Thumbnail

პრობლემა უფრო სერიოზულია - სერხიო აგუერომ შესაძლოა კარიერა დაასრულოს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას თავდამსხმელს გულზე სერიოზული პრობლემები აქვს
  • ექიმებმა 33 წლის არგენტინელი ფეხბურთელი უკვე გააფრთხილეს

ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა ბარსელონას და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი სერხიო აგუერო აიძულოს, ფეხბურთელის კარიერა დაასრულოს. 

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ 33 წლის ფორვარდს გულთან დაკავშირებით გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს, ვიდრე თავიდან ჩანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებმა არგენტინელი თავდამსხმელი გააფრთხილეს კიდეც, რომ შესაძლოა მოედანზე ვეღარასდროს დაბრუნდეს.

სერხიო აგუერო 30 ოქტომბერს, ალავესთან (1:1) ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრის პირველ ტაიმში შეუძლოდ გახდა და შეცვალეს, რისი მიზეზიც ტაქიკარდია იყო. მაშინ არგენტინელის მოედნიდან გაყვანის მიზეზი უფრო სიფრთხილით იყო გამოწვეული. 

იმ თამაშის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგუერო თავს კარგად გრძნობდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელს სერიოზული გამოკვლევა და მკურნალობა დასჭირდებოდა, რაც სულ ცოტა სამი თვეს გასტანდა.

არგენტინელმა თავი შეუძლოდ მოედანზე იგრძნო

სერხიო აგუერო ბარსელონაში ამ ზაფხულს გადავიდა. მანამდე არგენტინელი ფეხბურთელი მანჩესტერ სიტიში, მადრიდის ატლეტიკოსა და ინდეპენდიენტეში გამოდიოდა. აგუეროს ეროვნულ ნაკრებში 101 მატჩში 42 გოლი აქვს გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები