Thumbnail

მაინცდამაინც დემბელე! ჩავი ფრანგს დიდხანს ალბათ ვერ აიტანს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩავი ერნანდესისთვის ბარსელონაში დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია
  • უსმან დემბელემ ვარჯიშზე დააგვიანა და ალბათ დაისჯება

ალბათ გახსოვთ, როგორ აქებდა ჩავი ერნანდესი თავის ახალ შეგირდს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ.

ბარსელონას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, კატალონიური გრანდის ლეგენდამ თქვა, უსმან დემბელეს შეუძლია, თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყოსო. მეტიც: ჩავიმ ისიც თქვა, რომ ფრანგ გარემარბთან კონტრაქტის გაგრძელება კრიზისში მყოფი ბარსასთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო.

მაგრამ აი, როგორც ჩანს, მაინცდამაინც დემბელე გახდა ბარსელონას ის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩავის მიერ ბარსელონაში დადგენილი წესებიდან ერთ-ერთი დაარღვია. ESPN-ის ჟურნალისტ ხორდი ბლანკოს ინფორმაციით, პარასკევს დემბელემ ბარსელონას ვარჯიშზე დააგვიანა.

ფრანგი ფეხბურთელის უდისციპლინობა არავის უკვირს - ეს არც პირველი შემთხვევაა და, დიდი ალბათობით, არც უკანასკნელი. თუმცა ჩავი ასეთ საკითხებს და განსაკუთრებით პუნქტუალურობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კატალონიელთა ახალი მწვრთნელი გუნდური სულისკვეთების ამაღლებაზეც განსაკუთრებით ზრუნავს და ყურადღებას აქცევს მაგალითად იმასაც, რომ “ბლაუგრანას” ფეხბურთელები ერთად სადილობდნენ.

24 წლის უსმან დემბელეს ახლა ისევ ტრავმა აქვს. შეგახსენებთ, რომ ფრანგს, რომელიც 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ბარსელონასთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები