი ლეგიონერების შესახებ: "იმედი მაქვს, რომ საფრანგეთის ტოპლიგებში სათამაშო პრაქტიკა და მოთამაშეების ცნობა დაგვეხმარება, რომ მოულოდნელი მომენტები არ იყოს შეხვედრაში. მოწინააღმდეგე გუნდში უმეტესობას კარგად ვიცნობთ და ვიცით მათი სათამაშო არსენალი".

ფრანგები მატჩს უძლიერესი შემადგენლობით ხვდებიან და შეეცდებიან, რომ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმონ ნოემბრის ტესტებზე. იმედია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს და რაგბის ქომაგებს თავს ლამაზი თამაშით დაამახსოვრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები