Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა
  • წინა ხაზში საქართველო მომენტებს კარგად ქმნიდა
  • მთავარი პრობლემა დაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანა იყო

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი გოლი სიმბოლურად აღნიშნა - კრიტიკოსებს თითით გაჩუმებისკენ მოუწოდა.

ეს გოლი და ეს გამარჯვება ხვიჩასაც ძალიან სჭირდებოდა და საქართველოს ნაკრებსაც. საქმე მხოლოდ სატურნირო მდგომარეობაში არ არის. კოსოვოსთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ჩაგდებული თამაშების შემდეგ ეროვნულ გუნდს აუცილებლად სჭირდებოდა ქულები და დადებითი ემოცია იმისთვის, რომ შიგნიდან ემოციურად არ გამტყდარიყო.

უიმედობა, სკეპტიციზმი და ნაკრებისადმი აგდებული დამოკიდებულება ეროვნული გუნდის მთავარი მტერია. სწორედ ამიტომ, შვედეთთან გამარჯვებას პირველ რიგში ემოციური მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა ნაკრები შემდეგ შესარჩეც ციკლსა და ერთა ლიგის გათამაშებას დადებითი განწყობით შეხვდება.

ჩაგდებული ტაიმი

მოგების სიხარულმა ეიფორიული განწყობა განაპირობა. თუმცა, პირველ ტაიმში და თამაშის მეორე ნახევრის დასაწყისში ბევრი რამ იყო ისეთი, რაც გამოსწორებას საჭიროებს. ობიექტურები თუ ვიქნებით, შვედეთს იოლად შეეძლო კვარაცხელიას პირველ გოლამდე ერთიც გაეტანა, ორიც და სამიც. ლორიამ ისაკს ერთი ერთზე აუღო და იბრაჰიმოვიჩს კუთხურიდან, ხოჭოლავამ კარის ხაზიდან გამოიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი კლაესენმა ორიოდე მეტრიდან სანტიმეტრებით ააცილა.

ზოგადად, შვედეთმა პირველ ტაიმში 11-ჯერ (მთლიანად მატჩში 20-ჯერ) დაარტყა საქართველოს კარისკენ და 6-ჯერ კარში. ლორია ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შვედეთთან ჯამში ჩატარებული ოთხი ტაიმის ფონზე ბათუმის შეხვედრის პირველი ტაიმი ყველაზე სუსტი იყო. შვედეთში წაგებულ შეხვედრაში ეროვნული გუნდი ორივე ტაიმში უფრო უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე გუშინდელი თამაშის პირველ 45 წუთში.

პირველ ტაიმში საქართველოს კართან საგანგაშო სიტუაციები ხშირი იყო

თუმცა, კარგი ის იყო, რომ საფეხბურთო ფორტუნამ ეროვნულ გუნდს ვალი დაუბრუნა - ამ შესარჩევში რამდენიმე შეხვედრა იყო, როცა თამაშის ხარისხი ბევრად მეტი და უკეთესი იყო, ვიდრე აღებული ქულების რაოდენობა. ასე იყო საბერძნეთთან და შვედეთთან გასვლაზე და თბილისში ესპანეთთან. ახლა პირიქით მოხდა: სანიოლის გუნდმა ისეთი თამაში მოიგო, რომელიც შეიძლება სხვანაირადაც წასულიყო.

პრობლემები შეტევაში გადასვლის დროს

საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი პრობლემა დაცვიდან შეტევაში გადასვლის დროს ჰქონდა. შვედეთი პოზიციურად კარგად იცავდა თავს და კეტავდა ზონებს, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში. ამის შედეგი ის იყო, რომ საქართველოს შეტევების მხოლოდ 20 პროცენტი წარიმართა მოედნის ცენტრიდან.

ამ სიტუაციაში, მეტოქის პრესინგის დროს, სანიოლის გუნდს დაცვიდან ბურთის მეტოქის ნახევარზე მოკლე პასით გადატანა არ გამოსდიოდა და უმეტეს შემთხვევაში გრძელ პასებს მიმართავდა, რომელიც ზოგადად დაბალპროცენტიანი პასია, ხოლო ტანმაღალ და ათლეტურ შვედებთან ამ ტიპის გადაცემების პროდუქტიულობა საერთოდ მინიმალური იყო. მით უმეტეს მაშინ, როცა შეტევის ხაზში თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობდა, რომელიც გამოკვეთილი ფორვარდი საერთოდ არ არის და მისი აგებულების, გაბარიტების და კომპლექტაციის მქონე მოთამაშისთვის გრძელი პასების მიღება, კორპუსით თამაში და საჰაერო ორთაბრძოლები არ შეიძლება იყოს ყველაზე ძლიერი მხარე.

იბრაჰიმოვიჩს შვედეთის ნაკრებში საუკეთესო შეფასება ჰქონდა (7.2), მაგრამ ხუთმა ქართველმა ფეხბურთელმა ზლატანზე მეტი ქულა დაიმსახურა - მათ შორის, ხოჭოლავამ (8.1)

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ამ თამაშში 60 გრძელი გადაცემა შეასრულა, ხოლო ათლეტურმა შვედეთმა, რომელსაც უყვარს და ეხერხება ჩაწოდებებით და გრძელი პასებით თამაში - მხოლოდ 41. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შვედეთს ბურთი უფრო ხშირად ეჭირა და საქართველოზე მთელი 178 გადაცემით მეტი შეასრულა. ანუ, გრძელი გადაცემების პროცენტი საქართველოსთვის 16 იყო, შვედეთისთვის მხოლოდ - 7. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მეხუთე გადაცემა გრძელი პასი იყო, რაც უმეტეს შემთხვევაში იკარგებოდა. გიორგი ლორიას ზუსტი პასების მაჩვენებელი მხოლოდ 40 პროცენტი იყო - ეს პროცენტიც გრძელი გადაცემებით არის განპირობებული. ლორიას 21 გრძელი პასიდან ადრესატამდე მხოლოდ 6 მივიდა, კაშიას 4 გრძელი გადაცემიდან არცერთი, ხოლო კაკაბაძის 8 შორეული პასიდან - მხოლოდ 4.

ბურთის ფლობის ზონები 

ამას ადასტურებს ბურთის ფლობის ზონა - საქართველო ბურთს იჭერდა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში დაცვის ხაზში, თავისი კარის სიახლოვეს, მეტოქის ნახევარზე კი ბურთიანად რთულად გადადიოდა და თუ გადადიოდა, მარცხენა ფლანგიდან.

შედეგად, ოქრიაშვილს მხოლოდ 14 შესრულებული პასი ჰქონდა, ლობჟანიძეს - 13, წიტაიშვილს კი - 8. ანუ, ბურთი შემტევ ხაზამდე არ მიდიოდა. საქართველოს ნაკრების ნახევარზე შვედეთის პრესინგის შედეგად დაკარგული ბურთები კი სახიფათო შეტევებით სრულდებოდა. ხოჭოლავას მიერ კარის ხაზიდან გამოტანილი ბურთი სწორედ შვედეთის პრესინგს და სახიფათო ზონაში დაკარგულ ბურთს მოჰყვა.

კარგი გოლი, კარგი შეტევა, კარგი ტაიმი

კვარაცხელიას მეორე გოლი უფრო სასიამოვნო სანახავი იყო, თუმცა გუნდის პერსპექტივიდან პირველი გოლი უფრო მომეწონა. ძალიან რთულია, შვედეთს სტანდარტიდან გაუტანო. ეს გოლიც შემთხვევით არ გასულა - დამუშავებულ კომბინაციას მოჰყვა. რბილ გადაცემას პენალტის ნიშნულთან ხოჭოლავა დახვდა და თავით შორეულ ძელთან შერბენილ აზაროვს დაუგდო. სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდა ბურთი კვარაცხელიასთან.

გატანილი გოლის შემდეგ საქართველომ ძალიან კარგად ითამაშა. ზოგადად, მეორე ტაიმი პირველს ბევრად ჯობდა. გატანილი გოლის შემდეგ შვედეთი წინ წავიდა და ზონები გაეხსნა. საქართველო თავისუფალ ზონებში კონტრშეტევებს ახერხებდა და ბურთის წინა ხაზში გადატანაც ნაკლებად უჭირდა. თუკი შვედეთს პირველ 50 წუთში რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს კართან აშკარა საგოლე მომენტი ვეღარც შექმნა. ეროვნული გუნდი მეორე ტაიმში თავს მწყობრად იცავდა.

მეორე ტაიმში და განსაკუთრებით მატჩის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა

ვლადიმირ ვაისის პერიოდში მახსოვს, საქართველოს ნაკრებს დანიასთან და ირლანდიასთან ორი უგოლო ფრე ჰქონდა ისეთი, როცა მეტოქის კარში ჯამში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ისიც სტანდარტიდან. შვედეთთან ასე არ იყო. როცა ბურთი წინა ხაზში გადადიოდა, იგრძნობოდა, რომ საქართველოს შეტევა და მომენტის შექმნა ნებისმიერ ეპიზოდში შეუძლია. ანუ, პრობლემა ბურთის წინა ხაზამდე მიტანა იყო. თამაშის 40 პროცენტი მოედნის საქართველოს მესამედზე წარიმართა, შვედეთის მესამედზე ბურთი მხოლოდ თამაშის 16 პროცენტი იყო. ამის მიუხედავად, ეროვნულმა გუნდმა 9-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ და ხუთჯერ კარში, ორი გოლი შეაგდო და სხვა მომენტებიც ჰქონდა. მაგალითად, პირველ ტაიმში აზაროვი-კვარაცხელიას ძალიან კარგად გათამაშებული კომბინაცია მარჯვნიდან ლობჟანიძემ დაკეტა და სანტიმეტრებით ააცილა. მოკლედ: როცა საქართველო მეტოქის კარის სიახლოვეს ხვდებოდა, სახიფათოდ უტევდა. ეპიზოდებიდან მაქსიმუმი მოჰქონდა. ამ გუნდს შეტევაში აშკარად აქვს პოტენციალი.

მთავარი გმირები

შვედეთი მთელი თამაში უტევდა და საქართველოს დაცვა დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა - მით უმეტეს, მასიური და ათლეტური მეტოქის წინააღმდეგ. კარგი იყო დავით ხოჭოლავა, რომელმაც მეტოქის 4 დარტყმა დაბლოკა. გამორჩეულად კარგი იყო გურამ კაშია, რომელიც მთელ დაცვას ხელმძღვანელობდა, 9-ჯერ გამოიტანა ბურთი, 3 ჩაჭრა გააკეთა და ყველაზე ხშირად სწორედ ის იწყებდა შეტევებს. მის ანგარიშზე თავის გუნდში ყველაზე მეტი, 50 გადაცემა იყო.

სასიამოვნოდ გამაკვირვა ირაკლი აზაროვმა. ბათუმის დინამოს მარცხენა მცველი ძალიან აქტიური იყო შეტევაში და თამამად მიდიოდა წინ. ის, ფაქტობრივად, ნახევარმცველის ზონაში იყო განლაგებული და იმ თამაშშიც კი, როცა მის გუნდს უმეტესად დაცვაში დგომა უწევდა, არ ერიდებოდა შეტევაში ჩართვას.

აზაროვის და კვარაცხელიას ფაქტორით, ნაკრებმა შეტევების 48 პროცენტი მარცხენა ფლანგიდან წარმართა

მის აქტიურობას ადასტურება პასების რაოდენობაც. ჩვეულებრივ, ამ კომპონენტში ცენტრალური მცველები და ნახევარმცველები ლიდერობენ ხოლმე. ფლანგის მცველი აზაროვი გამონაკლისი აღმოჩნდა და 42 შესრულებული გადაცემით თავის გუნდში საუკეთესო იყო კაშიას და გვილიას შემდეგ. სწორედ აზაროვის და კვარაცხელიას ფაქტორმა განაპირობა, რომ საქართველოს ნაკრებმა თავისი შეტევების 48 პროცენტი, ანუ თითქმის ნახევარი, სწორედ მარცხენა ფლანგიდან წარმართა (ცენტრიდან მხოლოდ - 20 პროცენტი, მარჯვნიდან - 32). აზაროვის და ხვიჩას მარცხენა ფლანგი საქართველოს მთავარი შემტევი იარაღი იყო.

ამასვე ადასტურებს პროგრამა, რომელიც მოთამაშეების სათამაშო ზონებს ითვლის - აზაროვი (ნომერი 15) ბევრად წინ დგას, ვიდრე დანარჩენი დაცვის ხაზი და ორი ცენტრალური ნახევარმცველი.

მოთამაშეების საშუალო პოზიციები - ვინ რა პოზიციაზე გაატარა უფრო მეტი დრო

მატჩის და ალბათ მთლიანად ამ შესარჩევის მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელიაა. მან ამ შესარჩევში უკვე მეოთხედ გაიტანა და ესპანეთის შემდეგ, ძალიან ძლიერი შვედეთის დაცვის წინააღმდეგაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ორი გოლის გარდა მის ანგარიშზე სოლორეიდი და შორიდან ძალიან კარგად შესრულებული დარტყმაა. რთული მონაკვეთის შემდეგ, მისთვის ეს გოლები ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ: გიორგი ქინქლაძის შემდეგ ამ ქვეყანას კვარაცხელიასნაირი ტალანტი არ ჰყოლია. ეს თამაშიც კარგ დაცვასთან და მონდომებასთან ერთად წინა ხაზში კვარაცხელიას ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა. ორი განსხვავებული გოლი შეაგდო - ჯერ თავდამსხმელის ალღო გამოავლინა, შემდეგ კი - ინდივიდუალური ოსტატობა.

შვედეთთან გატანილი გოლები ხვიჩა კვარაცხელიასთვის ძალიან მნიშვნელოვანია

სოსიედადის ალექსანდერ ისაკი ევროპული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. ესპანეთში გოლები სტაბილურად გააქვს. როცა ისაკი ლორიასთან პირისპირ აღმოჩნდა, ვერ შეასრულა, უფრო რთულ სიტუაციაში კი კვარაცხელიამ მეტოქის მეკარეს შანსი არ მისცა. ეს ისე, შედარებისთვის. ან მაგალითად, ორი მატჩის განმავლობაში ვერაფრით დავინახე, რატომ არის იუვენტუსის დეიან კულუშევსკი ხვიჩაზე უკეთესი ფეხბურთელი. თუკი ამ გუნდს იმედით ვუყურებთ, ეს დიდწილად კვარაცხელიას დამსახურებაა.

დასკვნა

საქართველომ არაერთგვაროვანი შესარჩევი ჩაატარა. პირველ სამ თამაშში (შვედეთში 0:1, ესპანეთთან 1:2, საბერძნეთში 1:1) თამაშის ხარისხი მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი იყო, თუმცა ეროვნული გუნდი მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა, მაშინ, როცა ცოტა იღბალის შემთხვევაში, იოლად შეიძლებოდა, 4-5 ქულა ჰქონოდა. ამას შემოდგომაზე სამი კატასტროფული მარცხი მოჰყვა (კოსოვოსთან 0:1, ესპანეთში 0:4, საბერძნეთთან 0:2). დასკვნითი ორი შეხვედრა კი საქართველომ მოიგო იმის მიუხედავად, რომ თამაშის ხარისხი იდეალური არ ყოფილა და ორივე მატჩში შეიძლება მოვლენები სხვაგვარადაც წასულიყო. შვედეთთან გამარჯვებას კი დიდი ემოციური მნიშვნელობა ექნება შემდეგი ციკლისთვის. ეს გამარჯვება იმედს ნიშნავს.

8 სეივი შვედეთთან - გიორგი ლორიამ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა

ერთსაც ვიტყვი: ზედმეტად დიდი იყო სხვაობა იმ თამაშებში, როცა ნაკრებს გულშემატკივარი ესწრებოდა და როცა ეროვნული გუნდი უმაყურებლოდ თამაშობდა. მაყურებელთან ერთად ესპანეთთან და შვედეთთან ერთი გუნდი ვნახეთ, ხოლო უმაყურებლოდ, კოსოვოსთან და საბერძნეთთან - მეორე. ისევ დავუბრუნდები მრავალგზის გავლილ თემას: ჩრდილოეთ მაკედონიასთან, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში გულშემატკივარი სტადიონზე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, სხვა თამაში და შედეგი იქნებოდა. ეს ამბავი იმ ხალხს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, გულშემატკივარმა ხშირად უნდა შევახსენოთ. ერთი ცნობილი გამოთქმის არ იყოს - ეს დანაშაული არ ყოფილა, ეს შეცდომა იყო, რომელიც დანაშაულზე მეტია.

კომენტარები

ბოლო ამბები