Thumbnail
  •  14 ნოემბერი | ⌚ 17:00 | 🏉 საფრანგეთი V საქართველო | 📺 რაგბი TV
  • 'საწყის წუთებში არ უნდა დაგვჩაგრონ, თავიდანვე აგრესიულები უნდა ვიყოთ'

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა ბექა გორგაძემ, რომელიც სხვა ბორჯღალოსნებთან ერთად ბორდოში იმყოფება, მოახლოებული ტესტ-მატჩების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები 14 ნოემბერს საფრანგეთს ეთამაშებიან, 20-ში კი ფიჯისთან შეხვედრაა დანიშნული. გორგაძის კომენტარს საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

“საფრანგეთთან ისტორიულ თამაშს ყველა მოუთმენლად ველით. მათი ნაკრების ეს თაობა თანამედროვე რაგბიში ბრწყინავს და ეს ზაფხულში ავსტრალიაშიც დაამტკიცეს, როდესაც “ვოლაბებთან” ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მათი თამაშის ხარისხით და შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, 2023 წლის მსოფლიო თასზე, რომელიც საფრანგეთში ტარდება, მასპინძლები ერთ-ერთი ფავორიტები არიან. კონტრშეტევაზე და არეულ თამაშში ყველა მათგანი საფრთხეს წარმოადგენს და დიდი გამოცდა გველის. მეორეს მხრივ, ესაა თაობა, რომლის წინააღმდეგაც 20-წლამდელთა ნაკრებში არაერთხელ გვითამაშია.

გარდა ამისა, ეს ბიჭები TOP 14-ში ჩვენი თანაგუნდელები არიან და მათ თამაშის საკუთარი ხუთი თითივით ვიცით. ეს ჩვენთვის ერთგვარი სტიმულია, რადგან ვიცით, რომ ბევრ რამეში შეგვიძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. მნიშვნელოვანი იქნება საწყისი წუთები და პირველი კონტაქტები. ფრანგებმა საწყის წუთებში თუ დაგჩაგრეს, მერე თამაშის მსვლელობა სრულად იცვლება, ამიტომ საწყისი სასტვენიდანვე აგრესიულები უნდა ვიყოთ. პირადად ჩემთვის ეს ნაცნობი ქალაქი (ბექა ბორდოში 3 წელი თამაშობდა - რედ.) და გარემოა, რაც სტიმულს კიდევ უფრო მმატებს. მოედანზე საბრძოლველად გავდივართ და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივრებმა და ჩვენმა ოჯახებმა იამაყონ“.

ბექა გორგაძე 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან მატჩში

საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნები ესპანეთში გადაინაცვლებენ, სადაც 20 ნოემბერს არანხუესში ფიჯის შეხვდებიან. კუნძულელებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე გვაჯობეს და დიდი ალბათობით, მათ 2023 წლის მსოფლიო თასზეც შევხვდებით.

“2019 წლიდან მოყოლებული, ფიჯისთან დაპირისპირება ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. სამწუხაროდ, ვერც იაპონიაში და ვერც შარშანდელ “შემოდგომის ერთა თასზე“ შევძელით მათი დამარცხება. ვიყოთ რეალისტები და ასეთი კომპლექტაციის ფიჯისთან მოგება იოლი არ იყო, ახლა კი ამის შანსი კიდევ ერთხელ მოგვეცემა. ცოტა შორსაც თუ გავიხედავთ, მომავალ მსოფლიო თასზეც, დიდი ალბათობით, ფიჯისთან მოგვიწევს შეხვედრა და ეს თამაში ამ მხრივაც მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე საფრანგეთისთვის ვემზადებით, მერე კი ფიჯის მატჩების ვიდეო-ანალიზს დიდ დროს დავუთმობთ”.

შეგახსენებთ, რომ ბექა გორგაძე ბორჯღალოსნებს ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. 25 წლის მორაგბის ანგარიშზე 31 კეპი და 7 ლელოა, ნაკრების მაისურით კი მან ბოლოს შარშან ნოემბერში “შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა და ჯვარედინი მყესებიც მაშინ დაიზიანა. გორგაძეს ოპერაცია შარშან 9 დეკემბერს ჩაუტარდა, მოედანს უკვე პოს მოთამაშის რანგში დაუბრუნდა და ამ დროისთვის, 7 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები